"რუსულ ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა და ქართველ იუნკრებს მტერთან ბრძოლის გასაგრძელებლად გაუხსნა გზა" - კვირის პალიტრა

"რუსულ ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა და ქართველ იუნკრებს მტერთან ბრძოლის გასაგრძელებლად გაუხსნა გზა"

"ერთხანს დადუმებულა უბედური მამა, მაგრამ მაინც შეუკავებია ცრემლი. ამჯერად წმინდა მოწამე შალვა ქსნის ერისთავისთვის მიუმართავს: შენსავით სამშობლოსთვის დაჭრილ-დაჩეხილ შვილის სხეულს გაბარებ და ქსნის ხეობის სალოცავებს შეწევნას შევთხოვო"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ გმირ იუნკერზე წავიკითხე, მისი მოგვარე - ჩემი "ფეისბუკმეგობარი" სიამაყითა და დანანებით წერდა, - შეიძლებოდა ისე გავზრდილიყავით, რომ ამ ახალგაზრდის გმირობაზე არაფერი გვცოდნოდაო? გასაკვირი არც არის, საბჭოთა ეპოქაში მის სახელსა და გვარს ხმამაღლა რომ არავინ წარმოთქვამდა, თუმცა, სამწუხაროდ, თავისუფალი ეპოქის საქართველოშიც ძალიან ცოტამ თუ იცის მის შესახებ... არადა, რას წარმოვიდგენდი, რომ ვერის პარკის გავლით ეკლესიაში წირვაზე მიმავალს, მისი საფლავის შორიახლოს რომ მიწევს ხოლმე ჩავლა...

შალვა ერისთავი

ვინ იყო ეს ახალგაზრდა კაცი - 23 წლის შალვა ერისთავი, ზუსტად 96 წლის წინ, 24 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების წინა დღეს, რუსი ბოლშევიკის მოკაკანე ტყვიამფრქვევს სხეულით როგორ გადაეფარა და ასეთი თავგანწირვით ქართველ იუნკრებს მტრის მე-11 არმიასთან ბრძოლის გასაგრძელებლად გაუხსნა გზა. მის ამბებსა და შესაბამის ფოტომასალას საქართველოს ეროვნულ არქივში, ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებსა თუ ხელოვნების სასახლის ფონდებში დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა, თურმე, მთაწმინდის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ბადრი გოგუაძე, ვისაც სწორედ იმ "ფეისბუკინფორმაციის" შემდეგ შევხვდი, იქვე გავეცანი მის მხატვრულ-დოკუმენტურ პროზად ქცეულ წიგნს და ვთხოვე, შალვა ერისთავსა და მის ოჯახზე "კვირის პალიტრის" მკითხველისთვისაც ეამბნა:

- შალვა ერისთავი წმინდანებად შერაცხილი ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი და დიდი შალვას სეხნია იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მამულის სიყვარულის გრძნობა მას გენეტიკურად გააჩნდა. ქსნის ერისთავთა რეზიდენცია - ახალგორის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ნამდვილი სასახლე იყო, სადაც მომავალი გმირის მშობლები - იმდროინდელი ქართული ბომონდის წარმომადგენლები, ტასო ციციშვილი და ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი ცხოვრობდნენ. ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, სოფრომ მგალობლიშვილი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, კეთილშობილი აფხაზი თავადი სიმონ აშხვაცავა, მომავალში შალვას და რომ შეირთო ცოლად...

ნიკოლოზი, ქართული მწერლობისა და თეატრის მოყვარული და უბადლო მცოდნე ყოფილა, ქართული თეატრის მოამაგე და მეცენატიც. თეატრალურ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა და წარმოდგენებს არა მხოლოდ თეატრებში, ახალგორის ერისთავთა სასახლეშიც მართავდა.

ქსნის ერისთავების სასახლე ახალგორში

აქაური მოლხენა და ქეიფი შესაშური დახვეწილობით გამოირჩეოდა და რომ იტყვიან, ნამდვილი სუფრის აკადემია იყო. ექსკლუზიურ ინფორმაციასაც მოგაწვდით, რაც ჩემს წიგნში არ შემიტანია: ნიკოლოზ ერისთავს გადასაღები აპარატურა შეუძენია და 1910 წელს თავად გადაუღია ფილმი "ალევის ოქროს კარებიანი სამების დღესასწაული", რომელიც წინ უსწრებს ქართული კინემატოგრაფიის უძველეს ნამუშევრად წოდებულ ფილმს "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". სავარაუდოდ, სწორედ ნიკოლოზ ერისთავის მიერ გადაღებული ფილმი უნდა იყოს ქართული კინემატოგრაფიის უძველესი ნიმუში. ამ ფაქტს ადასტურებს უძველესი ჟურნალის - "ჯეჯილის" რედაქტორი და ეროვნულ არქივში დაცული ოფიციალური წერილიც. კოლა ერისთავის ფილმი ჯერ მის სახლში ინახებოდა, შემდეგ - ეროვნულ არქივში, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მისმა ქალიშვილმა, შალვა ერისთავის დამ - თამარმა იგი არქივში მოიკითხა, ვერსად მიაკვლიეს...

