”მეუბნებოდნენ, აღიარე, რომ ნინო ბურჯანაძესა და ბადრი ბიწაძესთან ერთად რუსეთიდან ჯარს ელოდებოდიო.” - კვირის პალიტრა

”მეუბნებოდნენ, აღიარე, რომ ნინო ბურჯანაძესა და ბადრი ბიწაძესთან ერთად რუსეთიდან ჯარს ელოდებოდიო.”

ავღანეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანი, ზაზა სამხარაძე და მისი შვილი, ყოფილი სამხედრო ნიკა სამხარაძე ციხეში გატარებული გაუსაძლისი დღეების შესახებ გვიამბობენ. ზაზა სამხარაძე საპყრობილიდან, პოლიტპატიმრის სატატუსით სულ ცოტა ხნის წინ განთავისუფლდა. როგორც თავად ამბობს, ის და მისი შვილი საპყრობილეში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ "დემოკრატიული მოძრაობის” წევრები იყვნენ. ნიკა 26 მაისის აქციის დროს დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბატონი ზაზა კი - ოდნავ მოგვიანებით.

ნიკა სამხარაძე:

- 26 მაისის ღამეს, გუდიაშვილის ქუჩაზე დამიჭირეს და დიღომში გადამიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში მცემდნენ, დილით "კუდის” გამომძიებელმა თავის კაბინეტში ამიყვანა და მითხრა, - შენმა ბიჭებმა მიგატოვეს, ფეხებზე დაგიკიდეს, ადექი და შენც ჩაუშვი, ვინ სად იმალებაო. მართლა არ ვიცოდი, ვინ სად იყო, რომც მცოდნოდა, მაინც არ ვეტყოდი. მეც მაგ სისტემაში ვმუშაობდი და ვიცი, რაც არიან. ამის მერე სასამართლოში მიმიყვანეს და 30-დღიანი პატიმრობა მომისაჯეს. ჯერ დიღმის კაპეზეში შემაგდეს, მერე კი გარდაბანში გადამიყვანეს. ერთკაციან კამერაში ვიყავი, არც ტუალეტი იყო და არც წყალი. ისეთი პატარა კამერა იყო, რომ ვერც ხელებს ვშლიდი და ვერც დაწოლას ვახერხებდი, მხოლოდ მუხლებში ჩაჯდომა შემეძლო. საკანს ფანჯარა არ ჰქონდა, კედელში პატარა ნახვრეტი იყო და გათენება-დაღამებას იმის საშუალებით ვარჩევდი. იქ ისეთი ნაცემი მიმიყვანეს, რომ მოწყობაზე აღარ მცემეს. იმის მერე ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა, უსათვალოდ ვეღარ ვხედავ, სმენის პრობლემებიც მაქვს. მამას ავღანეთში მიღებული ტრამვის გამო დაუზიანდა მხედველობა, მე კი მერაბიშვილის ძაღლების, ვალერი დუღაშვილისა და ვასო ბესელაშვილის პირუტყვობის შედეგად. დუღაშვილი რუსთავის პირველი განყოფილების უფროსი იყო, ბესელაშვილი ”კუდ”-ის თანამშრომელი. გამწარებულები იყვნენ მამაჩემი რომ ვერ დაიჭირეს და ჯავრს ჩემზე იყრიდნენ.

- საკანში ჭამას თუ ახერხებდი?

- არა, სად მქონდა ჭამის თავი. თუმცა, რომც მქონოდა, მაინც არაფერი მოჰქონდათ. ჩემი დღიური ულუფა ერთი პომიდორი და ნახევარი ნაჭერი პური იყო. სიგარეტს მაწვდიდნენ და ასანთს - არა.

- ალბათ არც დაბანის საშუალება გექნებოდათ.

- რა დაბანაზეა ლაპარაკი? ვიდრე გამომიშვებდნენ, ერთი საათით ადრე 10 წუთითYშემაგდეს აბანოში.

ზაზა სამხარაძე:

- ბატონო ზაზა, რა ბრალდებით დაგაკავეს?

- სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით, არადა, თითი არავისთვის დამიკარებია. ერთ ღამეს, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. რომ გავაღე, უცნობი მამაკაცი იდგა თაიგულით ხელში. მეუბნება, ეს თაიგული თქვენს მეუღლესთან, ნინო ბულაშვილთან გამომატანესო. ჩემი ცოლი იმ ასაკში აღარ არის, მამაკაცები ყვავილებს რომ უგზავნიან, ამიტომ არც ავღელვებულვარ, ისე ვუპასუხე, ალბათ შეგეშალათ-მეთქი. - არა, რა შემეშალა, თქვენ ხომ ზაზა სამხარაძე ხართ. ჰოდა, სწორედ თქვენს მეუღლეს უნდა გადავცე თაიგულიო. მივხვდი, პროვოკაციას მიწყობდნენ, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, თაიგული ჩემთვის დაეტოვებინა. არაო, თქვენმა მეუღლემ ბარათზე ხელი უნდა მომიწეროს, ისე, თაიგულის დამკვეთი, რომელიც ეზოში მელოდება, ფულს არ მომცემსო. ვუთხარი, მე მოგცემ, ოღონდ თავი დამანებე-მეთქი. არაო, ბოლოს და ბოლოს ჩემმა მეუღლემაც გაიღვიძა და რომ მიხვდა, რაც ხდებოდა, მითხრა, - ჩავიდეთ, ვნახოთ ერთი, ვინ მელოდება დაბლაო. ჩავედით, მაგრამ იქ არავინ იდგა. მეუღლემ მირჩია, პატრულში დამერეკა. ის იყო ტელეფონი ამოვიღე, რომ თაიგულიანი კაცი უკანმოუხედავად გაიქცა. მე და ნინომ ბევრი ვიცინეთ და შინ დავბრუნდით. სამი თუ ოთხი დღის შემდეგ, სახლიდან გამოვედი, სავაადმყოფოში უნდა წავსულიყავი ჩემი შვილის სანახავად, რომელიც 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ისე ცუდად იყო, არც კი ვიცოდი, ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა. მოულოდნელად რამდენიმე პოლიციელი მომვარდა და დამაკავა. პირველ განყოფილებაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, აღიარე, რომ ნინო ბურჯანაძესა და ბადრი ბიწაძესთან ერთად რუსეთიდან ჯარს ელოდებოდიო. ყველანაირად ცდილობდნენ, პროვოკაცია მოეწყოთ, - ჯერ იყო წყალი მომაწოდეს, 16 წელი პოლიციაში ვიმუშავე და ვიცოდი, რომ ასეთ დროს წყალში ნარკოტიკს ურევენ... ამაზე რომ ვერ წამომიკიდეს, გამომძიებელმა იარაღი ჩემთან ახლოს, ტარით ჩემი მიმათულებით დადო, თავად კი მოშორებით დადგა და ნერვებზე თამაში დამიწყო, ცოლ-შვილს მიგინებდა. პირველ სართულზე, ღია ფანჯარასთან ვიჯექი, წესით იარაღისთვის ხელი უნდა დამევლო და გაქცევა მეცადა. ვერ გაითვალისწინეს, რომ ეგ მეთოდები ჩემთვის ნაცნობი იყო და ვიცოდი, რომ "აბოიმში” ტყვიები არ იქნებოდა ჩადებული. ამჯერადაც რომ ვერ გამაბრიყვეს, დამაბრალეს, ვითომ თაიგულის მომტანი ისე ვცემე, ორი კვირა საავადმყოფოში იწვა.

- გლდანის ციხეში იჯექით?

- გლდანში მანამდე ვიჯექი, სანამ მომისჯიდნენ, მერე მატროსოვზე გადამიყვანეს.

- გლდანში რა სიტუაცია დაგხვდათ?

- ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები ცალკე ვიყავით და ჩვენზე იმდენად დიდი დარტყმა არ მოდიოდა. უბრალოდ, კარანტინის დაშლის დროს გვცემდნენ. თუ გაიგებდნენ, რომ "ბელა ჩაო” (ბურჯანაძის მომხრეებს ყველას "ბელა ჩაოს” გვეძახდნენ) იყავი, განსაკუთრებულად დაუნდობლად გირტყამდნენ. კამერებში ჩვენ არ გვცემდნენ, მაგრამ სხვების წივილ-კივილს გვასმენინებდნენ. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, მთელ ციხეში შუქს აქრობდნენ და კარების რახარუხი იწყებოდა, ამას კი პატიმრების არაადამიანური "ბღავილი” მოყვებოდა. ჩვენზე ძირითადად ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. გვეუბნებოდნენ, მოღალატეები ხართო და გამუდმებით დედასა და ცოლ-შვილს გვაგინებდნენ, ხმამაღლა ლაპარაკს გვიკრძალავდნენ. სანამ არ დაღამდებოდა, ლოგინზე წამოწოლის უფლება არ გვქონდა. ნარდი მოგვიტანეს, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ხმაურით არ გვეთამაშა. რადიოც გვქონდა, მაგრამ ყური უნდა მიგვედო და ისე მოგვესმინა. მატროსოვზე რომ გადამიყვანეს, ცოტა ამოვისუნთქე...

- საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ადამიანისთვის რთული ასატანი არ იყო, რომ თქვენი ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში ჩავიდა, აღლუმს დაესწრო და პუტინს ხელი ჩამოართვა?

- გასაგებია, მან ჩემს მტერს ჩამოართვა ხელი. სხვათა შორის, მე სხვების მსგავსად არ ვფიქრობ, რომ რუსებს ომს ვერ მოვუგებთ და ფინიებივით უნდა გავეფინოთ ფეხებში, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, მტერთან თუ არ დაილაპარაკე, ისე არაფერი გამოვა. ბოლოს და ბოლოს სტალინმა თავის დაუძინებელ მტრებს - ჩერჩილსა და რუზველტს ჩამოართვა ხელი.

- სტალინი სახელმწიფოს მეთაური იყო, ბურჯანაძე კი - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად ის პუტინთან მოლაპარაკებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევდა.

- კი, მაგრამ ქალბატონი ნინო შეეცადა, თავისი ქვეყნის პრეზიდენტისთვის მაგალითი მიეცა...

- როგორც ვიცი, თქვენი პირველი მეუღლე ოსებმა მოკლეს.

- კი, ასე იყო. ცხინვალში საომარი მოქმედებები უკვე შეწყვეტილი იყო, რუს "სამშვიდობოებსა” და ოსებთან პოსტების გადაბარება-გადაცვლას ვაწარმოებდით. ჩემი მეუღლე (სხვათა შორის, სამხედრო ექიმი გახლდათ. ოფიცრის წოდება ჰქონდა) მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. ძმამ ჩამოაკითხა და თავისთან წაიყვანა, დაიბარა, საღამოს ჩამოვიყვანო. უკან რომ მოდიდონენ, ოსებმა ორივე გზაში დახოცეს. საშინელ დღეში ვიყავი, არავის, მათ შორის ბავშვის დანახვაც კი არ მინდოდა. ციცოს ორმოცი რომ გადავუხადეთ, აფხაზეთის ომიც დაიწყო. წავედი და სანამ არ დამთავრდა, იქ ვიყავი, სიკვდილს ვეძებდი, მაგრამ...…რამდენჯერმე დავიჭერი, ორჯერ კონტუზია მივიღე.

- სამი ომიდან ყველაზე მეტად სად გაგიჭირდათ?

- ავღანეთში, რატომ ვიბრძოდი და რას ვერჩოდი იმ ხალხს, არ ვიცოდი. თანაც ყანდაარის პროვინციაში ვიყავი, იქ სადაც ქართველების შთამომავლები იყვნენ დასახლებულნი. ძლიერი მეომრები იყვნენ, ხორცშესხმული ქაჯები. სხვათა შორის, ქართველები ძალიან ვუყვარდით, რუსებს ვერ იტანდნენ...

- ბატონო ზაზა, ახლა რის გაკეთებას აპირებთ?

- ციხეში რისთვისაც ვიჯექი, ისევ იმ საქმეს გავაკეთებ. ოქროს კაციც რომ დაჯდეს ქვეყნის სათავეში, თუ მიშასავით აურევს, იმის წინააღმდეგაც ვიბრძოლებ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)