18 წლის გოგონა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ შეყვარებულთან დაშორება გადაწყვიტა?! - კვირის პალიტრა

18 წლის გოგონა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ შეყვარებულთან დაშორება გადაწყვიტა?!

18 წლის გოგონა მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ შეყვარებულთან დაშორება გადაწყვიტა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათონელის ქუჩაზე 18 წლის მარიამ არაქაევა, საკუთარი სახლის სადარბაზოში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა. ითქვა ისიც, რომ მკვლელმა თავის მოკვლაც სცადა. ის ახლა საავადმყოფოშია, ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის შესახებ მოკლულის და, ლიზი არაქაევა გვიამბობს.

ლიზი არაქაევა:

- არც კი მჯერა, რომ ჩემი და ცოცხალი აღარ არის. ძალიან ლამაზი, თბილი, ჭკვიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი იყო. მოდელი იყო, თანაც უცხო ენების ინსტიტუტში, გერმანული ენის ფაკულტეტზე სწავლობდა. სულ მეცადინეობდა, დაქალები კინოში ან სადმე დროის გასატარებლად რომ ეპატიჟებოდნენ, ეუბნებოდა, სამეცადინო მაქვსო და შინ, წიგნებთან რჩებოდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა. ვიღაც არაკაცმა კი ერთ წამში გამოასალმა სიცოცხლეს.

- მკვლელის ვინაობა იცი?

- კი, ჩემი და სერგო მელქოიანმა მოკლა.

- რას ერჩოდა?

- არ ვიცი, როგორც ჩემმა დამ მითხრა, მას იმისთვის უნდა შეხვედროდა, რომ ეთქვა - დავშორდეთო.

- სერგო შენი დის შეყვარებული იყო?

- იმ ბიჭს უყვარდა. უფრო სწორად, არ ვიცი, ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბოლო დროს კი სულ ჩხუბობდნენ. მკვლელობის დღეს მარიმ მითხრა, გავდივარ, სერგოს უნდა დაველაპარაკო და მალე მოვალო. არც ჩანთა წაუღია, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაუცვამს, "უგებით" გავიდა. რომ ვკითხე, რაზე უნდა დაელაპრაკო-მეთქი, მიპასუხა, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უნდა დავამთავროო. დიდი დრო არ იყო გასული, ჩვენმა ძაღლმა ყმუილი რომ ატეხა, რაღაც ხმაც მომესმა, თითქოს ვიღაც შველას ითხოვდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ მარი იქნებოდა? ბოლოს საპატრულო ავტომობილების სირენის ხმა და დედაჩემის კივილიც შემომესმა. თურმე მკვლელს ჩემი და მოუკლავს და კიბის ქვეშ შეუგდია, თავადაც იქვე ჩაკეცილა. მე მარი არ მაჩვენეს, მითხრეს, საავადმყოფოშიაო და დაკითხვაზე წამიყვანეს. სამ საათამდე იქ ვიყავი. შინ რომ დავბრუნდი, საშინელი სურათი დამხვდა, მარი უსულოდ იწვა. ვერ გავიგე, რა უქნა მკვლელმა, ზოგი მეუბნება - დაახრჩოო, ზოგი ამბობს - დანა გულში გაუყარაო. არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ჩემი ლამაზი და თბილი დაიკო ცოცხალი აღარ არის.

- სერგოს პირადად იცნობდი?

- კი, ვიცნობდი, თითქოს წყნარი ბიჭი იყო. მარის დაქალმა კი მითხრა, ცოტა უცნაური ბიჭი იყოო.

პ.ს ლიზისთან საუბრის შემდეგ ეზოში გამოვედი. გოგონების საუბარს მოვკარი ყური, მარიამზე საუბრობდნენ, მივედი და რამდენიმე კითხვა დავუსვი. მათგან შევიტყვე, რომ მარიამს ერთი სასიკვდილო ჭრილობა - გულის არეში, პატარ-პატარა ნაკაწრები კი ხელებსა და მუცელზე ჰქონია. უცნაურია, მაგრამ გოგონები იმასაც ამბობენ, რომ მარიამი გაგუდული იყოო. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი, რაც ამ ამბავს ახლავს, ის არის, რომ სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ორი დანა იპოვეს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)