დაკარგულის ამბავი - კუდ-ის საიდუმლო აგენტურა
2012 წლის 8 აგვისტოს "კვირის პალიტრა" წერდა, შვილდაკარგული დედის ცინარა აბულაძის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ ცემეს, რომ დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, გამოძიების დაწყებას და დახმარების სათხოვნელად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდა.
ცინარა აბულაძის ვაჟი გოგიტა აბულაძე ანაკლიაში, სასტუმროში მუშაობდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. გასვლის წინ წერილი დატოვა, "წავედი აფხაზეთში ჟენიასთან შესახვედრად, ამის შესახებ მალხაზ პაჭკორიამ იცისო." პაჭკორია იმ პერიოდში ზუგდიდის კონტრდაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო, თუმცა, კატეგორიულად იუარა გაუჩინარებულ აბულაძესთან ნაცნობობა. ოჯახის წევრების თქმით, იმ დღიდან დაიწყო მათზე ძალადობრივი ზეწოლა და საგამომძიებლო ორგანოები გაურკვეველი მიზეზების გამო აქამდე აჭიანურებენ საქმის მოკვლევას.
"ასეთი დამოკიდებულების გამო გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართლადამცველებმა, მით უფრო მალხაზ პაჭკორიამ შესანიშნავად იცის ჩემი ძმის ბედი და სიმართლეს გვიმალავენ. სამწუხაროდ, პაჭკორია დღემდე ახდენს ზეგავლენას ზუგდიდის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებზე. არამარტო მათზე, ამბის მოწმეები დათრგუნულები არიან. პირად საუბრებში ლაპარაკობენ, ჩვენების მიცემაზე კი უარს ამბობენ. ამიტომაც ჩავეწერეთ მიღებაზე არჩილ კბილაშვილთან და თეა წულუკიანთან. ვითხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე. სხვანაირად გამოძიება კიდეც რომ დაიწყონ, საეჭვოა სწორი გზით წავიდნენ. პაჭკორია ყველანაირად შეეცდება ძიების ჩიხში შეყვანას, რომ სიმართლე არ გაირკვეს. ამ საქმეში ძალიან ცუდად იკვეთება სპეცსამსახურების და სამართლადამცველების კვალი. რახან შესაბამისი ორგანოები არ იძიებდნენ საქმეს, ოჯახმა დავიწყეთ მოკვლევა და დგინდება, რომ გოგიტას ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა მალხაზ პაჭკორიასთან. მის ერთ-ერთ საქაღალდეში ვნახეთ ფურცელზე, სავარაუდოდ პაჭკორიას მიერ ჩაწერილი მისივე ტელეფონის ნომერი და ხელმოწერა. ნომერი ჯერ კიდევ მაშინ მიუცია გოგიტასთვის, როდესაც ტელეფონის ინდექსი 8-იანით იწყებოდა. ჩვენთან საუბარში პაჭკორია კატეგორიულად უარობს გოგიტასთან ურთიერთობას, მაგრამ სხვებთან, ჩვენი თხოვნით დაინტერესებულ ხალხთან საუბარში აღიარებს, რომ იცნობდა და რომ ჩემი ძმა თურმე აგენტი იყო. ესეც მოვიკვლიეთ, ვისი აგენტი უნდა ყოფილიყო, ქართული კონტრდაზვერვის, თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების? თბილისში მოდულის შენობაში მივედით, სადაც ჩემი ძმის გაუჩინარების შესახებ მასალები არის გადაგზავნილი ზუგდიდიდან, იქ შევხვდით ვინმე ვახტანგ ჯაკონიას, რომლის თანამდებობაც არ ვიცით, მაგრამ ჩვენი თანდასწრებით გოგიტას საქმეზე ვიღაცას ტელეფონით ელაპრაკა და საუბარში გაირკვა, რომ გოგიტას კოდური, საიდუმლო ნომერიც აქვს. გამოდის, რომ ამ სისტემასთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა. როდესაც ამდენი რამ ვიცით, ახლა მაინც გვითხრან რა მოხდა? ხომ ფაქტია, რომ ანაკლიის სასტუმრო, სადაც ჩემი ძმა მუშაობდა, კუდ-ის ბუდე იყო. იქ იკრიბებოდნენ სპეცსასამხურების თანამშრომლები ხშირად. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებული 10 კუდ-ელი მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთი გიორგი ჯავახიძე და ანაკლიის სასტუმროს ადმინისტრაციის უფროსი ასევე გიორგი ჯავახიძე ერთი და იგივე პროვნება უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს მისი ფოტო, შეადაროს საზოაგდოებამ და სამართლადამცველებმა კუდ-ელ გიორგი ჯავახიძეს და თუ ეს მართლაც ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდება, კიდევ უფრო განმტკიცდება ეჭვი, რომ ჩემი ძმა მათთნ მუშაობდა. ფაქტია, რომ "ანაკლიელი" წარმოშობით ბორჯომელი გიორგი ჯავახიძე და გოგიტა ძალიან ახლობლობდნენ. ეს იცის ყველამ ანაკლიაში. გოგიტას გაუჩინარებიდან ყოველდღე, ჯავახიძე დილას თათბირით იწყებდა და თანამშრომლებს ეკითხებოდა, აბულაძის ხომ არაფერი იცითო. არადა, იქნებ ეს კვალის არევის მიზნით ხდებოდა, სინამდვილეში კი გოგიტა ანაკლიაშივე, სადმე მშენებლობაზე ჩააბეტონეს და იმედი აქვთ, რომ მის კვალს ვერ ვიპოვნით. ისიც ფაქტია, რომ გოგიტას დაკარგვიდან მეორე დღეს, ვანო მერაბიშვილი ესკორტით გიჟივით მივარდნილა სასტუმროში, ყველა თანამშრომელი რატომღაც ერთ ოთახში ჩაუკეტავთ, თვითონ კი მეორე სართულზე შეკრებილან, სადაც თურმე ვანო მთელი ხმით ღრიალებდა, ასეთი კაცი თუ გყავდათ, როგორ დაკარგეთო. დავიღალეთ გამოცანების გამოცნობის მცდელობით და მოლოდინით, გვითხრან რა დამართეს ჩემს ძმას, მოკლეს, თუ ცოცხალია? მალხაზ პაჭკორიას ერთი ქალი ჰყოლია დაქირავებული, რომელსაც დავალებული ჰქონდა დედაჩემი დაერწმუნებინა, რომ აფხაზეთში დააკავეს მისი შვილი. დავიწყეთ ძებნა აფხაზეთშიც. იქ ციხეებში მსგავსი არავინ არის. ეს იყო პაჭკორიას მხრიდან კვლავ კვალის არევის მცდელობა."-ამბობს გოგიტა აბულაძის და მანანა, რომელიც იმის გამოც წუხს, რომ ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ისევ ძველი კადრები რჩებიან სამუშაოდ, ვის გამოც სიკეთეს არც თვითონ მოელის და ხელისუფლებასაც ვერ ურჩევს მშვიდად ყოფნას.
