საქართველო-სომხეთის ომი - კვირის პალიტრა

საქართველო-სომხეთის ომი

ისტორია ერთადერთ "პოლიტიკას" აღიარებს - ეს საკუთარი სიმართლის დაცვაა!

დამარცხებული თავს გამარჯვებულად აცხადებს!..

მოგეხსენებათ, ყოველ კონფლიქტს ხომ მინიმუმ ორი მხარე ჰყავს და თუ მოწინააღმდეგე, წლიდან წლამდე, "აუმჯობესებს" თითქმის საუკუნის წინ მომხდარი ომის შედეგებს თავის ისტორიის სახელმძღვანელოებში, აქ ჩუმად ყოფნა, ალბათ, "სირაქლემას პოზიციას" დაემსგავსებოდა...

სხვათა შორის, სწორედ სომხური სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებმა გადამაწყვეტინა, ამ თემას მივბრუნებოდით (ათი წლის წინ ჟურნალ "გზაში" პირველად შევეხეთ ამ ამბებს და "ხალხთა მეგობრობის" ზოგიერთ "დამცველსაც" "ვაწყენინეთ"): ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშიც ასწავლიდნენ სომხურ სკოლებში, რომ 1918 წლის ბოლოს სომხეთის ჯარმა ქართულ ნაწილებს "უკანონოდ ოკუპირებული" ტერიტორიები დაატოვებინა, მაგრამ დღეს "მადა გაეხსნათ" და უკვე "ვერაგ დამპყრობელზე სომხური არმიის ძლევამოსილ გამარჯვებაზე" მოუთხრობენ მოსწავლეებს! ჰკითხეთ თქვენს შვილებს თუ შვილიშვილებს, - რას ასწავლიან სკოლაში ამ საკითხზე?

გადაშალეთ მათი ისტორიის სახელმძღვანელოები, - რა წერია იქ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მიერ მართლაც ვერაგულად შემომძვრალი "მოყვარე-მტრის" წინააღმდეგ გადატანილი ომის შესახებ?! დიახ, ჩვენში ისევ "არ ვაწყენინოთ"-ს პოლიტიკა გრძელდება, ხოლო ისტორია კი ერთადერთ "პოლიტიკას" აღიარებს და ეს საკუთარი სიმართლის დაცვა გახლავთ! მაშ ასე: 1918 წლის დეკემბრის სომხეთ-საქართველოს ომი...

ცხადია, ასეთი თემები ისტორიკოსების განსახილველია და არც ამ სტატიას ექნება სამეცნიერო ნაშრომის პრეტენზია, მაგრამ პრესას თავისი ფუნქცია აქვს: დაინტერესდით აბა, რამდენმა ქართველმა იცის ამ ომის შესახებ და შეადარეთ ეს სომხურ პრესასა თუ ინტერნეტფორუმებზე ატეხილ გნიასს: ყოველი წლის დეკემბრის ბოლოს "გამარჯვების წლისთავს" აღნიშნავენ  ხოლმე!

დიახ, გამარჯვების! ესეც, ალბათ, უნიკალური შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ომში დამარცხებული ქვეყანა თავს გამარჯვებულად აცხადებს!..

მას შემდეგ, რაც 1918 წლის მაისში უდღეურმა "ამიერკავკასიის ფედერაციამ" არსებობა შეწყვიტა და საქართველომ, შემდეგ კი სომხეთმა და აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ამ ქვეყნებში რადიკალურად სხვადასხვანაირი სიტუაცია შეიქმნა: საქართველოში (დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად) ცხოვრება მალევე ჩადგა კალაპოტში, არმიისა და გვარდიის ჩამოყალიბებაც მოხერხდა, რომელმაც შემოჭრილი თურქები განდევნა, განათლებისა და მიწის რეფორმაც ჩატარდა, უნივერსიტეტი და გიმნაზიებიც სრული დატვირთვით ამუშავდა, აღებმიცემობა არ შეწყვეტილა; ლიტერატურასა და პრესას არნახული აღმავლობის ხანა დაუდგა;

თეატრებში ბილეთს ვერ იშოვიდა კაცი და არა მხოლოდ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ბოლშევიკებს გამოქცეული გამოჩენილი მხატვრები, მწერლები თუ მსახიობები შეგხვდებოდათ თბილისის ხალხმრავალ და მდიდრულ რესტორნებში (სხვათა შორის, ცნობილი მხატვრის, შალვა ქიქოძის პირად მიმოწერაში თავის დასთან ნახსენებია, როგორ დათვრა ერთ-ერთ შეხვედრაზე დიდი რუსი მსახიობი კაჩალოვი), არამედ იტალიელი თუ ფრანგი პრიმადონებიც ზედიზედ სტუმრობდნენ თბილისის ოპერის თეატრს (და არა "პენსიონერი" კრის დე ბურგები და ტოტო კუტუნიოები)...

