ქართული თეატრის სათავეებთან - კვირის პალიტრა

ქართული თეატრის სათავეებთან

შუა საუკუნეების განმავლობაში თეატრის მაგივრობას ჩვენში სხვადასხვაგვარი საჯარო-გასართობი ეწეოდა. მათგან ყველაზე პოპულარული ყოფილა მუშაითობა-თანამედროვე საცირკო სანახაობის მსგავსი, აგრეთვე ბურთაობა და ყაბახობა, რაც უფრო საწვრთნელ-სავარჯიშო სანახაობას წააგავდა. ”თეატრალური დრამატიზმი-აღნიშნავს აკად. კორნელი კეკელიძე-ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, უფრო მეტია ეგრეთ წოდებულ ყეენობასა და ბერიკაობაში, რომელსაც ნახევრად სასცენო მოქმედების ხასიათი აქვს. ასეთი სახის წარმოდგენები მდიდარ მასალას იძლეოდა, რომ ამ პრიმიტიული ელემენტებიდან განვითარებულიყო ნაციონალური ქართული თეატრი”.

ევროპის სახელმწიფოებში ”აბსოლუტიზმის” დამყარების შემდეგ შეიქმნა სამეფო თეატრები. იგი წარმოადგენდა არისტოკრატიის გასართობს. დასავლეთ ევროპის მიბაძვით XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიაშიც ჩნდება ანალოგიური თეატრი.

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის მიწურულს ქართლ-კახეთის სამეფოშიც დაარსდა თეატრი და განვითარდა დრამატურგია.

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II რუსეთსა და ევროპის ქალაქებში გზავნიდა ახალგაზრდებს განათლების მისაღებად. ცნობილია ერთი ასეთი ჯგუფი დავით ბატონიშვილის, ერასტი თურქესტანიშვილის, გიორგი ავალიშვილისა და იოანე ორბელიანის შემადგენლობით. ისინი გასცნობიან რუსულ თეატრს, სავარაუდოა, რომ კავშირი ჰქონდათ იმ დროისათვის ცნობილ დრამატურგთან, ზანდუკოვთან.

KvirisPalitra.Geთეატრალურ ხელოვნებას ეუფლებოდა ცნობილი მწერალი და დიპლომატი გიორგი ავალიშვილი, რომელიც 1791 წელს დაბრუნდა თბილისში და დაიწყო წარმოდგენების გამართვა. საამისოდ შესაფერისი ბინაც მოუნახავთ: ”სახლი მესხიშვილისა, ორბელიანისა და მელიქიშვილისა”. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დროს დაარსდა ქართული თეატრი და მისი დამაარსებელი გიორგი ავალიშვილი იყო. ეს უკანასკნელი მართლაც უდიდესი ფიგურაა ქართული თეატრის ისტორიაში. იგი არის აგრეთვე ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მან რუსულიდან თარგმნა სუმაროკოვის ცნობილი პიესები: ”რქის მატარებელი”, ”დედა რაყიფი ქალისა”, ”საჩხუბარი” და ”უბნობა მკვდართა”. აგრეთვე დაუწერია ორიგინალური ქართული პიესები, მათ შორის ”თეიმურაზ II”, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია და მისი მხოლოდ მოკლე შინაარსია ცნობილი. ამ პერიოდშივე მოღვაწეობდა დრამატურგი, მდივანბეგი დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილი, რომელსაც რასინის ”ეფიღენია” უთარგმნია.

თეატრალურ წარმოდგენებს მალევე მიუქცევია ხალხის ყურადღება და, შესაბამისად, დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ”პიესა ”რქის მატარებელის” წარმოდგენისას ”დაუწყიათ თხოვნა, რომ კიდევ ”ასახის-მეტყველეთო”. შემდეგ ბევრჯელაც წარმოუდგენიათ. წარმოდგენაში მონაწილეობა მიუღიათ: დავით ბატონიშვილს, დავით ჩოლოყაშვილს, გიორგი ავალიშვილს, თამაზ ანდრონიკაშვილს, გიორგი მეფისა და ირაკლი ბატონიშვილის ქალებს”.

