შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი - კვირის პალიტრა

შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი

ფოტოგალერეა

1946 წლის ზაფხულში ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მძლეოსანთა ევროპულ ჩემპიონატს მასპინძლობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის საუკეთესო ათლეტები პირველად შეიკრიბნენ და რეკორდებით ცნობილი "ბიშლეტის" სტადიონიც სავსე იყო გულშემატკივრებით. ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ისიც ამწვავებდა, რომ ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდნენ საბჭოთა სპორტსმენები, რომლებიც უკვე მსოფლიოს სტანდარტების შედეგებს აჩვენებდნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე სპორტის დამსახურებული ოსტატი, ნინო დუმბაძე, რომელმაც თავისი ბადრო ყველაზე შორს - 44,52 მ-ზე ტყორცნა და ქართველთაგან პირველმა მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული. რამდენიმე დღეში მასპინძლებმა საერთაშორისო ასპარეზობა პროვინციულ ქალაქ სარსბორგშიც მოაწყვეს. ნინო დუმბაძემ იქაც ყველა გააოცა. ამჯერად მან ბადრო 50,50 მ-ზე გაისროლა და მსოფლიოში პირველმა გადააჭარბა 50-მეტრიან ზღვარს. რაც მთავარია ეს შედეგი ბევრად აღემატებოდა ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი გიზელა მაუერმაიერის მსოფლიოს რეკორდს, მაგრამ იმხანად საბჭოთა მძლეოსნები ჯერ კიდევ არ იყვნენ საერთაშორისო ფედერაციების წევრები და ქართველი სპორტსმენის რეკორდიც მხოლოდ პირად მიღწევად ჩაითვალა.

ნინო დუმბაძე ჯერ კიდევ ოდესაში ცხოვრობდა, სარეკორდო შედეგებზე რომ დაიწყო ფიქრი. ჩინებული სპორტული მონაცემები ჰქონდა. ფრენბურთსაც კარგად თამაშობდა და კალათბურთსაც. წარმატებით გამოდიოდა მოცურავეთა, ნიჩბოსანთა და ველომრბოლელთა შეჯიბრებებში. თუმცა ყველაზე მეტად ადგილიდან სიმაღლეზე და სამმაგი ხტომები მოსწონდა. ამ სახეობებში გოგონათა შორის საკავშირო რეკორდსმენიც იყო, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და ექიმებმა ხტომები აუკრძალეს. ტრავმა რომ მოიშუშა, ბადროს ტყორცნა სცადა. თავიდან საკმაოდ მოკრძალებული შედეგები ჰქონდა, მაგრამ სპეციალურ ლიტერატურას ჩაუჯდა, წამყვანი მძლეოსნების ვარჯიშის მეთოდიკაც შეისწავლა, თუმცა მათ ბრმად გადაღებას არ აპირებდა. ცდილობდა საკუთარი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, ტყორცნის ოპტიმალური ვარიანტი ეპოვა და იმ ვარიანტს მიაგნო კიდეც.

საბოლოოდ დუმბაძემ ყველასგან განსხვავებული სტილი ჩამოაყალიბა. სატყორცნი სექტორისკენ ზურგშექცევით დგებოდა და სწრაფი ბრუნითა და ხელის ტალღისებური მოძრაობით, შორს ტყორცნიდა ბადროს. ამ მეთოდით 1937 წლის გაზაფხულზე, პირველივე შეჯიბრებაზე სოლიდური შედეგი აჩვენა და ჯერ უკრაინის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო შემდეგ მოსკოვში საბჭოთა კავშირის რეკორდიც დაამყარა – 42,13 მ. მოგვიანებით, სეზონის ბოლოს მისი ბადრო უკვე 45,78 მ-ზე გაფრინდა, რაც მსოფლიოში მესამე შედეგი იყო. ამის მიუხედავად, ტყორცნის მისეული მანერა ბევრ სპეციალისტს მაინც არ მოსწონდა და ურჩევდნენ კლასიკურ სტილს დაჰბრუნებოდა. მაგრამ მათ არგუმენტებს თავად დუმბაძის შედეგები აბათილებდა. ერთ სეზონში ქართველმა მძლეოსანმა საკუთარი მიღწევები 17 მეტრით გააუმჯობესა და საბჭოთა კავშირის სამი რეკორდიც დაამყარა. იმასაც გრძნობდა, რომ მალე მსოფლიოს რეკორდსაც შეწვდებოდა.