ეს საქართველოში, აზერბაიჯანში სულ სხვა "ინტერესი" იყო - იქ დიდი ფული კეთდებოდა და კასპიისპირა ნავთობი მთლიანად საქართველოს, ბათუმის პორტის გავლით მიედინებოდა ევროპაში... მოკლედ, როგორც ერთმა სომეხმა მსახიობმა აღნიშნა თავის ინტერვიუში, - "ეს ის დრო იყო, როდესაც მთელი კავკასია ბაქოში მუშაობდა და თბილისში კი დროს ატარებდა"...

რა ხდებოდა სომხეთში? სრულიად საპირისპირო! ტენდენციურობა რომ არ დაგვწამონ, თვით სომხურ წყაროს მოვუსმინოთ: "სომხეთის იძულებითი დამოკიდებულება საქართველოს გზებზე, რომლებითაც ჩვენში სურსათი და ნავთობპროდუქტები შემოდიოდა, იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ომისა" - ამას ისტორიკოსი არამ კარაპეტიანი წერს, ამ ომის ამბების ერთ-ერთი აღიარებული (სომხეთში აღიარებული) სპეციალისტი და იქვე დასძენს, - მაშინ, როდესაც სომხეთში შიმშილით დახოცილი ხალხი მოთიბულივით ეყარა, საქართველო რკინიგზას ბლოკავდა და ჩვენკენ მომავალ ტვირთებს არ ატარებდაო(?!).

სომხეთში მართლაც შიმშილით იხოცებოდა ხალხი, ხოლო რკინიგზის დაბლოკვა ადვილად მოსაგერიებელი ცილისწამებაა: მაშინდელ პრესას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მხოლოდ ქუთაისში, სომხეთის დასახმარებლად რვა(!)  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა (თბილისზე არაფერს ვამბობთ, რადგან იქ მოსახლეობის უმეტესობა სომეხი იყო და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, თანაც თბილისელ სომხებზე ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ), მთელ საქართველოში გროვდებოდა ჰუმანიტარული ტვირთი და ფული სომეხ ლტოლვილთა (1915 წლის თურქული გენოციდის შედეგად) დასახმარებლად. ამას კი დღევანდელი სომეხი ავტორები (იგივე კარაპეტიანი) ასე "აფორმებს": "ეგოისტური, ხშირად კი ცინიკური და თავხედური დამოკიდებულება და მოქმედება მეზობლის - სომხეთის მიმართ..."

KvirisPalitra.Geმოვლენათა ქრონოლოგიას დავარღვევთ და აქვე ერთ ამბავს გავიხსენებთ, რომელიც ქართველების "არადემოკრატიულობასა" და "თავხედობაზეც" მოგვითხრობს და მაშინდელი აქაური სომხების "პატრიოტობაზეც": ამ ომის ისტორიის "სომხურ ვერსიაში" ხშირად წერენ, რომ თბილისში გამომავალი სომხური გაზეთები დაიხურა, რედაქტორები დააპატიმრეს;

სომეხი ეროვნების ყველა მილიციელიც ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან დააპატიმრეს და ა.შ. თანაც დასძენენ, - ამას ქართველი ავტორებიც არ უარყოფენო და ქართველ ავტორთა ეს დასტური საკუთარი პოზიციის არგუმენტად მიაჩნიათ. მაგრამ აქ ისევ "სომხურ მოხერხებულობასთან" გვაქვს საქმე: დიახ, ასე იყო და ქართველი ავტორებიც ადასტურებენ, მაგრამ ეს შედეგი გახლდათ, მიზეზებზე კი სომხები არაფერს ამბობდნენ, და არც იტყოდნენ, რადგან სრულიად საპირისპირო სურათს ვიღებთ:

ნოე ჟორდანიას რომ მისი მაკრიტიკებლები და მტრებიც კი, არადემოკრატიულობასა და ულმობელობას ვერ დასწამებდნენ, ეს საყოველთაოდ ცნობილია (შესაძლოა, მისმა ასეთმა "ზედემოკრატიულობამაც" მიიყვანა საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვამდე 1921 წელს, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა) და არავინ დაობს... სომხების გარდა. არადა, როდესაც 1918 წლის 7 დეკემბერს სომხებმა ომის გამოუცხადებლად გადმოლახეს საზღვარი და მძინარე ქართველი ჯარისკაცები დახოცეს, ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ ამას "გაუგებრობა" უწოდა და... სომხებს დეპეშა გაუგზავნა, - მეტი აღარ შეგეშალოთო(?!), მაგრამ მისი "დემოკრატიულობის" მთავარი გამოვლინება მაინც წინ იყო:

