გიორგი XI ქართველი ვალი ირანში - კვირის პალიტრა

გიორგი XI ქართველი ვალი ირანში

საქართველოსა და ირანის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის. ამ ორმა ქვეყანამ ასწლეულები ერთმანეთის წინააღმდეგ ომებში გაატარა, თუმცა იშვიათად, მაგრამ ერთმანეთის მოკავშირეებადაც გვევლინებოდნენ. საქართველოს ისტორიის სრულყოფილად შესწავლა, ირანთან ურთიერთობის განხილვის გარეშე წარმოუდგენელია.

მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთობამ, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა ორივე ქვეყნის ისტორიაში. საქართველო ოდითგანვე თავს იცავდა თავისი სამხრეთელი აგრესორისაგან. ამიტომაც საქართველო მუდამ ძლიერი მოკავშირის ძიებაში იყო, რასაც ობიექტურ მიზეზთა გამო წარმატებით ვერ ახორციელებდა. ძიების პროცესში შეცდომაც მრავალჯერ დაუშვია.

KvirisPalitra.Geსამხედრო პოტენციალით გაცილებით ძლიერ ირანს, ქართველები ხშირად მოქნილ დიპლომატიას უპირისპირებდნენ. ასე მოხდა ვახტანგ V შაჰნავაზის დროსაც. ვახტანგმა შეძლო თავისი მეფობის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველო გაეერთიანებინა და დასავლეთ საქართველოში თავისი შვილი, გიორგი XI გაემეფებინა.

ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1675 წელს ირანში მიმავალი ვახტანგი გარდაიცვალა, მამის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ირანში წავიდა, სადაც მას მხოლოდ ქართლი დაუმტკიცეს, კახეთი კი ყიზილბაშ ხანს გადასცეს.

გიორგის მამის პოლიტიკა არ გაუგრძელებია, აშკარად დაუპირისპირდა ირანის შაჰს. გიორგი XI (1677-1688) ებრძოდა ქართლის სპარსოფილ თავადებს და ისწრაფოდა დამოუკიდებლობისკენ. ირანის შაჰს ჰუსეინ I-ს (1677-1722) არ მოსწონდა ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესები, მან გიორგის არჩილის დაჭერა დაავალა, რომელმაც ახალციხის ფაშასთან დაამყარა ურთიერთობა. გიორგიმ ბრძანება არ შეასრულა და კახეთის დაკავებასაც შეეცადა. ურჩობისთვის მას შაჰმა ქართლი ჩამოართვა და ირანში გაიწვია, თუმცა გიორგი არ დაემორჩილა და თავისი ძალებით შეეცადა ქართლის დაკავებას, მაგრამ დამარცხდა. 1688 წელს ქართლი სამართავად გამაჰმადიანებულ ერეკლე ნაზარალი-ხანს გადაეცა (1688-1703).

გიორგი 1691 წელს ისევ გადმოვიდა ქართლში, ოთხი წელი ებრძოდა ერეკლეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. იძულებული გახდა ირანში შაჰს ხლებოდა. ქართლის დაბრუნება მხოლოდ 1703 წელს შეძლო, თუმცა შაჰმა მას ირანის სპასალარობაც უბოძა და ირანში დატოვა, ქართლში კი ლევანის ვაჟი ვახტანგი, შემდეგში ვახტანგ VI, დაინიშნა ჯანიშინად.

საქართველო-ირანის ურთიერთობაში განსაკუთრებით საგულისხმოა ერთი ფაქტი: ირანი შესანიშნავად იყენებდა ქართველთა სამხედრო თუ ადმინისტრაციულ ნიჭს და ამ მხრივ დიდ წარმატებებსაც აღწევდა. ამის ნათელი დადასტურებაა გიორგი XI-ის მოღვაწეობა ირანში. ქართველმა "ვალმა", როგორც მას ირანში უწოდებდნენ, შეძლო და დროებით მოუგვარა ირანს ავღანი ტომების შემოსევის პრობლემა. გიორგი ქირმანის ოლქის გამგებლად დაინიშნა. ვალი ირანის ჯარის სპასალარი იყო. რეალურად მხოლოდ 2 000 ქართველი ჯარისკაცი ახლდა თან, თუმცა ავღანელთა შემოსევებს წარმატებით უმკლავდებოდა.

ამის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ცნობები აქვს შემონახული ისტორიკოს სეხნია ჩხეიძეს, რომელიც გიორგი მეფეს თან ახლდა ყანდაარში და თითქმის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა.

სეფიანთა ირანს უდიდეს პრობლემებს უქმნის ავღანი ტომების შემოსევა, სწორედ იქ, სადაც საჭირო იყო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და შესაძლო მოკავშირის პოვნაც შეიძლებოდა, გიორგი მეფემ შეცდომა დაუშვა. შანსი ეძლეოდა ავღანელებთან კავშირის შემდეგ მათთან ერთად შეეტია ირანისთვის, რაც გამოიწვევდა ქართლისა და კახეთის ირანის ბატონობისგან გათავისუფლებას. ამის სანაცვლოდ იგი დაუპირისპირდა ავღანელებს და უდიდეს წარმატებას მიაღწია. არ წაუგია არც ერთი მცირე შეტაკება თუ დიდი ბრძოლა ავღანელებთან.

KvirisPalitra.Geის, რომ ირანის რთული მდგომარეობით არ ისარგებლეს ქართველებმა, განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით. პირველი ის, რომ გიორგის თავიდან გართულებული ურთიერთობა ჰქონდა შაჰთან და ავღანელებთან, წარუმატებელი ალიანსის შემთხვევაში ალბათ სიკვდილით დასჯიდნენ; მეორე ის, რომ მიუხედავად დიდი წარმატებებისა, შაჰ ჰუსეინი მას მაინც არ უყურებდა კეთილი თვალით. ირანი ახერხებს რთულ პერიოდშიც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ქართველები. ეს ფაქტი თავის მხრივ, ქართველთა გაუბედაობასა და თავის ძალებში დაურწმუნებლობაზე მიუთითებს. იგივე განმეორდა მოგვიანებით, როდესაც ვახტანგმა თავისი ვაჟი ბაქარი არ გაუშვა ირანში ჯარით, როდესაც ისპაჰანს ავღანელებმა ალყა შემოარტყეს და აიღეს..

ამ პერიოდში ქართულ სამხედრო ძალას ეყრდნობა ირანი. ქირმანის ოლქის გამგებელი და ირანის სპასალარი გიორგი მეფეა, ირანის მდივანბეგი კი - მისი ძმა ლევანი. ქირმანის ოლქში ამ დროისთვის დაახლოებით 2 000 ქართველია გიორგი მეფის გარშემო შემოკრებილი. ქართველები ამ ჯარით მხოლოდ ერთხელ, 1711 წელს დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფე ქაიხოსრო II და ბატონიშვილი ალექსანდრე. ამის შემდეგ კი მირ-ვეისმა ყველა ბრძოლა მოუგო ირანულ ლაშქარს.

1712 წელს 20000-იანი ირანული არმია 5000-იანი ჯარით სასტიკად დაამარცხა. ამ ბრძოლის შედეგად ავღანელებმა ხელთ იგდეს გირიშკის ციხე. აღსანიშნავია, რომ ირანელი სარდლები თავისი ჯარით თითქმის უბრძოლველად ნებდებოდნენ ავღანელებს. ქართველმა მეფეებმა მოახერხეს ავღანელთა შეჩერება, ამას ჯერ გიორგი XI აკეთებდა, მის შემდეგ კი ქაიხოსრო II (1709-1711). მათი გარდაცვალების შემდგომ ეს დიდი პრობლემა ირანისთვის მოუგვარებლად იქცა, რამაც 1722 წელს ბოლო მოუღო კიდეც სეფიანების დინასტიას და ირანში ავღანელთა მმართველობა დაიწყო.

ირანში გიორგი XI-ის წარმატებები თავის მხრივ გზას უხსნიდა ვახტანგ VI-ს, რათა აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა ქართლში. მან მმართველობას ჩამოაცილა მისთვის არასასურველი პირები. 1705 წლის საეკლესიო კრებაზე ქართლის კათალიკოსად მისი ძმა დომენტი აირჩიეს, რითაც მეფემ ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვა.

წარმატებები დიდხანს არ გაგრძელებულა. 1709 წელს გიორგი მეფეს მირ-ვეისმა დანათესავება შესთავაზა და ნადიმზე მიიპატიჟა, სადაც ვერაგულად მოკლეს. ამის შემდეგ 2 წლით გიორგის ადგილი ქაიხოსრო II-მ დაიჭირა, რომელიც 1711 წელს ქალაქ ყანდაარზე იერიშისას დაიღუპა.

ამის შემდეგ "გურჯისტანის ვალის" ტახტი კვლავ თავისუფალი დარჩა. ირანში მყოფ ქართველთაგან ამ ტახტზე ბევრს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე გააკეთა. ვახტანგი 1712 წელს ირანში ჩავიდა, სადაც მას ტახტს გამაჰმადიანების შემდეგ დაუმტკიცებდნენ. ვახტანგმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, რის გამოც მან ტახტი 1716 წლამდე ვერ მიიღო.