შალვა დებთან - თამართან და ნინოსთან ერთად

აი, ასეთ ოჯახში ყალიბდებოდა შალვა ერისთავის პატრიოტული სული, ოჯახში, რომლის მეგობარი და ნათელმირონი თვით დიდი ილია ჭავჭავაძე იყო. მან მონათლა ნიკოლოზისა და ტასოს პირველი ვაჟი - გიგუშა, რომელიც, სამწუხაროდ, რვა წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერისთავებს მის გარდა კიდევ ორი გოგონა შეეძინათ, შალვა კი ნანატრი ვაჟი იყო, ნაბოლარა. მისი დაბადებით მოზეიმე ბედნიერმა ოჯახმა და საახლობლომ ქსნის ერისთავთა საძვალე - იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცეს, ნიკოლოზმა ღირსეული წინაპრების, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და მათთან ერთად წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის წმინდა ნაწილთა განსასვენებელს პატივი მიაგო და სტუმრებს ამცნო: ღირსეული წინაპრის, შალვას სახელს ვარქმევ ჩემს ვაჟიშვილს და მზად ვარ, საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული დამცველი აღვუზარდოო.

არც შალვა ერისთავისა და ვაჟა-ფშაველას ძმის, თედო რაზიკაშვილის შვილის, პავლეს მეგობრობა ყოფილა შემთხვევითი. შალვა და პავლე ერთმანეთს ქართული ეროვნული სპორტის აღორძინების გარიჟრაჟზე შეხვდნენ. ისინი ნიკოლაძეების "შევარდენის" რჩეული სპორტსმენები იყვნენ და ქართული ფეხბურთის სათავეებიდან ერთად მოდიოდნენ.

ნიჭიერმა ფეხბურთელებმა დამოუკიდებელი საქართველოს (თბილისის) პირველი ჩემპიონობაც ერთად იზეიმეს და როცა სამშობლოს გაუჭირდა, დაუფიქრებლად მიაშურეს

ბრძოლის ველს.

ვერის პირველი საფეხბურთო ჯგუფი. მარცხნიდან მეორე შალვა ერისთავი, მეხუთე - პავლე რაზიკაშვილი

დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელი და, ამავე დროს, გმირი შალვა ერისთავი ჩინეთში ან ინდოეთში რომ დაბადებულიყო, სადაც ლამის ნახევარი მსოფლიო ცხოვრობს და სადაც ფეხბურთი დღემდე არ არის პრიორიტეტული, იქაც კი დიდების შარავანდედით შემოსავდნენ. ჩვენ კი რა გვემართება?! როცა ასეთი სახელოვანი ფეხბურთელისა და ეროვნული გმირის (თუმცა ჯერ არც გმირის წოდება მიგვინიჭებია!) საფლავი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა "მექაში" - დღევანდელი ვერის ბაღის ცენტრშია, იშვიათად თუ გაუჩნდება ვინმეს სურვილი, მის ხსოვნას პატივი მიაგოს...

ახალგაზრდა ფეხბურთელები შალვა ერისთავის საფლავზე

- მის გმირობაზე კონკრეტულად რა არის ცნობილი?

- მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ სამხედრო სკოლის კურსანტთა ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება რომ გასცა, დისციპლინირებული, გაწვრთნილი იუნკრები 17 თებერვალს შეუდგნენ საბრძოლო დავალებათა შესრულებას. ეს იყო კოჯორ-ტაბახმელას რვადღიანი ომის გმირული ეპოპეა. ეს ამბები არქვივებშია დაცული.

24 თებერვალი იდგა. ოფიცრების - შავდიას, ხოშტარიასა და ჩიჩუას ბრძანებებს ბიჭები უსიტყვოდ ასრულებდნენ. გოგი მესხიშვილის მეზარბაზნეებს რუსებმა ალყა შემოარტყეს. რამდენიმე განწირული ჯარისკაცი ბოლომდე ხმალდახმალ იცავდა თავს მტრის ასეულისგან. იქვე, ტაბახმელას ბაღებში ჩასაფრებულმა იუნკრებმა თანამემამულეები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. ხელჩართულ ბრძოლას ხიშტი და ხმალი ცვლიდა... შეუძლებელი შეიქნა ვინმეს გამორჩევა, ცალკეული გმირობის დაფიქსირება, რადგან ეს იყო "მასობრივი გულადობის" დიდებული მაგალითი.

ტაბახმელას გორაკები მომხდურთა გვამებით აივსო. ბოლშევიკებმა ძალა მაინც მოიკრიბეს და უკანდახევისას მოწესრიგება და მწყობრში ჩადგომა მოახერხეს. მოულოდნელად მარჯვნივ და მარცხნივ მიზანმიმართულად გაიფანტნენ და ღია ველზე შეტევაზე გადასულ იუნკრებს ტყვიამფრქვევი დაუშინეს. ტაქტიკამ გაამართლა. ქართველების შეტევას საშიშროება დაემუქრა. კრიტიკულ ვითარებაში ერთადერთი გზა რჩებოდა - რადაც უნდა დასჯდომოდათ, რუსული ტყვიამფრქვევი უნდა დაედუმებინათ.

