"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" - კვირის პალიტრა

"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"

რატომ    იქცა   ისტორიის კუთვნილებად   აღმაშენებლისა   და თამარის   ქვეყანა

"ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდან სოერად არეგაწამდე" - ასეთ საზღვრებში აქცევდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის ეპოქაში, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა შეუქცევადი პროცესით მიმდინარეობდა. XIII საუკუნის დამდეგს კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს პოლიტიკური გავლენა კავკასიისა და წინა აზიის ქვეყნებზე. ამ დროისთვის საქართველო მთელ საქრისტიანოში უკვე მეორე კონსტანტინოპოლის ანუ მეორე ბიზანტიის ფუნქციის აღებას ცდილობდა.

იქმნებოდა შესაბამისი იდეოლოგიური საფუძვლებიც. XIII საუკუნის საქართველო შემოერთებული ტერიტორიებით (ჩრდილოეთ სომხეთი, შირვანი და სხვ.) მოიცავდა დაახლოებით 205,4 ათას კვკმ-ს. თუმცა აქ არ იგულისხმება იმ ქვეყნების ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს პროტექტორატის ქვეშ იყვნენ. მაგალითად, ტრაპიზონის სამეფო, ჩრდილოეთ კავკასიის სამეფო-სამთავროები, წინა აზიის საამიროები. აი, ასეთი მემკვიდრეობა მიიღეს ქართველმა მეფეებმა მონღოლთა ლაშქრობების წინ. მონღოლთა, შემდეგ ირანელთა და თურქთა ურდოების შემოსევებმა ისტორიის კუთვნილებად აქცია დავითისა და თამარის დროინდელი საქართველოს სიძლიერე. მტერი არა მარტო ძარცვავდა, არბევდა და ანადგურებდა ჩვენს სამშობლოს, არამედ უშუალოდ იერთებდა ქართულ მიწა-წყალს. ასეთი ბედი ეწია სამცხე-საათაბაგოს XVI საუკუნეში, როცა ეს კუთხე უშუალოდ ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

XV საუკუნიდან მოყოლებული, ერთიანი საქართველო სხვადასხვა სამეფო-სამთავროდ დაიშალა და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაც დანაწევრდა.

XVI-XVII საუკუნეებში ოსმალთა და ირანელთა დაპყრობითმა ომებმა კიდევ უფრო საგრძნობლად შეამცირა საქართველოს ისტორიული ტერიტორია. ამასთანავე, მტერი ძალუმად ცდილობდა უცხო ელემენტების ჩასახლებას საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც საფუძველს ქმნიდა სამომავლოდ ამ რეგიონების სამშობლოდან მოსაწყვეტად. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, მართალია, ქვეყანამ შედარებით მშვიდობა მოიპოვა, მაგრამ ამჯერად ახალი საფრთხე გაჩნდა - ერთი მხრივ, რუსი კოლონიზატორებისა და მეორე მხრივ, საქართველოში სხვადასხვა უცხო მოდგმის ხალხთა დასახლებით.

ქვეყნის არაერთი კუთხე აღმოჩნდა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. მარტო სამხრეთ საქართველოში 1828-1829 წლებში გრაფმა პასკევიჩმა 25000-მდე სომეხი ჩამოასახლა. დემოგრაფიული სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, შავი ზღვის ზოლზე - აფხაზეთსა და ქვემო ქართლში. პროცესი აქაც მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა. რუსეთის იმპერიის მესვეურები ათასობით და ათიათასობით უცხოელს ასახლებდნენ ქართულ მიწაზე, ამან კი აღნიშნულ მხარეებში ეთნიკური სიჭრელე გამოიწვია - ბევრ რეგიონში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

ახალი ეტაპი საქართველოს ტერიტორიების დატაცებისა განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში. ეს პროცესი დაკავშირებულია საბჭოთა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკასთან. ქართული მიწების გაცემა-გაჩუქების ჟამს განსაკუთრებით აქტიურობდნენ მოსკოვსა თუ კავკასიაში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბოლშევიკები. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ქართული მიწების ასეთი "ხავერდოვანი დატაცება" არ მომხდარა ჩვენი ქვეყნის ისტორიის არც ერთ ეტაპზე.

