ცდილობდნენ, სამარტოო საკანში ჭკუიდან გადავსულიყავი!
ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგის" ინტერვიუდან პოლიტპატიმარ ლევან გოგიჩაიშვილთან:
- ჩემს მეგობარ შაკო გოგინაშვილს საშინლად გაუსწორდნენ. ზეწარში მუხლუხოსავით ახვევდნენ და ისე სცემდნენ. გიორგი ალხაზიშვილს სცემდნენ, კაკი დარასელიას ჰქონდა პრობლემები. მართალია, ფიზიკურად მე არ შემხებიან, მაგრამ ცდილობდნენ, სამარტოო საკანში ჭკუიდან გადავსულიყავი.
- ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ ღამე ციხეში კვნესისა და წამების ხმა ისმოდა.
- დიახ, საშინელი ხმები იყო, ყვირილი, წივილი. ის, რაც ყველაზე საშინელ წიგნში წაგიკითხავთ. ეს ხმები მძიმედ მოქმედებდა ფსიქიკაზე. ხანდახან პატიმარს გერჩივნა, რომ შენ ეცემე, ვიდრე ეს შემზარავი ხმები მოგესმინა.
- ხანდახან პატიმრები იმდენად მძიმე ისტორიებს ჰყვებიან, რომ რთულია დაიჯერო. მაგალითად ის, რომ ხათუნა კალმახელიძე პატ
იმრებს საკუთარი ფეხსაცმელით სცემდა.
- გამორიცხული არაფერი არ არის. ადამიანის მანიაკურობას ზღვარი არ აქვს. არ გამოვრიცხავ, მაგრამ პირადად მე არ მინახავს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ის პირადად უსწორდებოდა პატიმრებს და ის ადამიანები დღემდე უჩივიან. ახალაია პატიმრებს ჯოხით სცემდა, იარაღის ტარს, წიხლებს ურტყამდა. შაშკინი და კალმახელიძე ფორმალური მინისტრები იყვნენ და რეალურად ძალაუფლებას ახალაია ინარჩუნებდა. თანამდებობა შეიცვალა, თორემ გავლენა არ დაუკარგავს, ყველა საკითხს ის წყვეტდა.
- ცნობილი კადრების გამოქვეყნებამდე იცოდით, რომ ციხეში პატიმრებს აუპატიურებდნენ?
- რა თქმა უნდა, ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც ამაზრზენად იქცეოდა და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია იმნაძეც, რომელიც ყველა ინფორმაციას ბლოკავდა.
- ეს ქალბატონი მოგვიანებით სახალხო დამცველობის კანდიდატი იყო.
- დიახ, ძალიან სასაცილოა. ადამიანის თავხედობას საზღვარი არ აქვს. წარმოიდგინეთ, რა ამპარტავნებაა, რომ ამ ადამიანმა თავს უფლება მისცეს, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურა წამოაყენოს.
- შეგიძლიათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან დაასახელოთ სახელები და გვარები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ციხის სკანდალში?
- თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე, რომელიც ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო, უშუალოდ სცემდა პატიმრებს. კლავდა ცემით.…იქ ისე გირტყამდნენ, ან მოკვდებოდი, ან დაინვალიდდებოდი.
- საკმაოდ მძიმე განცხადება გააკეთა ყოფილმა პატიმარმა მალხაზ გველუკაშვილმა ციხეში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
- ორგანოებით ვაჭრობაზე პატიმრებიც ლაპარაკობდნენ. ბევრი ადამიანი იღუპებოდა, ყოველდღე სამი-ოთხი გვამი გაჰქონდათ. გამორიცხული არ არის, მაგრამ გამოსაძიებელია, ეს ისეთი ბრალდებაა, რომ უნდა დაამტკიცო.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.