KvirisPalitra.Geერეკლე II-ის დროინდელ ქართულ თეატრს უკავშირდება აგრეთვე არტილერიის მაიორი გაბრიელი. მის შესახებ ალექსანდრე ორბელიანი წერს: ”თელავსა და თბილისში ქართულ კომედიებსაც თამაშობდნენ მეფის ირაკლის დროში, რომლისაცა გამმართველი იყო გაბრიელ მაიორი, სომეხი”. გაზეთ ”კავკაზის” 1858 წლის 28-ე ნომერში ნიკო ბერძენოვის სტატიაში ”О быте Грузин старого времени” ყურადღება გამახვილებულია ერეკლე II-ის დროინდელ თეატრსა და გაბრიელ მაიორზე. ამ შემთხვევაში ნ. ბერძენოვის წყაროს ერეკლე მეფის შვილი, თეკლა ბატონიშვილი წარმოადგენდა. სტატიის მოკლე თარგმანი ასეთია:

”...ვინმე გაბრიელი, სომეხი, რომელიც იმყოფებოდა რუსეთში თავად ანდრონიკაშვილის ელჩობასთან, დაბრუნებულა რა საქართველოში მაიორის ჩინით, მოუწყვია სასახლესთან ახლოს თეატრი. არიგებდა ბილეთებს ლაკონიური ქართული წარწერით, რომელიც ორი სტროფისაგან შედგებოდა, სადაც იხსენიებოდა დამდგმელი ოსტატის სახელი და ბილეთის ფასი. ბილეთს ეწერა: ”შაური ორი, გაბრიელ მაიორი”. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, გაბრიელ მაიორი პიესებსაც წერდა.

სხვა იმდროინდელი მსახიობებიდან ცნობილია მღვდელი იოსებ ამირიძე, ქეშიშ-დარდიმანდად წოდებული და მაჩაბელა.

როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნის ბოლოს თეატრალური წარმოდგენების ინიციატორებად გიორგი ავალიშვილი და გაბრიელ მაიორი გვევლინებიან. ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ, რადგან გიორგი ავალიშვილი 1791 წელს, ხოლო გაბრიელ მაიორი 1788 წლის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ იკვეთება მათი ურთიერთობა. ცხადია, სხვადასხვა სახის წარმოდგენებს მართავდნენ. როგორ ავხსნათ ეს?

ამისათვის მოგვყავს მკვლევარ ამბერკი გაჩეჩილაძის მიერ თელავში აღმოჩენილი XVIII საუკუნის იშვიათი ხელნაწერი. ეს ხელნაწერი სხვადასხვა ნაშრომისგან შედგება, მათ შორის ”ღრამატიკა ქართულსა ენასა ზედა თქმული ზურაბ შანშოვანის ტფილისელისგან”, ”ბერ-არმენი” და სხვ. ეს ნაშრომები 1730-იან წლებშია დაწერილი. ხელნაწერს ახლავს უცხო პირის მიერ შესრულებული 1778 წლის მინაწერი. მინაწერში ავტორი, სხვა საკითხებთან ერთად, ქართულ თეატრსაც ეხება. იგი ასხვავებს საეკლესიო და საერო თეატრს. თავის მხრივ, საერო თეატრი, ამ მინაწერის მიხედვით, იყოფა ”ეზოის” და ”ქალაქის” თეატრებად.

როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ევროპაში მრევლის მისაზიდად იმართებოდა საეკლესიო წარმოდგენები-მისტერიები. მართლმადიდებლური ეკლესიისათვის კი ეს მიუღებელი იყო. თუმცა, ასეთი სახის თეატრალური წარმოდგენები ევროპული კულტურის გავლენით რუსეთშიც ეწყობოდა. როგორც ჩანს, XVIII საუკუნის II ნახევარში, კულტურული აღმავლობის ფონზე, ვერც ქართული ეკლესია ასცდა მას.

მის განვითარებას ხელი შეუწყვეს კათოლიკე-მისიონერებმა, რომლებიც საქართველოში აარსებდნენ სკოლებს, ეკლესიებს და სავარაუდოდ, დგამდნენ მისტერიებსაც. ასეთი სახის წარმოდგენების დანერგვაში განსაკუთრებული როლი უნდა შეესრულებინა თბილისის და თელავის სასულიერო სემინარიებს, სადაც სწავლა რუსული ანალოგიური სასწავლებლების მიხედვით მიმდინარეობდა. ყოველ შემთხვევაში, ამ მინაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში სასულიერო თეატრიც არსებობდა.

