პროკურატურას უგულავა "ყელზე დაადგა?!" - კვირის პალიტრა

პროკურატურას უგულავა "ყელზე დაადგა?!"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

ნაციონალმა პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მოსამართლისა და პროკურორის დიალოგის ნაწყვეტი გამოაქვეყნა:

"მოსამართლე: - მილიონს რომ ითხოვთ გირაოში, რაიმე დამადასტურებელი გაქვთ, რომ გიგი უგულავას ასეთი თანხა აქვს, ან ამ ღირებულების ქონება?

პროკურორი: - მამამისს აქვს 400 კვმ სახლი.

მოსამართლე: - სახლის ღირებულება რამდენია?

პროკურორი: - არ ვიცით".

თუ ეს მართალია, პროკურატურა აშკარად მოუმზადებელი წარდგა პროცესზე და მთავარი პროკურატურის მიმართ ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ბრალდების მხარე ასეთი უსუსური და არაკვალიფიციური გამოჩნდა. სასამართლომ, პროკურატურა ბოლომდე რომ არ გაებითურებინა, ერთგვარი "კომპენსაცია" მოახდინა. პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, სავარაუდოდ, ისრაელშია და როგორც ისრაელის მოქალაქეს, მას საქართველოს არ გადმოსცემენ. სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა და ობიექტურობა აეჭვებს არასამთავრობო ორგანიზაციებსის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების ცვლილებამდე სასამართლო ზედმიწევნით ასრულებდა პროკურატურის მოთხოვნებს.

საგულისხმოა, რომ მოსამართლე გია არევაძემ, რომელმაც უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის მერხი არც ისე დიდი ხნის წინ, 2002 წელს დატოვა და მკითხველს თვითონ შეუძლია იმსჯელოს მის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. გიორგი არევაძე ცნობილია იმით, რომ უსიტყვოდ ასრულებდა ადეიშვილის პროკურატურისა და მერაბიშვილის შსს-ს მითითებებს. მან მძიმე განაჩენები გამოიტანა ე.წ. მუხროვანის ამბოხის და ბევრ სხვა გახმაურებულ საქმეზე. სწორედ გიორგი არევაძემ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, გენერალ თამაზ თამაზაშვილს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა ეს საქმე საპნის ბუშტივით გასკდა და არევაძის მიერ მსჯავრდადებულნი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ. მოსამართლე არევაძე, როგორც ჩანს, კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული რჩება, რაც კარგად დასტურდება მის მიერ გამოტანილი საეჭვო გადაწყვეტილებებით. მაგალითად, მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სამხედრო პოლიციის იმ მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე, რომლებიც უკანონო ვიდეოჩანაწერებს ახორციელებდენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე, რასაც მათზე პოლიტიკური ზემოქმედებისა და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებდნენ და ნაცმოძრაობადმი მხარდაჭერას აიძულებდნენ. სწორედ მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნაციონალი მაღალჩინონების და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების - ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიას, გეგა ქელბაქიანის და სხვების დაპატიმრებაზე, რომლებსაც მრავალმილიონიან ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის მითვისებაში ედებოდათ ბრალი. ყველა მათგანი გირაოს შეფარდებით გამოუშვეს.

"ნაციონალური მოძრაობა" კი გამარჯვებას ზეიმობს. მათ სასამართლოს დახმარებით ერთი გასროლით, სულ ცოტა, სამი კურდღელი მოკლეს - გიგი უგულავა მერის თანამდებობაზე შეინარჩუნეს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დროებით აარიდეს, საზოგადოების წინაშე კი კიდევ ერთხელ მოახდინეს ახალი ხელისუფლების უსუსურობის დემონსტრირება, რასაც უკვე მოჰყვა მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღის აგორება და კიდევ ერთი საშუალება მიეცათ პროპაგანდისტული კამპანიის ასაგორებლად, პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოჩენასა და 19 აპრილისთვის დაანონსებული საპროტესტო აქციისათვის მომხრეების მოსაზიდად. "ვინც კოცონი დაანთო, ცეცხლს ის მოიმკის", - განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება ლოგიკური იყო და სასამართლოზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი არ ჰქონდა. მისივე თქმით, ეს არის აბსურდის თეატრი და გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი. თბილისის მერი ითხოვს, რომ ყველა სასამართლო სხდომა იყოს საჯარო და თავიდან ბოლომდე უნდა გადაიღონ ტელეკამერებით. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, დღეს, როგორც სახელისუფლებო, ისე დამოუკიდებელი მედია ძალაუნებურად ნაციონალების სიტუაციური მოკავშირე ხდება.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.