ასიოდე ნაბიჯით დაშორებული საცეცხლე წერტი წინსვლას აბრკოლებდა და რუსებს მობილიზების საშუალებას აძლევდა. მონოტონურად, გულის გამაწვრილებლად კაკანებდა, თურმე, რუსული "მაქსიმის" ტყვიამფრქვევი და იუნკრებს სანგრებიდან თავის ამოწევის საშუალებას არ აძლევდა. მესამე მწყობრი, რომელშიც შალვა იბრძოდა კაპიტან ჩიჩუას მეთაურობით, ტყვიამფრქვევისკენ დაიძრა. შეტევისთანავე ულმობელმა სიკვდილის მანქანამ რამდენიმე იუნკერი მოცელა, დაიჭრა მეთაურიც, რომელსაც პოზიცია მაინც არ დაუტოვებია.

მოულოდნელად ჩაჩუმდა წითლების "მაქსიმი". ეტყობა, ლულა გაუცხელდა ან გადატენას აპირებდნენ მეტყვიამფრქვევეები...

ისარგებლა ტყვიამფრქვევის წამიერი დადუმებით და თითქოს სტადიონზე მოწინააღმდეგეს ატყუებსო, სწრაფი ზიგზაგური მოძრაობით და თოფის სროლით თავს დააცხრა წითელ კურსანტ ოფიცერს. კურსანტი მიწათხრილს დააკვდა. მეტყვიაფრქვევემ იარაღი გადატენა და ააკაკანა. შალვას ტყვია გამოელია და ხიშტით მისწვდა მას, მძიმედ დაჭრილი წითელარმიელი კანტი-კუნტად, სულთმობრძავი სროლას მაინც განაგრძობდა. დაიჭრა შალვაც... გონი არ დაუკარგავს, სიმწრის ოფლმა დაასხა, თუმცა ბოლო ძალა მოიკრიბა და საკუთარი სხეულით დაადუმა ტყვიამფრქვევი.

იუნკრებმა სანგარი "ვაშას" ძახილით აიღეს და მომაკვდავი ჭაბუკის ბოლო სიტყვების მოწმენიც გახდნენ: მის დასახმარებლად მოსული სანიტრები ვერ იცნო და მხედრულად წარმოთქვა: დადექ! ვინა ხარო? იქვე ეგდო დაჩეხილი რუსი მეტყვიამფრქვევის ჯერ კიდევ თბილი სხეული. გმირობის მოწმე დადუმებული ტყვიამფრქვევი, როგორც განსაკუთრებული საბრძოლო ნადავლი, კაპიტანმა ჩიჩუამ თავად მიართვა იუნკერთა მეთაურს, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძეს. ამ უკანასკნელს მოგვიანებით დაუწერია: იუნკრების რაინდობისა და სიდიადის სამარადისო სიმბოლოდ დარჩება რუსულ ტყვიამფრქვევზე გადამხობილი, განგმირული შალვა ერისთავის სახებაო.

როგორც ჩანს, გული ცუდს უგრძნობდა კოლა ერისთავს. გამართლდა კიდეც...

ქსნის ხეობელი ვაჟკაცის გაუგონარ თავგანწირვაზე ალაპარაკდა საქართველო. ვაი-ვიშისთვის აღარავის ეცალა. ღამით, საიდუმლოდ, სახელდახელო ტომრით გამოაპარეს დაღუპულის ნეშტი და, ასევე, საიდუმლოდ დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე. შალვა ერისთავის სახებად გამიზნული, ლითონის ჩარჩოში ჩასმული მისი ფოტოსურათი გასაგები მიზეზების გამო საფლავზე ვერ მიიტანეს. იგი დღესაც მისი შთამომავლის, თამარ აშხვაცავას ოჯახში წმინდა რელიკვიად ინახება. ჩუმად, ღირსეულად დაუტირიათ უმცროსი ძმა დებს - ნინოსა და თამარს. ძლივს წამოუყენებიათ საფლავზე დამხობილი მისი სატრფო ანა.

გაჭირვებია შვილის საფლავთან განშორება კოლა ერისთავს. ძალა მოუკრიბია და ზეცისკენ ხელებაპყრობილს ლოცვად წარმოუთქვამს: შენ გებარებოდეს, უფალო, ჩემი ერთადერთი ვაჟის, შალვას ნათელი სულიო. მერე ერთხანს დადუმებულა უბედური მამა, მაგრამ მაინც შეუკავებია ცრემლი. ამჯერად წმინდა მოწამე შალვა ქსნის ერისთავისთვის მიუმართავს: შენსავით სამშობლოსთვის დაჭრილ-დაჩეხილ შვილის სხეულს გაბარებ და ქსნის ხეობის სალოცავებს შეწევნას შევთხოვო.

(სტატიის მთავარ ფოტოზე: ნიკოლოზ ერისთავი და მისი შვილები - შალვა, თამარი და ნინო)

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)