ბედის ირონიით სწორედ მაშინ დუმბაძეების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, დააპატიმრეს ოჯახის უფროსი, იაკობ დუმბაძე, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა. ცოლიც იქ მოიყვანა, შვედი ბარონესა, მატილდა იკსკიული. 1937 წელს სწორედ ეს გერმანული განათლება არ აპატიეს მას და მთელი 15 წლით შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში გადაასახლეს. თავად ნინო კი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას განკარგულებით მალე ოდესიდან თბილისში გადმოიყვანეს საცხოვრებლად. ოჯახურმა ტრაგედიამ, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა 18 წლის სპორტსმენის შედეგებზე. კარგა ხანს თავისი შედეგების გამეორებასაც ვერ ახერხებდა, საკავშირო შეჯიბრებებში კი პრიზიორებშიც ვერ ხვდებოდა. თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად, ცნობილ სპეციალისტთან, საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ, ბორის დიაჩკოვთან გააგრძელა ვარჯიში. მოგვიანებით იგი მისი მეუღლეც გახდა. დუმბაძე ისევ ტყორცნის თავისებური სტილის დასახვეწად აგრძელებდა წვრთნას და მის სრულყოფაზე მუშაობდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ვიდრე ჩვეული სპორტული ფორმა აღიდგინა და 1938 წლის ბოლოს ბაქოში გამართულ შეჯიბრებებში ახალი საკავშირო რეკორდიც დაამყარა – 47,33 მ.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც ნინო დუმბაძემ ტრავმის გამო სპეციალობა შეიცვალა და ბადროს ტყორცნა დაიწყო, მაგრამ მალე ქართველი ათლეტი თანდათან მჭიდროდ მიუახლოვდა მსოფლიოს რეკორდს და 1939 წელს ზედიზედ ორჯერ გააუმჯობესა კიდეც გერმანელი გიზელა მაუერმაიერის მიღწევა. სექტემბერში, ჯერ მოსკოვში გამართულ დიდ სპორტულ ზეიმზე მან ბადრო 49,11 მ-ზე ტყორცნა, ერთი თვის შემდეგ კი თბილისში მისი ბადრო კიდევ უფრო შორს გაფრინდა და 49,54 მ-ის ნიშნულზე დაეცა. ესეც მსოფლიოს რეკორდი იყო, თუმცა ეს შედეგები ოფიციალურ მსოფლიოს რეკორდებად კვლავაც არ ითვლებოდა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ოფიციალურად მაუერმაიერის მიღწევას აღიარებდა, რომელიც ლამის ორი მეტრით ჩამორჩებოდა დუმბაძის რეკორდს. თბილისური რეკორდის შემდეგ ნინო დუმბაძის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. აშკარა იყო, რომ მისი ფიზიკური მონაცემებით, დახვეწილი ტექნიკით, ბუნებრივი ტალანტითა და შრომისმოყვარეობით იგი მომავალში კიდევ უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებდა.

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა:

- დიდ სპორტში მარტო კარგი ფიზიკური მონაცემებით, დახვეწილი ტექნიკით ან ნებისყოფით, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აჩვენებ. საჭიროა, რომ ყველა ეს თვისება ერთად იყოს თავმოყრილი. გარდა ამისა, თუ არ შეგიძლია ბოლომდე ბრძოლა, გამარჯვების რწმენა თუ არა გაქვს, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის გამორჩეული უნარია, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ. ნინო დუმბაძეს ყველა ეს თვისება ჰქონდა და ამიტომაც იმარჯვებდა. ყოველთვის მინდოდა, მისნაირი სპორტსმენი გავმხდარიყავი. ჩემზე ბევრად უფროსი იყო და მის მიმართ ყოველთვის მოწიწებული გრძნობა მქონდა, სამაგალითო იყო ჩემთვის. იმ დროის უდიდეს ათლეტს წლების განმავლობაში ტოლი არ ჰყავდა მსოფლიოში, მიუწვდომელი იყო მეტოქეთათვის. ამასთან მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი ქალბატონი იყო. ტყორცნის დროს საოცრად გრაციოზული და ელეგანტური მოძრაობები ჰქონდა. ამით იგი ყველა მტყორცნელისგან გამოირჩეოდა. ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, შეიძლება ასეთი მოხდენილი ტყორცნა ამიტომაც ჰქონდა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა