ბუტა რობაქიძის მამა მიიჩნევს, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გაყალბებულია
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის , ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გაყალბებულია.
როგორც რობაქიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მის შვილს იარაღი არ ჰქონია.
"სისულელეს აკეთებენ, გაყალბებულია კადრები. ორი დღის წინ ეს კაცი ამბობდა, რომ რობაქიძის და გირგვლიანის ქუჩა უნდა გაიხსნასო. დონაძე საზღვარგარეთ ეგდო მაგიტომ, რომ გაეკეთებინა ეს კასეტა. გავა ეს კასეტა ექსპერტიზაზე და ვნახავთ პასუხს. რაც არ უნდა მოხდეს მანდ და რაც არ უნდა დაიქცეს ქვეყანა, ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია, სად ჰქონდათ 10 წელი ეს კასეტა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, ბუტა რობაქიძემ მასთან ერთად მყოფი პირებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა, ყველა დანარჩენი კი დიდუბეში, სუფრაზე გაიცნო.
"ინტერპრესნიუსი"