"ხერხემალში გადამტეხა და მორგის კართან მიმათრია" - კვირის პალიტრა

"ხერხემალში გადამტეხა და მორგის კართან მიმათრია"

"ეტლს მიმაჯაჭვეს, მაგრამ ცოცხალი ვარ!"

"ხერხემალში გადამტეხა და მორგის კართან მიმათრია"

"როლანდ ახალაია შვილის გვერდით, ციხეში უნდა ვნახო"

76 წლის ზუგდიდელმა მურმან როგავამ თითქმის 6 წელი გაატარა ციხეში. იქიდან კი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გამოვიდა. ყოფილ პატიმარს მუხიანში, ნაქირავებ ბინაში შევხვდი.

მურმან როგავა: - 1997 წლის ბოლოს მე და ჩემმა ნათესავმა ზუგდიდში ტერიტორია შევიძინეთ. გვინდოდა ხილ-ბოსტნეულის სავაჭრო ცენტრი აგვეშენებინა. ის იყო, დასუფთავება დავიწყეთ, რომ პროკურატურაში როლანდ ახალაიამ დამიბარა (მაშინ რიგითი პროკურორი იყო) და  მითხრა,  წილი მეც მინდაო.K მაშინ ყველაფერს ძალოვანები აკონტროლებდნენ და ვუთხარი, თუ წილი გინდა, შემოგიამხანაგებთ, და შენი ფულით შემოდი-თქო. ფული არა მაქვსო, მომიჭრა სიტყვა. პროკურორი კაცი ხარ, გავლენა გაქვს და სამშენებლო მასალით მაინც შემომეშველე-მეთქი. არც ეს მაქვს, წილში ისე უნდა ჩამსვა, თანაც  ყველაფერი დოკუმენტურად უნდა გამიფორმოო. მაშინ  მივახალე, არაფერსაც არ მოგცემ-მეთქი. ამ დიალოგს ჩემი მეწილეც ესწრებოდა.

მითხრა, ეს არ მოგვეშვება, ამ საქმიდან უნდა გავიდეო.  მარტო დავრჩი, სარემონტო ფული არ მქონდა, მთელი თანხა ტერიტორიის შესყიდვაში წავიდა. ამიტომ მისი გაყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ მყიდველიც არ გამოჩნდა. ცოტა ხანში როლანდ ახალაიას საქმე ცუდად წაუვიდა - გამწარებულმა თანამშრომლებმა კარი აუჭედეს. ამასობაში მე პარტნიორები მოვიძიე, ბიზნესი ავაწყვე და 310-ადგილიანი ბაზარი გავაკეთე. 2004 წელს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა... ახალაია დაბრუნდა... მოულოდნელად სამსახურში უშიშროების თანამშრომლები მოვიდნენ - აქ ხელყუმბარა ინახებაო. ეზოში ვაგონი იდგა, სადაც ოთახი მქონდა მოწყობილი.  ერთ კუთხეში ჭურჭელი მელაგა და დავინახე, ხელყუმბარა როგორ ჩადეს. ავტეხე ერთი ამბავი, მათთვის ავტომატის წართმევაც კი დავაპირე. დამაკავეს. არც ერთ დოკუმენტს ხელი არ მოვაწერე, მაგრამ ინფარქტგადატანილ კაცს შეტევა მომცა და ზუგდიდის საავადმყოფოში გადამიყვანეს. მეორე დღეს სამთვიანი პატიმრობა მომისაჯეს. იქიდან თბილისში, "რეზბალნიცაში" გადმომიყვანეს.

- ოფიციალური ბრალდება რა იყო?

