ამბები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან... - კვირის პალიტრა

ამბები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან...

2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

სიკვდილთან დაძმობილებული გინახავთ ვინმე?

სიკვდილის შეყვარება შეძლებია ვინმე კაცთაგანს?

გოდერძი ჩოხელმა შეძლო. ხომ გახსოვთ, მისი ადამიანად მიწაზე ჩამოსული ხორციელი სიკვდილი რამხელა სიყვარულს ატარებდა. ისიც ხომ გახსოვთ, საფლავის ქვებს როგორ ელაპარაკებოდა, სიკვდილით დათრგუნვილი კაცის სასოწარკვეთილება კი არა, დიდი სილაღე და სევდა იყო მის ყოველ ფრაზაში. "ეჰეი! არაგველებო, სადა ხართ?" ისმოდა ექოსავით თვითონ რეჟისორის ხმა და ეს კითხვა ბოლომდე თან დაჰყვებოდა. სულეთის ზღვაშიც ამ კითხვით დამძიმებული გულით გადაეშვა...

"უცებ მდინარის ტალღებისაგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა სებამ თვალი და დააკვირდა წარწერას.

- რა აწერია მამავ? - ჰკითხა შვილმა.

- რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარე-მზესა, - წაუკითხა მამამ.

- ვისია, მამავ?

- არ ვიცი, შვილო, ალბათ ვიღაც უბედურის, თავის სიცოცხლეში ვერაფერი სიხარული რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ, წავიდა და მიწას ამოეფარა.

- ჩვენც უბედურები ვართ, მამავ?

- რატო, შვილო?

- ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ, სახლიც და საქონელიც. ბროლიაც, შენი მუზეუმიც.

- ნუ გეშინია შვილო, მთავარია, რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს, სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც, უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ.

- კიდობანი ზღვაში წაიღო, მამა?

- სულეთის ზღვაში წაიღო, მამა გენაცვალოს.

- მერე სად არის სულეთის ზღვა?

- ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, აი, იქ არის სულეთის ზღვა..."

გოდერძი ჩოხელი უბედური არ ყოფილა. სიმდიდრე და უზრუნველი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, მაგრამ მზისა და მთვარის ქვეშ რასაც მისი თვალი მისწვდებოდა, ყველაფერი მისი არ იყო?

სამზეოს იყო და ყველაფერი უყვარდა: ნაძვიცა და კესანეც, ბილიკიცა და გულთაბოძიც. ეს კი ისეთი ბედნიერებაა! სულეთს გავიდა და მჯერა, იქაც სიყვარულით სავსეა. ჩვენთვის ხილული დარჩა მისი დედამიწაზე გატარებული 53 წელი. მთლიანად, ცხადია, ვერც ერთი წიგნი ვერ მოიცავს კაცის ცხოვრებას, მაგრამ ის ამბები, რომლებიც გოდერძიმ გაიხსენა თავის წარსულზე და რომლებიც სულ მალე წიგნად გამოიცემა, კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ მისი ცხოვრების ამაღლებულ უბრალოებაში.

KvirisPalitra.Geიაშა ტრიპოლსკი - ჩემი ძია...

დედაჩემი ლელა წიკლაური და ძია იაშა ტრიპოლსკი და-ძმის შვილები იყვნენ. წიკლაურებად იწერებოდნენ, თორემ ისე ხომ ბუბუნაურები ყოფილან. სისხლი ჰმართებდათ ვიღაცის და წიკლაურებს შეჰფარებიან, მათი გვარი მიუღიათ. ხშირად იყვნენ ერთად დედაჩემი და ძია იაშა ბუბუნაურთა დიდ სახლში, რომელიც ბურსაჭირის ფერდობზე დგას. ახლა იმ სახლის ერთი კუთხეღა დარჩა და მთელი სახლის ანგელოზები ალბათ იქ იყრიან თავს. მჯერა, ვისაც ბურსაჭირის ფერდობზე ფეხშიშველს გაუვლია, უკვალოდ არ ჩაივლის. ეს თითქოს ღმერთის ფერდობია. ძია იაშა ობოლი იყო.