საერო თეატრი კი ორი ნაწილისგან შედგება: მინაწერში დაფიქსირებული ”ეზოის” თეატრი უნდა აღნიშნავდეს სასახლის თეატრს (ანალოგიური სახელი აქვს რუსეთის სამეფო თეატრს-”Придворни театр”). ”ქალაქის” თეატრი კი უნდა იყოს ჩვეულებრივი საერო თეატრი, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

თუ დავეყრდნობით მინაწერის კლასიფიკაციას, მაშინ გიორგი ავალიშვილის მიერ მოწყობილი თეატრალური წარმოდგენები უნდა მივაკუთვნოთ ”ეზოის” თეატრს, სადაც მსახიობის როლში სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც გვევლინებიან. ე.წ. გაბრიელ მაიორის თეატრი კი უნდა იყოს ”ქალაქის” თეატრი, რომლის ბილეთები იყიდებოდა და ნებისმიერ მსურველს შეეძლო წამოდგენაზე დასწრება. ცხადია, სამეფო თეატრში ეს შეუძლებელი იქნებოდა. გაბრიელ მაიორის თეატრალურ დასში, რომელიც წარმოდგენებს ალექსანდრე ორბელიანის ცნობით თბილისსა და თელავში მართავდა, გამოდიოდნენ მღვდელი იოსებ ამირიძე-იგივე ქეშიშ დარდიმანდი, მაჩაბელა და სხვები.

როდის შეიქმნა ქართული თეატრი?-ამის შესახებ სხვადასხვაგვარი მოსაზრებაა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ვარაუდით იგი 1791 წელს დაარსდა, ზოგიერთი მოსაზრებით 1780 წელია ქართული თეატრის დაარსების თარიღი და მის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს იმ პერიოდში თბილისში მყოფმა გრაფმა კოჰარმა (ვენის თეატრალური დასის ანტერპრენიორმა) და იაკობ რაინეგსმა.

ქართული თეატრი არ შექმნილა ერთ კონკრეტულ წელს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად განვითარდა ქართული კულტურა. ევროპასთან კავშირით და მათი მიღწევების გამოცდილების გაზიარებით, ქართლ-კახეთში მრავალი სიახლე დაინერგა. მათ შორის ჩაისახა ქართული თეატრი. ევროპელთა, კერძოდ რაინეგსისა და კოჰარის დახმარებით კი ის კიდევ უფრო განვითარდა, ხოლო იმავე საუკუნის 90-იან წლებში საბოლოო სახე მიიღო. ამ პერიოდშივე განვითარდა დრამატურგიაც. ითარგმნება რუსი, ფრანგი და სხვა ეროვნების გამოჩენილ ავტორთა პიესები.

იწერებოდა ორიგინალური ქართული პიესებიც. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თეატრის ფუძემდებლებს ბრმად არ მიუღიათ უცხოური გამოცდილება. მათ მართალია გადმონერგეს რუსული სცენის კულტურა, მაგრამ ამავე დროს გამოიყენეს ქართული სახიობის ტრადიციები. გიორგი ავალიშვილის აზრით, თეატრის დანიშნულება იყო ადამიანის მდაბალ თვისებებთან ბრძოლა, ზნეობრივი სრულყოფა და სხვ. XVIII საუკუნის II ნახევრის საქართველოში თეატრი ასეთი სახით არსებობდა.

ტრაგიკული გამოდგა თეატრისა და მისი დასისათვის კრწანისის ბრძოლა. თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა არტილერიის მაიორი გაბრიელი, ასევე ”უფროსი მსახიობი” მაჩაბელა, თავის თეატრალურ დასთან ერთად, რომლებიც ”შადიანის” სიმღერით ამხნევებდნენ ქართველებს ბრძოლის ველზე. ქართლ-კახეთის სამეფოს მოშლის შემდეგ თავისთავად გაუქმდებოდა ”ეზოის” ანუ სასახლის თეატრიც. იმპერიამ დახურა აგრეთვე ქართული სემინარიები, სადაც, რაღა თქმა უნდა, შეწყდებოდა წარმოდგენების გამართვა. ყოველივე ამან, ბუნებრივია, შეაფერხა ქართული თეატრის შემდგომი განვითარება.

აპოლონ თაბუაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”