KvirisPalitra.Geგიორგი მეფისა და ვახტანგის შეცდომებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მათ ვერ შეძლეს სახელმწიფოსთვის საჭირო ერთობლივი პოლიტიკის შემუშავება. გიორგის წარმატებებით მართალია ისარგებლა ვახტანგმა, მაგრამ ეს არ იყო დიდი პოლიტიკის შედეგი, ეს ლოგიკური ნაბიჯი გახლდათ გიორგის წარმატებათა ფონზე. იმდენად ვერ ისარგებლეს, რომ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგმა ძალიან დასუსტებულ ირანსაც კი ვერ გაუწია წინააღმდეგობა და იძულებული აღმოჩნდა ირანში ხლებოდა შაჰს.

დასუსტებულმა ირანმა შეძლო აერია ოდნავ დაწყნარებული სიტუაცია, რომელიც ვახტანგმა დატოვა ქართლში და ირანზე დამოკიდებულება ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ვახტანგი აკონტროლებდა ქართლში ყოფნის დროს სიტუაციას, თუმცა მან თავისი ჯანიშინობის პერიოდში ვერ შეძლო ხელისუფლების ისე გაძლიერება, რომ მთლიანად აელაგმა ქვეყანაში სპარსეთის ძალაზე დაყრდნობილთა თარეში.

ვახტანგმა მიიღო მაჰმადიანობა 1716 წელს, თუმცა ქართლში მხოლოდ 1719 წელს დაბრუნდა. მის დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პერიოდში ჩნდება იდეა ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნისა. ვახტანგი ინიშნება სამხრეთ აზერბაიჯანის სპასალარად. მან მოაწყო ლაშქრობა ლეკებზე და წარმატებითაც. შაჰისთვის ვახტანგის გაძლიერება და ზემოთ ხსენებული ორი ქვეყნის გაერთიანება მიუღებელი იყო. მან ლაშქრობის შეჩერება მოითხოვა, რასაც სამწუხაროდ ვახტანგი დათანხმდა. ამ ლაშქრობის შემდეგ კი დაიფიცა, რომ შაჰის ბრძანებას აღარ შეასრულებდა.

ამის გამო მან მისი ერთ-ერთი ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვა, როდესაც შაჰი დახმარებას სთხოვდა ავღანელთა ალყის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ ირანში ლაშქრობა მოეწყო და ავღანელთა მაგივრად ქართველებს აეღოთ ისპაჰანი, ბაქარს უკან დაბრუნება მოსთხოვა. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია არ არის იმაზე, რომ ქართველებს ამ დროს ირანის დაპყრობაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ მათ ჰქონდათ სერიოზული შესაძლებლობა, თუნდაც მათთვის სასურველ პირს დაეკავებინა შაჰის ტახტი. შეცდომა იყო ასევე ლეკებზე ლაშქრობის შეწყვეტა. ირანს არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ ვახტანგის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საქართველოში ლაშქრობა მოეწყო. და თუ მოაწყობდა, აუცილებლად დამარცხდებოდა, რისი თქმის საფუძველსაც მათი და ავღანელების ომები იძლევა.

აღსანიშნავია, რომ შაჰ ჰუსეინი იყო ერთ-ერთი უსუსტესი მმართველი სეფიან შაჰთა შორის. მის დროს ავღანელებმა მოახერხეს ირანის დედაქალაქის აღება და სეფიანთა დინასტიის დამხობა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართველ მეფეებს უნდა მოეხერხებინათ ქართლ-კახეთის გაერთიანება და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რადგანაც ირანს მხოლოდ სიტყვით თუ შეეძლო იმ დროისათვის საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სანქციის გატარება. მას არ შესწევდა სამხედრო ოპერაციის ჩატარების ძალა.

გიორგი XI, ქაიხოსრო II და ვახტანგ VI ვერ ახერხებდნენ ერთობლივი პოლიტიკა ეწარმოებინათ ირანის წინააღმდეგ. გიორგი და ქაიხოსრო ირანს იცავდნენ ავღანელებისგან, სწორედ მათი დახმარებით მიაღწია ირანმა 1722 წლამდე. ვახტანგმა კი ხელიდან გაუშვა შანსი, ჩარეულიყო ირანის საშინაო პოლიტიკაში და თავის სასარგებლოდ გადაეწყვიტა ბევრი რამ.

ხშირად გამოითქმის ისტორიაში აზრი, რომ ამა თუ იმ დიდ მეფეს ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებაში ეპოქამ შეუწყო ხელი. სწორედ ასეთი ეპოქა ვერ გამოიყენეს იმ პერიოდში ქართველმა მეფეებმა.

გრიგოლ კობიაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”