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, სპირიდონ კედიამ იმ დღესვე, დამფუძნებელ კრებაში (პარლამენტში) მიმართა სოციალ-დემოკრატიულ უმრავლესობას და თვით ჟორდანიას, - ამ ყველაფრის ორგანიზება ჩვენ თვალწინ, თბილისშივე ხდება და დამნაშავეები დააპატიმრეთო (მართლაც, ჩვენი მეზობლების ინტელექტუალური ნაწილი ხომ ძირითადად თბილისელი სომხობიდან იყო, თვით მათი ნაცისტური პარტია "დაშნაკცუტუნიც" თბილისში დაარსდა)! ცხადია, კედიას მოწოდებას ყური არავინ ათხოვა, მაგრამ ათიოდე დღის შემდეგ საერთოდ წარმოუდგენელი რამ მოხდა, რასაც არაერთი თვითმხილველი აღწერს თავის მოგონებებში:

წარმოიდგინეთ პარლამენტის შენობის (შემდგომში "პიონერთა სასახლე") აივანზე გადმომდგარი ქვეყნის მეთაური, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მდგარი შენობის წინ (დღევანდელი კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილზე, რომელშიც ერთ-ერთი სომხური "საქველმოქმედო" საზოგადოება იყო) გაჭიმულ ხალხის რიგს გასცქერის დაფიქრებული; ამ დროს რუსთაველის გამზირიდან სასახლისკენ ავტომობილმა აუხვია და კუთხეშივე გაჩერდა, მანქანაში მჯდომმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მძღოლს ჰკითხა, რა ხდებაო და პასუხად მიიღო - თბილისელი სომხები სომხურ ჯარში ეწერებიანო!!! და ამას "არადემოკრატი და სასტიკი" ჟორდანია აივნიდან ადევნებს თვალს(?!)

რამიშვილი აშკარად გამოირჩეოდა თავისი თანაპარტიელებისაგან სიმტკიცითაც და პატრიოტიზმითაც. რისხვისგან გაფითრებული შევარდნილა სასახლეში და ჟორდანიასთვის კატეგორიულად მოუთხოვია, ყველას დაპატიმრების უფლება, მაგრამ უარი მიიღო: მანდ ოფიციალურად ჰუმანიტარულ საზოგადოებაში ეწერებიან, მაგათი დაპატიმრება უფრო "რეალური მიზეზის" გარეშე ახლა არ შეიძლებაო.

ამ "ახლა"-ში ჟორდანიამ ის იგულისხმა, რომ "სოც-ინტერნის" დელეგაციას ელოდა, რომელსაც საქართველოს შესახებ დასკვნა უნდა წარედგინა ერთა ლიგის (დაახლოებით, გაეროს მაშინდელი ანალოგი იყო) წინაშე და "იმიჯის" შელახვა არ უნდოდა (ალბათ, დღეისთვისაც ნაცნობი სიტუაციაა...). შს მინისტრმა ორი დღე მოითხოვა "რეალური მიზეზის" წარმოსადგენად.

პირველი, რაც ნოე რამიშვილმა გააკეთა, ის იყო, რომ სომეხი ეროვნების მილიციელები მოიკითხა და სწორედ მათთვის მიაცემინა ბრძანება ამ უმსგავსობის ალაგმვისა. ზოგმა პირდაპირ, ზოგმა კი, თავის არიდებით, უარი განაცხადა - ისინი, ცხადია, სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ვინც მასზე გაცემული იარაღი არ წარმოადგინა - დააპატიმრეს. ამას ეძახდნენ სომეხი ისტორიკოსები "ნაციონალურ ჩაგვრას" და ამაზე საუბრობს ზემოთ ნახსენები კარაპეტიანიც.

რამიშვილი ამაზე არ შეჩერებულა: ორი დღის განმავლობაში სასახლეში არ გამოჩენილაო ("გაგანია" ომის დროს!), ხოლო შემდეგ მისულა ჟორდანიასთან და უთქვამს - კომისია გამოყავით, კომისიის თითო წევრს სამ-სამი გვარდიელი გაჰყვეს (მილიციას აღარ ენდობოდა, გვარდია კი, ფაქტობრივად მათი პარტიის საკუთარი, უერთგულესი არმია იყო) და ასეთი ჯგუფები ჩემს მიერ მითითებულ მისამართებზე უნდა წავიდნენო.

შედეგი: ყველა მითითებულ სახლში, სოლოლაკისა და ავლაბრის მდიდრებთანაც და ნაძალადევ-დიდუბის სომეხ წვრილვაჭრებთანაც და ხელოსნებთანაც, სარდაფები (ვისაც სარდაფი ჰქონდა) და საკუჭნაოები საბრძოლო შაშხანებითა და ტყვია-წამლით იყო გამოტენილი!