- ხელყუმბარის შენახვა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ვაღიარებ, პოლიციელს ხელი მართლა გავარტყი. მოსამართლემ 2 წელი პირობითი მომისაჯა, მაგრამ არ ისვენებდა როლანდ ახალაია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურატურის უფროსად მოგვევლინა. 2007 წლის 13 აპრილს ახალი ბრალდებით დამიჭირა. ამჯერად  აბსურდული საქმე შეთითხნეს და 70 წლის კაცი 30 ლარის ყაჩაღობის ბრალდებით გამასამართლეს(?!). სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, უკანონოდ 8 წელი მომისაჯეს, მერე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2 წელი დამიკლო. პროკურორი ხვიტია გამოდიოდა პროცესზე და მესმოდა, შესვენების დროს ახალაიას როგორ უთანხმებდა სასჯელს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგორისში 30 ჰექტარი ტერიტორია იჯარით მქონდა აღებული. 53 სხვადასხვა დასახელების ფრინველი და ცხოველი მყავდა. კერძო ზოოპარკი მქონდა. ირმები, სირაქლემები, კენგურუები, ლამა, სხვადასხვა ჯიშის შველი, ჯიხვები. ყველაფერი ახალაიამ გამინადგურა. არ მოისვენეს, სანამ ინვალიდის ეტლს არ მიმაჯაჭვეს... ზუგდიდიდან ქუთაისის ციხეში 2008 წლის 7 იანვარს გადამიყვანეს. საშინელ პირობებში ვიყავით, ზედა სართულიდან საკანში კანალიზაციის წყალი ჩამოდიოდა, საჭმელს ვერ ვჭამდით, ისეთი სუნი იდგა. ცუდად გავხდი და ექიმი ვითხოვე. დილის 10 საათი იქნებოდა. ციხის თანამშრომელმა ონისე ტეპეშაძემ საკნიდან ოთახში შემიყვანა. იქ ცვლის მორიგე დაგვხვდა, ტეპეშაძემ რაღაც გადაულაპარაკა, ის ბიჭი შეეპასუხა, არაო. მაშინ ტეპეშაძემ გამარტყა, მეც გავარტყი, ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. ამის მერე რაც მოხდა, ამის გადმოცემა შეუძლებელია...

ძირს დამაგდო, წიხლებით, მუშტით მცემა, ისე გამეტებით მირტყამდა სკამს, ტკივილისგან წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი. გონზე რომ მოვედი, ექთანი მასულიერებდა. ტეპეშაძემ უთხრა, ნემსი გაუკეთეო. გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ იმდენი შევძელი, ნემსი არ გავაკეთებინე. ახლა ბიჭებს დაუძახეო, უთხრა მორიგეს და სამი ბიჭი შემოიყვანა. ძირს დაგდებულს, დასისხლიანებულს ხელი მომკიდეს და ოთახიდან გამიყვანეს. ამ დროს ტეპეშაძემ გასცა ბრძანება, მორგში წაიღეთო.

ეს რომ გავიგონე, მივხვდი, ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. ქვევით იმიტომ ჩამიყვანა, რომ ჩემი განწირული ყვირილი პატიმრებს არ გაეგონათ. ერთი სიტყვით, მიმათრევდნენ ბიჭები მორგისკენ და მოგვყვებოდა ტეპეშაძეც. მორგის კართან რომ მიმათრიეს, მითხრა, თუ აქ შესვლა არ გინდა, შევრიგდეთო. მორგის შემეშინდა და ვუთხარი, გირიგდები-მეთქი. მერე მითხრა, რატომ გცემე, ამას მერე გაიგებ, დაკვეთა იყოო. ვისი დაკვეთა იქნებოდა, თუ არა ახალაიების. ამ ამბიდან სამი თვის მერე თბილისის ციხეში გადმომიყვანეს. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ავჭალის დაწესებულებაში ღვთისნიერი დირექტორი დამხვდა - სასწრაფოდ ციხის საავადმყოფოში გადამიყვანა. ხერხემალი მქონია დაზიანებული. ოპერაციაც გამიკეთეს, მართალია, შედეგი არ მოჰყოლია, ეტლს მივეჯაჭვე, მაგრამ ცოცხალი რომ ვარ, იმ ხელმძღვანელის, თემურ ტაბაღუას დამსახურებაა. თავისი ხელით მომიტანა ინვალიდის ეტლი. თვეების განმავლობაში საკანში საწოლზე მიჯაჭვულს პატიმარი მივლიდა, ის მაჭმევდა, განძრევა არ შემეძლო. ასე გამანადგურა როლანდ ახალაიამ. ავადმყოფობის გამო ორჯერ ვითხოვე გათავისუფლება, მაგრამ უარი მითხრეს. 6 თვე მქონდა დარჩენილი, რომ გამომიშვეს.

როლანდ ახალაია თავისი შვილის გვერდით, ციხეში უნდა ვნახო. გაყიდოს თავისი უძრავ-მოძრავი ქონება და ამინაზღაუროს, რაც ექიმებში მჭირდება. 70 წლის კაცი გამომკეტა ციხეში, ესეც არ მაკმარა და ცემით ხერხემალში გადამტეხა.

თეა ხურცილავა