მაინცა და მაინც არც ფეხსაცმელი ექნებოდა, მოუწევდა ფეხშიშველი სიარული. ეგეც არ იყოს, ეგ ფერდობი ისეთი მოქარგულია, რომც გქონდეს ფეხსაცმელი, მაინც ფეხშველი ირბენ... ამ ფერდობზე ვიწრო, ვიწრო შესასვლელია გუდამაყრის მხრიდან, მერე იშლება ფერდობი, იქიდან გადადის ხევში, ხევსურეთში და ჭიუხებით მთავრდება. ვიწრო შემოსასვლელიდან, ჩოხის მხრიდან, როგორც გველი, ისე შემოიკლაკნება ხოლმე ნისლი. ნელ-ნელა მიდის ხოლმე მიხვეულ-მოხვეულში გველეშაპივით. დედაჩემი ჰყვებოდა, იაშას მაგრად ეშინოდა მაგ ნისლისო, არ ვიცი, რა ეგონა, დაიძახებდა თურმე - მოდის, მოდისო და დიდ, თხილით მოწნულ გოდორში იმალებოდა.

ეტყობა, ბუბუნაურები მაგარი ნიჭიერები იყვნენ. ერთი ბიძა მყავდა, ძია იაშას ტოლი იყო, ყველაზე ნიჭიერი ის იყოო, - ძია იაშა ამბობდა. ირაკლი რქმევია. კომუნისტებს სადღაც გაუგზავნიათ, გაციებულა, ტვინის ანთება დამართნია და მომკვდარა. ძია იაშას იმის დახატული ცხენი ჰქონდა შენახული... დედაჩემი და ბებო ირინე - იაშას დედა ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, თითქოს ბუნებას ელაპარაკებოდნენ და ბუნებაც პასუხობდა მათ. ბებო ირინეს ძმა ჰყოლია - გაგილა. მეჯვარედ იყო და შემთხვევით გასროლილ ტყვიას მოუკლავს. ბებო ირინე მოჰყვა: ქვრივი ვიყავი, ქმრის ნაჩუქარი ბეჭედი დავკარგეო. შევთხოვე გაგილას სულს - რა იქნება, ის ბეჭედი მაპოვნინეო. უცებ გავიგონე წკრიალიო. გავიხედე გარეთ, ვხედავ ქათამი რაღაცას აგდებს ნისკარტით, ჩამოვარდება, გაიწკრიალებსო... ვნახე, ჩემი ბეჭედი იყოო. გაგილას სულმა მაპოვნინაო.

ძია იაშას მამა ფასანაურიდან თბილისისკენ მოდიოდა ველოსიპედით. გაღმა ტყეში, ვიღაც თოფიანი კაცი ყოფილა. სულ არაფრის გულისთვის გამოუშვერია თოფი. მოვარტყამ, თუ არ მოვარტყამო და ასე უბრალოდ მოუკლავს. 19 წლისა დაქვრივდა ბებო ირინე...

ძია იაშა მოსიარულე სიკეთე იყო. იმდენად კეთილი იყო, რომ მამის მკვლელის შვილს, რომელიც ციხეში იჯდა და ჭკუაზე თითქოს ვერ იყო, პატრონობდა. ციხიდან გამოიყვანა. მიჰყავდა ხოლმე შინ, აჭმევდა, ასმევდა, წამლებს ყიდულობდა. ძია იაშას ორივე შვილიც ეგეთია... იმათშიც გაგრძელდა მისი სიკეთე.

ერთხელ ძია იაშა ბურსაჭირში სათევზაოდ ამოვიდა, პატარა ვიყავი. იმ დღეს საშინელი დელგმა დაიწყო, ჩამოიქცა ქვეყანა. ის ნისლიც დაიძრა ძია იაშას შესაშინებლად. ბანიანი სახლი გვქონდა და სახლშიც კი წვიმდა. რა თევზაობა, რის თევზაობა, ისე ადიდდა შავი არაგვი, სულ დაანგრია ყველაფერი. ძია იაშას ჩოხში ჰყავდა მანქანა დატოვებული, იმის იქით სამანქანო გზა აღარ მოდიოდა, ბურსაჭირამდე 7 კილომეტრი ფეხით ევლო. მეორე დღეს ჩამოვაცილეთ ჩოხამდე მე და დედაჩემმა. იქ მეორე მდინარე უერთდება შავ არაგვს. ისიც ადიდებულიყო, კალაპოტი შეეცვალა და გადავარდნილა სხვა მხარეს. იმდენი თევზი დარჩენილა...

პირველად ვნახე მაშინ იმხელა ოქროსწინწკლებიანი კალმახები. ხალხმა ხომ იცოდა, რომ ძია იაშა იყო სათევზაოდ ამოსული. გამოსულიყვნენ, კრეფდნენ თევზს და ძია იაშას მანქანასთან იდგა კალათების, გოდრების ჯარი სულ კალმახებით სავსე. ძია იაშა უყურებდა გაბადრული სახით ხალხს, რამხელა სიყვარულს ხედავდა!..

არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო, რომ ჩამოდიოდა ფასანაურში, ყველა მასთან გამორბოდა, მისი მოყოლილი ამბავი მთელი სანახაობა იყო. თეატრშიც ასე ელოდებოდნენ თურმე ძია იაშას...

KvirisPalitra.Geდასაყრდენი

მე რომ წერა დავიწყე, ძალიან უხაროდა ძია იაშას. ეს თითქოს მეც გადმომედო და რამეს რომ დავწერდი, სულ ვფიქრობდი, ამას რომ ძია იაშა წაიკითხავს, რას იფიქრებს, თუ გაეხარდება-მეთქი. წერის დროს აღტკინებული ვიყავი. ძია იაშა ჩემს მოთხრობებს მხატვრულად კითხულობდა რადიოში. მერე მოინდომა ჩემი მოთხრობის მიხედვით პიესის გაკეთება. არ დასცალდა...

არაჩვეულებრივად შეეძლო ფილმის გახმოვანებაზე მუშაობა. თითქმის ყველა გახმოვანებაზე იწვევდნენ კინოსტუდიაში.

შესასრულებელია ასეთი სამუშაო: ტექსტის დაწყობა, ეკრანზე მსახიობი რომ ლაპარაკობს, სულ სხვა სიტყვებს ამბობს. გახმოვანებისას ისეთი სიტყვა უნდა მოძებნო, რომ მსახიობის ტუჩების მოძრაობას დაემთხვეს. ამას უნაკლოდ აკეთებდა ძია იაშა. რამდენი ფილმი აქვს ასე გახმოვანებული... ირაკლი კვირიკაძის "ქვევრის" სიტყვები სულ მისია, ოთარ იოსელიანის "პასტორალისაც", "გიორგობის თვისაც"... სცენარის თანაავტორადაც კი დაწერა ოთარ იოსელიანმა...

"ბაკურხეველი ხევსური" რომ გადავიღე, მინდოდა უხმო ფილმი ყოფილიყო. ძია იაშას დაჟინებულ თხოვნას - აუცილებლად ტექსტი უნდა გაუკეთოო, დავთანხმდი. დაჯდა და მთელი ტექსტი დამიწერა "შაო ნინათი" დაწყებული... ახლა ვფიქრობ, ტექსტის გარეშე რა უნდა ყოფილიყო "ბაკურხეველი ხევსური"...

მე და ირაკლი ტრიპოლსკისაც რამდენიმე სცენარი ერთად გვაქვს დაწერილი... ისეა გაკეთებული ის ტექსტები, დღესაც ვერაფერს შეცვლი. "სამოთხის გვრიტებიც" ირაკლისთან ერთად გავაკეთე. სცენარის ავტორად გოდერძი ჩოხელი და ირაკლი ტრიპოლსკი დავაწერე. არ ქნა ირაკლიმ... თავისი სახელი ამომაღებინა...

ესეთები არიან, კეთილები, დასაყრდენები...

ძია იაშა ძალიან მაკლია, მენატრება... იმისი სიკვდილის შემდეგ დავობლდი თბილისში... მერე ეგეთი სიზმარი ვნახე: ტელეფონით ველაპარაკებოდი ძია იაშას. იქიდანაც მამშვიდებდა და ბედნიერებას მჩუქნიდა...

ყაზბეგელი დედობილი

დედაჩემი რო გარდაიცვალა, ძალიან დამაკლდა. გუდამაყარში შეხვევა აღარ მინდოდა, აქედან რო მივდიოდი. გული სულ ყაზბეგში მეზიდებოდა. ყაზბეგში მყავს მეგობარი გოდერძი მარსაგიშვილი. ყავს დედა, არაჩვეულებრივი, დედაჩემივით თბილი და მოსიყვარულე. ახლა 86 წლისაა. ეგეთი ლამაზი მოხუცი ქალი იშვიათად შემხვედრია. სათნო, თითქოს ღვთის ანგელოზიაო, უწყინარი. იმან დედა შემიცვალა. იმის მერე გავანებე თავი გუდამაყარს და ყაზბეგში დავიწყე გადაღებები, რო იმასთან დიდხანს ვყოფილიყავი.

