ცხვრები, მგლები და ლეღვერები - დაკა-დაკა ქუთაისის საკრებულოში - კვირის პალიტრა

ცხვრები, მგლები და ლეღვერები - დაკა-დაკა ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც საკრებულოს წევრებმა დღეს, აქციების ფონზე აირჩიეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის - ამირან ხვადაგიანის თავმჯდომარეობით უკმაყოფილო ქუთაისლებმა საკრებულოს წინ აქცია გამართეს. სხდომათა დარბაზის შესასვლელს და მერიის ადმინისტრაციულ შენობას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც გაირკვა, რომ საკრებულომ ახალ თავმჯდომარედ კვლავ "ნაციონალი" თამაზ მარგველაშვილი აირჩია. ამით აღშფოთებულმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "გამჭვირვალე თვიმმართველობისთვის" წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა საკრებულოს შენობაში შეჭრაც კი სცადეს. მათ აღშფოთებას ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც იზიარებენ, რომელთა განცხადებითაც, საკრებულოში განვითარებული პროცესები "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი კონსპირაციული შეთქმულებაა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"უკმაყოფილოთა" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახლდათ:

- არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებთ ცხვრის ტყავში დამალულ მგელს. ამიტომ, ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს და არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ერთი მსახიობის თეატრში, სადაც რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი მსახიობიც იმერეთის ვიცე გუბერნატორი გოჩა თევდორაძეა, რომელიც 9 წელია საკუთარი მიზნებისა და შეხედულებების შესაბამისად მართავს ქალაქსა და რეგიონს. ამ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ, რომ ქუთაისლებისთვის ზიანის მომტანი არიან და ჩვენ უნდა ვაღიარებინოთ.

რაც შეეხება ყოფილ თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, თანამდებობის დატოვებამ ამირან ხვადაგიანს აშკარად შვება მოჰგვარა:

- განცხადება გადადგომის შესახებ დილით გავაკეთე და ჩემი შვიდწლიანი მუშაობაც შევაჯამე. ასევე განვმარტე თავმჯდომარის პოსტიდან ჩემი გადადგომის მიზეზები. ძალიან დავიღალე. ამდენი წელია ამ საქმეს ვუძღვები და დასვენება მინდა. მეც ხომ ადამიანი ვარ?...

- რა გახდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან თქვენ მიმართ უკმაყოფილების მიზეზი?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ იყო ქუთაისელების პროტესტი. ხუთიოდე კაცი იყო მოსული საკრებულოსთან და ვიცი, რომ ამ ყველაფრის უკან ყოფილი პარლამენტარი გოგი წულაიაა... მეცოდება ის ქვეყანა, რომლის პარლამენტის წევრიც ასეთი ვითომ ადამიანია. ბოდიშს მოგიხდით თქვენც და მკითხველსაც, მაგრამ შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ, - ეს კაცი არის ლეღვერი, რომელსაც არასდროს ჰქონდა ავტორიტეტი საზოგადოებაში, მაგრამ ახლა ყველანაირად ცდილობს, იაფფასიანი სპეკულაციებით დაიმკვიდროს ადგილი. მისი მოწყობილია ის ხუთკაციანი კონცერტიც, ცდილობს რაღაცას მიაღწიოს... თუ რატომ დამიპირისპირდა, ეს შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. ისე კი, ნებისმერი ქუთაისელი გეტყვით, თუ როგორი პროექტები განვახორციელე და რა სიკეთე მოვუტანე ქალაქს... მისგან განსხვავებით, მე, ღირსებასთან დაკავშირებით, შეფასების ჩემი პარამეტრები მაქვს და საქმიდან გამომდინარე მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

- ბატონო ამირან, ცნობილი გახდა, რომ იქ სხვა დეპუტატებიც იყვნენ მისული, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე და დავით საგანელიძე...

- არა, არ არის მართალი. ეს ადამიანები იქ არ ყოფილან, თორემ მათ როგორ ვაკადრებდი ასეთ სიტყვებს, განსაკუთრებით გუბაზ სანიკიძეს, მის განათლებას როგორ შეიძლება ვინმე აუგად შეეხოს... მე უნივერსიტეტის პროფესორი, ამავდროულად ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. სხვებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მაქვს, რაც ზოგჯერ ძალიან დამღლელია, მაგრამ ამ საქმიანობას ვაგრძელებ, ანუ ხალხის სამსახურში დარჩენას ვაპირებ... საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პოსტზე ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილიყო, რასაც მე მხოლოდ მივესალმები.

ჩვენ შევეცადეთ, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ ნახსენებ გოგი წულაიასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ...

თამაზ მარგველაშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე:

- ბატონი ხვადაგიანი არავის გადაუყენებია, მან თავად დაწერა განცხადება, გადადგომის შესახებ. მან განაცხადა, რომ დიდი ხანია ამ თანამდებობაზეა და სხვა სფეროში აპირებს თვითრეალიზაციას. ნამდვილად არ ვიცი, რა გახდა აქციის მონაწილეების უკმაყოფილების მიზეზი, ამ თემაზე სასაუბროდ ჩემთან არავინ მოსულა.

- ქუთაისის მკვიდრმა, ქართული ოცნების აქტივისტმა ციცინო ხარაბაძემ ვალების გამო თავი დაიწვა. ხომ არ მოინახულეთ ეს ქალბატონი?

- დიახ, მას კერძო მევახშის ვალი ჰქონდა. ჩვენ, საკრებულოს დეპუტატები უკვე ვიყავით მასთან. საავადმყოფოს მთავარ ექიმს ვესაუბრეთ და გავიგეთ, რომ მეოთხე კატეგორიის დამწვრობა აქვს მიღებული. რეანიმაციაში წევს. შოკურ მდგომარეობაშია და პირადად მასთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა.

- რა დახმარების გაწევა შეუძლია მისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას?

- მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით ჩვენ მას დახმარებას შევპირდით. ვალის გასტუმრება, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)