ამ შემოწმების შემდეგ, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, თბილისის ეთნიკური ბალანსი ქართველთა სასარგებლოდ შეიცვალა - ყველა დამნაშავეს  წინადადება მიეცა, ან ციხეში ჩამჯდარიყო, ან საქართველო დაეტოვებინა, თან ქონებაც წაეღოთ (გარდა თბილისის ბანკებში ანგარიშებზე არსებული ფულისა). ყველამ წასვლა არჩია.

როგორც აღვნიშნეთ, მოვლენათა ქრონოლოგიას არ მივყვებით და ჟორდანიასა და მისი თანამოაზრეების მიერ (რამიშვილის გარდა) სომხების მოქმედებისადმი წაყრუების შესახებ მთავარ და კიდევ უფრო გაუგებარ ამბავსაც გავიხსენებთ: როგორც უკვე ვთქვით, თბილისში ცხოვრება დუღდა, ქალაქის ცხოვრების რიტმი არ დარღვეულა, არაფერზე ეტყობოდა, რომ ქვეყნის საზღვრებს მტერი ჯიჯგნიდა.

1918 წლის 7-18 დეკემბრის გაზეთებს (ეროვნულ-დემოკრატების პარტიული გაზეთის გარდა) რომ გადახედოთ, გაოცდებით: ათი დღეა, ომი მიმდინარეობს და არავითარი განგაში, მხოლოდ მცირე ცნობები "ლოკალური შეტაკებების"... ახლა ძნელია ამის ახსნა - იქნებ არ უნდოდათ პანიკა დაეთესათ მოსახლეობაში? არც ეს ჰგავს სიმართლეს, რადგან ცნობილია, რომ მთავრობა და პარლამენტიც ისევ მშვიდად განიხილავდა მიმდინარე საკითხებს და მხოლოდ სომეხ კოლეგებთან დეპეშების გაგზავნით შემოიფარგლებოდა.

ეგ კი არა, თბილისში მყოფ გერმანული ნაწილების სარდლობას რომ არ გამოეფხიზლებინა, იქნებ თბილისამდეც მოსულიყო მტერი.

18 დეკემბერს მოწინააღმდეგეს თბილისამდე სულ 40 კილომეტრი აშორებდა! იმავე დღეს, როგორც იქნა, ყველა გაზეთის პირველ გვერდზე  მობილიზაციის შესახებ მთავრობის ბრძანება გამოქვეყნდა და მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა!

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების შესახებ მომავალ ნომერში ვისაუბრებთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება ბრძოლის ველს გარეთ იქნა მიღწეული - ეს იყო საყოველთაო რისხვა, ეროვნული ერთიანობის პირველი გამოხატულება დამოუკიდებელ საქართველოში, ვინღა უყურებდა მობილიზაციის ასაკობრივ ცენზს, დიდი და პატარა მიდიოდა გამწვევ პუნქტებში და იხვეწებოდა, ფრონტზე გაეგზავნათ! უნივერსიტეტმაც კი შექმნა მოხალისეთა ბრიგადა და წინა ხაზზე წავიდა (სხვათა შორის, მათ შორის იყო მაშინ სტუდენტი და მომავალში უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი);

უსწრაფესად იქნენ მობილიზებულნი საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ისინი ფულით, შესახვევი მასალით, მედიკამენტებით ეხმარებოდნენ არმიას; ქალაქებში დაწესდა ღამის ნებაყოფლობითი მორიგეობები; არა მარტო პარლამენტი და მთავრობა, არამედ ყველა სახელმწიფო დაწესებულება მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდა; ერთმანეთთან "ძაღლი-კატასავით" მყოფი გვარდია და ჯარიც "დროებით შერიგდნენ"; სწორედ მაშინ დაიხურა სომხური გაზეთები - "აშხატავორი" და "ნორ ორიზონი", ასევე რუსული "კავკაზსკოე სლოვო", რომლებიც აქაურ სომხებს პირდაპირ მოუწოდებდნენ "მტერთან" ბრძოლისაკენ, რედაქტორები კი დააპატიმრეს (სწორედ ამას უწოდებდნენ სომეხი ისტორიკოსები "რეპრესიებს")...

ეროვნული გვარდიის სარდალი, თავგადაკლული სოციალ-დემოკრატი და მარქსისტი, ნაციონალური იდეის უარმყოფელი ვალიკო ჯუღელიც კი, თავის დღიურში წერდა: "ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაა, თუ დავმარცხდებით, გადაწყვეტილი მაქვს, თავი მოვიკლა..."

ქართველებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნეს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ და ეს სახელმწიფო მათია, მათი დასაცავია! ეს უკვე უდიდესი გამარჯვება იყო!

(გაგრძელება http://www.kvirispalitra.ge//history/5513-saqarthvelo-somkhethis-omi.html)