მე და გოდერძი, როცა დრო გვქონდა, ვსვამდით. ერთ ოთახში ჩვენ გვეძინა, მეორეში - გოდერძის დედას - დეიდა ბაბალეს. რო ავდგებოდით, შემოვიდოდა შემოწმებაზე: აბა, წუხელ მთვრალები მოხვედით თუ ფხიზლებიო. გუგულიანი გადასაფარებლები ჰქონდა. დიდი გუგულები ეხატა. ვერ იტანდა რო შეგვბრუნებოდა. ჩვენ ავურევდით ხოლმე. ხან ერთ გუგულს ჰქონდა თავქვე თავი. ხან მეორეს აღმა. ის ვერ იტანდა. ორივე გუგულს თავს აღმა დაუწყობდა. თუ გუგულს თავი დაბლა ჰქონდა - ეეე... დაგილევიათ წუხელ და ვეღარ გაგიგიათ, გუგულს თავი საით უნდა ჰქონდესო.

გოდერძი ცდოელი დამარქვეს. მთლად ვერ გავხდი ცდოელი, მაგრამ მაინც. ჩოხი ისე მიყვარს... გვარიც და კუთხეც.

თარეშა

მახსოვს ერთხელ ჩემი მამალი მოიტაცა მელიამ. გააქანა. გამოვედევნეთ. რას დაეწევი მელიას. ძაღლი არა გვყავდა მაშინ. დედამ ატეხა ყვირილი, მეზობლის ძაღლს ეძახდა, - თარეშ, თარეშო, წაგვართვა მელიამ დონკიხოტიო. გამოვარდა თარეშაც სადღაციდან - კალოში ეძინა, ეტყობა. დაეწია მელიას და გააგდებინა მამალი.

მახსოვს, კარგა ხანს დიდ პატივში მყავდა თარეშა. წავისვამდი პურზე კარაქს ან ერბოს, დედაჩემის დასანახად ერთ ლუკმას მოვკბეჩდი, გამოვივლიდი კარს და სადაც იყო, მივუტანდი, თარეშას ვაჭმევდი ერბოიან პურს.

მამალი დონკიხოტი კიდე დიდხანს კოჭლობით დადიოდა...

მელიასაც რა გეგმები ჩაეშალა, არა? ღამე ჩასაფრდა, გამოვლენ დედლებიო, მერე მზე მოვაო... მელიაც ხო თავისას ფიქრობდა.

თარეშამაც კარგა ათრია აქეთ-იქით.

პირველი მდივნის მოსაცდელში

ერთხელ კიდე რაღაცაზე დამიბარა ედუარდ შევარდნაძემ და მითხრა, მოსკოვში უნდა გაგაგზავნოთ პარტიულ სკოლაშიო.

- პარტიული არ ვარ-მეთქი, - ვუთხარი.

- მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიგიღებთ პარტიაში, - მითხრა სწრაფად.

- მოვიფიქრებ-მეთქი, - ვუთხარი მოულოდნელობისაგან დაბნეულმა.

- მოფიქრებისთვის რამდენი ხანი დაგჭირდება? ერთი საათი გეყოფა?...

- არ ვიცი-მეთქი.

- გადი მოსაცდელში, მოიფიქრე.

გავიდა ერთი საათი. გამოვიდა ჟიული შარტავა შევარდნაძის კაბინეტიდან.

- გოდერძი, რა ქენი, რა გადაწყვიტე? - მკითხა.

- არა, პარტიული ვერ გავხდები-მეთქი.

ჟიულიმ მხარზე წამომარტყა ხელი:

- წადი, წადი, გოდერძი, შენ არ ხარ მაგის კაციო, - ისეთი სითბოთი მითხრა, გული გამითბო.

საერთოდ, თბილისში ყველა სიყვარულით დამხვდა. ედუარდიც, პარტიულებიც. ჩემი ლექტორებიც.

რუსული არ ვიცოდი. რუსული კინოს გარჩევა უნდა დაგვეწერა. მე ლექსი დავწერე გარჩევის მაგივრად. ხუთიანი დამიწერეს.

დიდი სიყვარული დამახვედრეს.

მაშინ ხმაც გავარდა ინსტიტუტში, პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდაო. მეორე გამოცდაზე ვიღაც კაცი მოვიდა. გამომკითხეს, ვინ ხარ, საიდან ხარო. შვილო, მიგიღებთ, ოღონდ თბილისმა არ გაგაფუჭოსო. მერე გავიგე, ეს კაცი რექტორი - ილია თავაძე ყოფილა - ნაფრონტალი კაცი. სიყვარულით მეცხვარეს მეძახდა საშა კიკნაძე. ჩოხელო, შე მეცხვარე შენაო...

გული მწყდება, რომ ამ სიყვარულის დაბრუნება მთლად ვერ შევძელი...

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”