პირველი საფოსტო მარკა - კვირის პალიტრა

პირველი საფოსტო მარკა

ბევრმა როდი იცის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა "ტფილისის უნიკაა" (Тифлисская уника), რომელიც 1857 წელს დაიბეჭდა თბილისში, მცირე ტირაჟით. საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და შესაბამისად "ტფილისის უნიკამ" რუსეთის პირველი საფოსტო მარკის "სტატუსი" შეიძინა. ამავდროულად ეს მარკა პირველია მსოფლიოში, რომელიც წნეხით დაიბეჭდა და რელიეფური გამოსახულება აქვს. სწორედ "ტფილისის უნიკით" იწყება საქართველოს საფოსტო მარკების ისტორია.

1856 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ (1855-1881 წწ.) კავკასიის მეფისნაცვლად თავადი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862 წწ.) დანიშნა. მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმათა შორის უპირველესი თბილისში დედაქალაქისთვის შესაფერისი ფოსტის დაარსება იყო. მომდევნო წლის 20 ივნისს, კავკასიის ოლქის ფოსტის მმართველის ნიკოლოზ კახანოვის ინიციატივით იბეჭდება საფოსტო მარკა "ტფილისის უნიკა".

მეფისნაცვალი თბილისში ცხოვრობდა, ზაფხულს კოჯრის აგარაკზე ატარებდა და სწორედ ამის გამო პირველი მარკა თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო გზავნილებისთვის გამოიყენეს. თბილისში, ადგილობრივი საფოსტო გზავნილისთვის ერთი მარკა იყო საკმარისი, კოჯორში გასაგზავნად - სამი.

KvirisPalitra.Ge"ტფილისის უნიკა" რამდენიმე თვის შემდეგ, 1858 წლის პირველ მარტს რუსული მარკებით ჩაანაცვლეს. რუსეთის იმპერიას, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა ტფილისის პირველობა, ამიტომაც გადაწყდა, მარკებიც გაენადგურებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკები მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში მოქმედებდა, მოიგონეს ვერსია, თითქოს სწორედ ამ მარკადაკრულმა კონვერტებმა შეუწყო ხელი იმ ზაფხულს თბილისში ეპიდემიის გავრცელებას. ამიტომ მარკის მთლიანი ტირაჟი დაწვეს.

რადგან პირველი რუსული მარკის გამოცემის თარიღად 1857 წლის 10 დეკემბერი მიიჩნეოდა, კარგა ხანს "ირწმუნებოდნენ", რომ "ტფილისის უნიკა" 1857 წლის დეკემბრის ბოლოს გამოიცა. მეტიც, რუსული ფოსტის ისტორიის მკვლევარები ხშირად საერთოდ გვერდს უვლიან ამ მარკას.

დღეისათვის "ტფილისის უნიკის" სულ სამი ეგზემპლარია შემონახული. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. სამივე სუფთა, ანუ გამოუყენებელი ეგზემპლარია. XX საუკუნის დასაწყისში სამივე მარკამ ცნობილი ფილატელისტის აგაფონ ფაბერჟეს კოლექციაში მოიყარა თავი. ფაბერჟემ მარკები 1928 წელს ჰელსინგფორში (ფინეთი), ხოლო 1933 წელს ვენაში (ავსტრია), მის მიერვე მოწყობილ სენსაციურ გამოფენებზე წარმოადგინა.

1936 წელს "ტფილისის უნიკა" ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში შევიდა. შემდგომ მრავალი კოლექცია მოიარა, მოგვიანებით ორი ეგზემპლარი შვეიცარიაში მცხოვრები ფილატელისტის ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში მოხვდა. მარკები მიკულსკიმ 1997 წელს გამოფინა, ხოლო 2000 წელს აუქციონზე გამოიტანა, საწყის ფასად 500.000 ამერიკული დოლარი დასახელდა. ახალი მფლობელი ანონიმური დარჩა. მესამე, შედარებით შელახული ეგზემპლარი ლუქსემბურგელი ფილატელისტის ბელინჟერის კოლექციაში ინახება.

არსებობს XIX საუკუნეში დამზადებული რამდენიმე ასლი, რომლებიც ერთმანეთისგანაც განსხვავდებიან და ორიგინალისგანაც.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია პარიზის ასლი, რომელიც 1870-1880 წლებში დაიბეჭდა. როგორც ჩანს, "ტფილისის უნიკა" მისი ასლის დამამზადებლისთვისაც კი მიუწვდომელი იყო.

1997 წელს "საქართველოს ფოსტამ" "ტფილისის უნიკის" 140 წლის იუბილეს მიუძღვნა ახალი "ტფილისის საქალაქო ფოსტის მარკა". მარკაზე მცხეთის პეიზაჟის ფონზე "ტფილისის უნიკის" გამოსახულებაა ჩასმული.

"ტფილისის უნიკა" მსოფლიოს 40 იშვიათ და 10 უძვირფასეს საფოსტო მარკების რიცხვში შედის. შესაბამისად, "ტფილისის უნიკა" დღეს მსოფლიოს ყველა ფილატელისტისთვის ცნობილი მარკაა. იგი ყველა კატალოგშია მოხსენიებული, როგორც მსოფლიოში იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა.

KvirisPalitra.Geმარკის აღწერილობა:

ნომინალი – 6 კაპიკი

ფორმა – კვადრატული

ბეჭდვა – მოყვითალო, თეთრ ქაღალდზე

უფერო რელიეფური.

გამოსახულება – ტფილისის გუბერნიის

გერბი, გერბის თავზე რუსეთის იმპერიის

სიმბოლო - ორთავიანი არწივი.

წარწერები – მარკის ოთხივე მხარეს რუსულ ენაზე: "ТИФЛИС", "ГОРОДС", "ПОЧТА", "6 КОП".

ზურგი – უკანა მხარე დაფარულია წებოს სქელი ფენით.

ალექსანდრე ბოშიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”