KvirisPalitra.Geსაზღვრები,   რომელსაც დამოუკიდებელი    საქართველო ითხოვდა...

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ საქართველო მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას - სამხრეთ კავკასიის თითქმის 45% ეკავა და რეგიონში ყველაზე დიდ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მასში შედიოდა ართვინის, არდაგანის, ლორეს, ზაქათალის ოლქები. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი და არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიები ჰქონდა რუსეთისადმი სოჭის ოლქთან დაკავშირებითაც. ამასთანავე, საქართველო მოითხოვდა ოლთისისა და ტრაპიზონის ვილაიეთის შემოერთებასაც.

1919 წლის ივლისში პარიზის სამშვიდობო კონფერენციისადმი წარდგენილ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მოხსენებაში ვკითხულობთ: "საქართველოს დელეგაცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიამ უნდა მოიცვას თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის, ზაქათალისა და ბათუმის ოლქები, ორი ოლქი ყარსის დასავლეთით (ოლთისი და არდაგანი) და შავიზღვისპირეთის ოლქის რამდენიმე ნაწილი, აგრეთვე, ტრაპიზუნის ვილაიეთი (ტრებიზონი)". მოხსენებას თან ერთვის იმდროინდელი საქართველოს საზღვრების დეტალური აღწერა. საყურადღებოა, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვარი იწყება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პატარა მდინარე მაკოფსეს შესართავიდან, რომელიც ქალაქ ტუაფსეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა 14 კმ-ში.

მოხსენების მიხედვით, საზღვარი შემდეგ კავკასიონის ქედს მიუყვებოდა, სოფელ ლარსთან გადიოდა ჩრდილოეთ სექტორში, სოფლიდან 5 კმ-ის მოშორებით. აქედან მიუყვებოდა მდინარე არკმეხს - თერგის პატარა შენაკადს სოფელ ლიადჟამდე, საიდანაც საზღვარი გრძელდებოდა აღმოსავლეთისკენ ყარა-ჩაის მთამდე. შემდეგ მიემართებოდა ზაქათალის ოლქსა და ქალაქ ნუხის რაიონის უძველეს საზღვარზე, უხვევდა სამხრეთით და მდინარე ალაზანთან შეერთებამდე მიჰყვებოდა მდინარე ყარა-ჩაის დინებას. გაივლიდა ბორჩალოს (თბილისის გუბერნია) და ყაზახის (ელიზავეტოპოლის გუბერნია) რაიონების ძველი საზღვრის გასწვრივ, შემდეგ კი თბილისისა და ერევნის გუბერნიების ძველ საზღვარს მიუყვებოდა. სამხრეთით, საქართველოში რჩებოდა არდაგანი, ტაო, კლარჯეთი, ხოლო რიზესთან საზღვარი გადიოდა შავ ზღვაზე.

სწორედ ამ საზღვრებში ითხოვდა საქართველოს მთავრობა ახლად წარმოქმნილი რესპუბლიკის ცნობას. მართალია, მოგვიანებით საქართველოს საზღვრის საკითხმა ერთგვარი კორექტირება განიცადა, მაგრამ ზოგიერთი ტერიტორიის (მაგალითად, სოჭის ოლქის, ლაზისტანის...) საქართველოს შემადგენლობაში ცნობისგან მენშევიკებმა საბოლოოდ თავი შეიკავეს, სამაგიეროდ, ძალუმად ცდილობდნენ დარჩენილ ტერიტორიაზე თავისი ძალაუფლების გავრცელებას. რამდენად გამოსდიოდათ და რამდენად ჯეროვნად იყო მიმართული ქვეყნის ხელისუფალთა ყურადღება ამ კუთხით, ეს სხვა საკითხია.

KvirisPalitra.Geქვეყნის  დაჩეხვისა  და გასაჩუქრების   დასაწყისი

1921 წლის საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა, თავისი ადგილობრივი აგენტების მეშვეობით, იმთავითვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის დაჩეხვა და გასაჩუქრება. ეს იყო საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი დანაწილება, რომელიც თავისი შედეგებით, თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ XX საუკუნის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად. შედეგი ამ პროცესისა კი ის გახლდათ, რომ საქართველოს ჩამოეჭრა დღევანდელ ტერიტორიასთან შეფარდებით ფართობის თითქმის 25%.

თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეული საქართველო იძულებული გახდა, ამ ორი დიდი მეზობლისათვის თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო. ასევე რამდენიმე რაიონი გადაეცა აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა დამოუკიდებელმა საქართველომ დასაწყისში, თურქთა ზეწოლის შესაჩერებლად, გარკვეულწილად ცნო მათი პრეტენზიები, მაგრამ 1919 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირის - ოსმალეთის დამარცხებამ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა მისცა, დაკარგული ტერიტორიის შემოერთებისთვის ეზრუნა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა პარიზის სამშვიდობო კონფერენციისადმი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მოხსენების წარდგენაც, რომელიც ზემოთ დავიმოწმეთ. 1919 წელს საქართველო იერთებს ჯერ ჩრდილოეთ არტაანს, შემდეგ კი ამ პროვინციის სამხრეთ ნაწილსაც.

მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა ართვინისა და ტაოს ოლქების შემოერთებისთვის. ახალშექმნილ ტერიტორიებზე აქტიურად მიდის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფორმირება. ეს პროცესი თითქოსდა საქართველოს სასიკეთოდ ტრიალებდა, მაგრამ მოკლე ხანში პირველი ქართული რესპუბლიკა წითელი რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა და ბუნებრივია, უდიდესი მოვლენა - ქართული მიწების შეკრება-გაერთიანების პროცესი ისტორიის კუთვნილებად იქცა. რუსეთმა უყოყმანოდ განაცხადა უარი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე და იგი თურქებს გადაულოცა.

თურქეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხი განსაზღვრა ორმა შეთანხმებამ: 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებამ და 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებამ. მართალია, 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ იურიდიულად საქართველო კვლავ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, მაგრამ ფაქტობრივად, იგი რუსეთის გავლენის ორბიტაში იყო მოქცეული და ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, რეალურად, რუსეთი განაგებდა. ამიტომაცაა, რომ უკვე მოსკოვის მოლაპარაკებაზე თურქეთმა სწორედ რუსეთის წინაშე დასვა საქართველო-თურქეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი, რაც აისახა კიდეც საბოლოო დოკუმენტში.

ქართული მიწა-წყლის თურქეთისთვის გადაცემა მოსკოვში გადაწყდა, ხოლო მოგვიანებით, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ისევ და ისევ რუსეთის შუამდგომლობით, ქართულმა მხარემ "მიიღო" ეს წინადადება ყარსში - ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის ურთიერთმეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებისას. ამიერიდან საზღვარს უნდა გაევლო: სოფელ სარფიდან (შავი ზღვიდან) კარა შალვარის მთა, სოფელ მარადიდის ჩრდილოეთ სექტორი, გადაეკვეთა მდინარე ჭოროხი, გაევლო სოფელ საბაურის ჩრდილოეთით, შემდეგ - ხედის მთა, ქვა-კიბის მთა, სოფელი ქავთარეთი, გაჰყოლოდა მეჯიბნას მთის წყალგამყოფ ხაზს, გაევლო გერათკესუნის მთა, ქორდას მთისა და შავშეთის მთის წყალგამყოფი ხაზი. ამის შემდეგ საზღვარი გადიოდა სარი ჩაიას მთაზე, ყვირალას უღელტეხილზე. იქიდან კი მიუყვებოდა არდაგანისა და ყარსის სანჯაყების ადმინისტრაციულ საზღვარს.

ეს შეთანხმება, ფაქტობრივად, გამოხატავდა საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესებს და გაგრძელება იყო იმ პოლიტიკისა, რასაც წითელი რუსეთი წარმართავდა თურქეთის მიმართ. ყველაზე ტრაგიკული კი, რაც ამ შეთანხმებამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა, იყო ის, რომ საქართველომ საბოლოოდ უარი თქვა თავის ისტორიულ ტერიტორიებზე - კოლაზე, არტაანზე, შავშეთზე, კლარჯეთზე, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილზე.

საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის მიღმა დარჩა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი - მაჭახელა, ბორჩხა და მაკრიალი (936 კვკმ), ართვინის ოლქი (3339 კვკმ), არტაანის (არდაგანის) ოლქი (ფოცხოვის უბანთან ერთად 5725 კვკმ), ტაოს ანუ ოლთისის ოლქი (3051 კვკმ). ამ ჩამონათვალში ჩვენ შეგნებულად არ შევიტანეთ ლაზისტანი, რადგანაც ეს ტერიტორია, მართალია, დასახლებული იყო ქართველებით, მაგრამ იგი უკვე V-VI საუკუნიდან საქართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა.

ამდენად, 1921 წელს თურქეთმა საბოლოოდ შეიერთა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი - 13051 კვკმ ფართობზე მეტი.

KvirisPalitra.Geრუსეთმა "უმცროს ძმას" ტერიტორიები წაართვა

საქართველოს დანაწილების მთელი ეს პროცესი რუსეთიდან იმართებოდა გაუკუღმართებული, "გაკოსმოპოლიტებული" ქართველების წყალობით და ისე როგორ იქნებოდა, თავად რუსეთს არ წაეღო თავისი "წილი" ჩვენი ისტორიული ტერიტორიებიდან.

უძველესი დროიდან საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი ნიკოფსიამდე აღწევდა. ეს გეოგრაფიული პუნქტი კი ტუაფსის რაიონშია საძიებელი. ლეონტი მროველი XI საუკუნეში წერდა: "მისვე ადერკის მეფობასა მოვიდეს ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანნი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა". იმავე XI საუკუნის მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქს უხსნიდა: "ერთი წმინდა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყვ კანანელსა - ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების". საერთოდ, ქართული წყაროები ნიკოფსიას უცილობლად საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. შესაბამისად, მანამდე გადაჭიმული ტერიტორიაც ქართველთა ქვეყანა იყო.

შემთხვევითი არ არის, რომ გიორგი მთაწმინდელი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან იყო, საგანგებოდ მიუთითებს, რომ სიმონ კანანელი "ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს"-ო. ეს აშკარად მეტყველებს, ერთი მხრივ, საერთო ქართულ ცნობიერებაზე და, მეორე მხრივ, ნიკოფსიის საქართველოსადმი კუთვნილებაზე. გვიან შუა საუკუნეებში ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან წარმართულმა მიგრაციის პროცესმა საგრძნობლად შეამცირა ქართული ელემენტი გაგრა-ტუაფსის სექტორში. თანდათან ქვეყნის საზღვარმა ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა მდინარე ფსოუმდე.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ პერიოდში (1918-1919) საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა სოხუმისა და სოჭის ოლქები. ე.ი. იმხანად ჩვენი საზღვარი რეალურად აღწევდა ისტორიულ ნიკოფსიამდე.

XIX საუკუნის II ნახევარში სოხუმის ოლქი ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. 1903 წელს მეფის რუსეთმა იგი ცალკე ერთეულად გამოყო, ოღონდ მისი ერთი ნაწილი - გაგრის სექტორი შავიზღვისპირეთის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. 1918 წლის ზაფხულში ქართულმა ჯარებმა აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს მოახერხეს სოჭისა და ტუაფსის აღება. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. ეს უკანასკნელი იგონებს: "როგორც ტფილისიდან, ისე აფხაზეთის ეროვნული საბჭოდან მივიღე ანალოგიური ბრძანებანი: წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს პირდაპირი მავთულით, ვითომდა თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრებ ქართველებისა, ხოლო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არა მარტო სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვარი უძველეს დროში ანაპამდეც მიდიოდა".

ამის შემდეგ, 1918 წლის ივლისში ქართული არმია შეტევაზე გადადის და ჯერ სოჭს იღებს, შემდეგ კი ტუაფსეს. ამის პარალელურად მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა სოჭის ოლქის ადგილობრივ მოსახლეობასთან. 1918 წლის 18 სექტემბრის რეზოლუციით, ქალაქ სოჭის სოციალისტური პარტია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან მოითხოვდა, დაუყოვნებლივ მოეხდინათ სოჭის ოლქის საქართველოსთან შეერთების დეკლარირება. ამავე თხოვნით მიმართავდა საქართველოს მთავრობას სოჭის სოციალ-რევოლუციური პარტია. სოჭის მოსახლეობის  20 სექტემბრის მიმართვაში ვკითხულობთ: "სოჭის მოქალაქენი გამოთქვამენ სურვილს, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ, საგანგებო დეკრეტით გააფორმოს სოჭის ოლქის დროებითი შეერთება რესპუბლიკასთან".