ვინ არის ჟენია და რატომ მიდიოდა მასთან შესახვედრად გოგიტა აბულაძე? ოჯახის წევრების განცხადებით, ეს ჟენია, რუსი მშვიდობისმყოფელი ევგენი ბორისოვია, რომელიც ანაკლიაში ბლოკ-პოსტზე იდგა სხვა ჯარისკაცების მსგავსად. მათ ახლო კონტაქტები ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლოებასთან, ხშირად საკვებს უცვლიდნენ ერთმანეთს. ევგენი-ჟენია განსაკუთრებით ახლოს ყოფილა გოგიტა აბულაძესთან, რომლის გაუჩინარებიდან მალევე ქართველმა სამართლადამცველებმა რუსი სამხედრო პირი რუსული სპეცსამსახურების აგენტად შერაცხეს. "გოგიტას რუსი ეროვნების ცოლი ჰყავს და ამიტომაც ჟენიას შედარებით ახლო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს ძმასთან. რაში გამოიყენეს პაჭკორიამ და მისმა კოლეგებმა ეს ფაქტი, არ ვიცით. ერთი ცხადია, გოგიტა სოხუმში არ ჩასულა და არც ბორისოვს შეხვედრია. " -ამბობენ გაუჩინარებული, სავარაუდოდ სპეცსამსახურების აგენტის დები.

ცინარა აბულაძე:
"გაუჩინარების დღეს ჩემი შვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად სამარშრუტო ტაქსით ზუგდიდში მიდიოდა, ვიღაცამ დაურეკა და ტრანსპორტიდან ჩავიდა. ერთ-ერთი პოლიციელის, დავით გულუას ცოლს დაუნახავს, რომ ვერცხლისფერ ჯიპში (ნომერიც ცნობილია) ჩაჯდა და ანაკლიისკენ წავიდნენ. მანქანა მგზავრებითურთ, ჩემი შვილის ჩათვლით, სასტუმროს უკანა ეზოში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, მაგრამ მოგვიანებით ჩანაწერი გაქრა. ჩემი შვილის დაკარგვიდან ერთი კვირის თავზე გამომძიებელი ირაკლი ჭითანავა და პოლიციის თანამშრომელი დავით გულუა მოვიდნენ. იმან გამაკვირვა, რომ რატომღაც არ სურდათ ჩვენებაში დაგვეფიქსირებინა, გოგიტა სამარშრუტო ტაქსიდან ვიღაცის სატელეფონო ზარის გამო რომ ჩამოვიდა და ანაკლიაში გაბრუნდა. გულუამ კი, რომლის მეუღლისგანაც გახდა ცნობილი, რომ ჩემი შვილი ვერცხლისფერ ჯიპში იჯდა, კატეგორიულად უარყო ჩვენება. დღემდე გაუგებარია რატომ მალავს პოლიცია ფაქტებს, რატომ ქრებოდა ვიდეოჩანაწერები, რატომ გვაშინებდნენ? ჩვენ ხომ მხოლოდ დაკარგული შვილის პოვნას ვცდილობდით. ადამიანი რომ დაიკარგება და წერილს დატოვებს, ამა და ამ კაცმა იცის სადაც წავედითო, ის კაცი ხომ უნდა დაეკითხათ? პაჭკორია კი არ დაკითხეს, დააწინაურეს ამ ამბის შემდეგ. მანამდე მე მცემეს იმის გამო, რომ კითხვებს კითხვებზე ვაყრიდი სამართალდამცველებს. ან ამ ცემის ფაქტზე იყო დღემდე რეაგირება? რატომ არავინ კითხულობს ამას? მე ხომ დავასახელე ის ხალხი, ვინც ჩემზე ძალადობდა. ბოლოსდაბოლოს ვანო მერაბიშვილი დაიბარეს პროკურატურაში და პაჭკორია ხელშეუხებელია?"
ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)