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა სოჭის ოლქს მაინც რუსეთის კუთვნილებად მიიჩნევდა და მის დაკავებას დროებით მოვლენად თვლიდა. ეს კარგად ჩანს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორის განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა ე.წ. "დობროარმიის" სარდლობასთან მოლაპარაკებისას. "ამასთან, - დასძენდა მინისტრი, - მე ვფიქრობ, რომ სოჭის ოლქი და აჭარა არაფრით ეწინააღმდეგება თქვენს მიზნებსა და ამოცანებს. თუ მართლა შემდგომში აღდგა ახალი რუსეთი, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება, მაშინ ჩვენ წინაშე შეიძლება დაისვას საკითხი არა მარტო სოჭის ოლქის დაბრუნების შესახებ, არამედ უფრო დიდი საკითხი და ეს თქვენ ანგარიშში უნდა მიიღოთ".

ასეთი განცხადების მიუხედავად, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა, აშკარად თუ ფარულად, სოჭის ოლქის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობდა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციისადმი წარდგენილ მოხსენებაში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარი სწორედ ტუაფსეს სექტორშია ნაჩვენები. საგარეო-პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანდათან იცვლება. საბოლოოდ, საზღვრის დემარკაციის პრობლემა გადაწყვიტა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ, სადაც ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა ორ ქვეყანას შორის არსებული სასაზღვრო ზოლი. ხელშეკრულების მესამე მუხლში ეს საკითხი ასეა ფორმულირებული:

"სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გაივლის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუმდე, ახახჩას მთამდე, მთა ახახჩა და მთა აგაპეტით და ჩრდილოეთის საზღვრებით ყოფილი შავი ზღვის, ქუთაისისა და ტფილისის ყოფილი გუბერნიების ზაქათალის ოლქამდე და ამ ოლქის აღმოსავლეთ საზღვრით სომხეთის საზღვრამდე". ამდენად, საქართველომ უარი განაცხადა სოჭის ოლქზე, სამაგიეროდ საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში სამუდამოდ მოექცა სოხუმის ოლქი ანუ აფხაზეთი.

მიუხედავად საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის ამგვარი გარიგებისა, გასაბჭოების შემდეგ მოსკოვმა მაინც ჩამოაჭრა საქართველოს ტერიტორიები, თუმცაღა მცირე ნაწილი. სკკპ ცკ-ის 1925 წლის დადგენილებით, რუსეთს გადაეცა აფხაზეთის ნაწილი - პილენკოვო (განთიადი) 268,15 კვკმ ფართობით, ხოლო 1927 წელს - მელხესტი და ცეკარო (დუშეთის მაზრა) 166,78 კვკმ ფართობით. მოგვიანებით, 1929 წელს პილენკოვო (განთიადი) და ერმოლოვკა (ლესელიძე) კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნდა. საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ საზღვარი ამიერიდან მდინარე ფსოუზე დამკვიდრდა. რაც შეეხება მელხესტსა და ცეკაროს, ისინი სამუდამოდ დაეკარგა საქართველოს.

ზემოთ განხილული საკითხები კიდევ უფრო აქტუალური ხდება დღეს, ვინაიდან ჩვენი მეზობლები არ დაკმაყოფილდნენ მიღებული "საჩუქრით" და მეტს მოითხოვენ. ამის დასტურია 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიაზე "დამოუკიდებელი" რესპუბლიკების შექმნა, რომლებიც ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენენ. დღეს, სიტყვით, საქმითა თუ ხმლით უნდა დავიცვათ თითოეული გოჯი ჩვენი მიწა-წყლისა, რადგანაც დასაკარგ-გასაცემი უკვე აღარაფერი დაგვრჩა.

ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა იზრუნოს დაკარგულ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველებსა და ამ ადგილებში არსებულ ისტორიულ ძეგლთა მოვლა-პატრონობაზე. ეს ზოგადსახელმწიფოებრივი პრობლემაა და მას დროულად უნდა მიხედვა.

ჯაბა სამუშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

TOP.GE