უკვე რამდენიმე დღეა, უამინდობის მიუხედავად, 34 წლის ონისე გერგედავა ტანზე იხდის, თაფლს ისვამს და გლდანის ციხესთან ჯდება. ის ამ ფორმით ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობას გამოხატავს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროტესტის ამ ფორმის გაგრძელებას აპირებს და არც არავისგან ელოდება თანამოაზრეობას.ონისე გერგედავა გალის რაიონიდან დევნილია. წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია და მხოლოდ ახლახანს დაბრუნდა. სპორტსმენია და საკმაოდ წარმატებულიც - როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულია კრივსა და წესების გარეშე ბრძოლაში. მისივე თქმით, სოლიდარობის ეს უჩვულო ფორმა ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამოძახილია, რადგან დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი XIII საუკუნის საქართველოს აგონებს, როდესაც ქვეყანა მონღოლების ზეწოლის ქვეშ იყო...- ამ გადაწყვეტილებს მიღებისკენ შექმნილმა ვითარებამ მიბიძგა. დათა თუთაშხიას რომ კიკუს გაუპატიურებას აბრალებდნენ, ისეთივე კამპანია მიდის ახლა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. დღესაც ისევე ებრძვის დამპყრობელი ჩვენს იდეოლოგიას და ცნობიერებას, როგორც მაშინ. ამიტომ გავაკეთე ის, გაგვაკეთე, რათა ხალხი გამომეფხიზლებინა, მინდოდა ყველასთვის დამენახვებინა, სინამდვილეში ბაჩო ახალაია სულაც არ არის მკვლელი და ბოროტმოქმედი. მე ვესწრებოდი მის სასამართლო პროცესს, როდესაც ბრალი წაუყენეს. ბრმა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ვერ მიმხვდარიყო, რომ ყველა ბრალი შეთითხნილი იყო. ამაზრზენ ფაქტებზე ჰყვებოდნენ და არც ერთ მტკიცებულება არ ჰქონდათ. გვანახონ ერთი ადამიანი, რომლის ახლობელიც მოკლეს. ლამის სერიულ მკვლელად აცხადებდნენ კაცს და კოვზის ჩაკაკუნებისთვის ჩასვეს ციხეში. იმ ბინძურმა პროპაგანდამ თავისი გაიტანა და ბაჩოს მიმართ საზოგადოება ზიზღითა და აგრესიით განაწყვეს. ეს ყველაფერი გეგმაზომიერად განხორციელდა.- ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს ადამიანი უსამართლოდ იხდის სასჯელს?- მე კი არ მიმაჩნია, ასეა. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი. მას კრიმინალური თვალსაზრისით მართლაც ძალიან მძიმე ფონი დახვდა და ამ ახალგაზრდა კაცმა, დაუღალავი შრომით იმას მიაღწია, ქვეყანაში კანონი კანონობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მინისტრი იყო... ზუსტად ამიტომ ებრძოდა და ებრძვის მას რუსეთი. ვინმეს შეუძლია გაიხსენოს საქართველოში როდის ვაწარმოებდით სამხედრო ტექნიკას?.. ამ ახალგაზრდა კაცმა, "რაგატკებით" შეიარაღებული ჯარი ჩაიბარა და მისგან საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეიარაღებული არმია ჩამოაყალიბა. დიახ, ეს არის ჩვენი საუკუნოვანი მტრის გაბრაზების მიზეზი, მათ არ შეუძლიათ იმასთან შეგუება, თუ როგორ ემსგავსება საქართველო ნორმალურ სახელმწიფოს, თორემ ბაჩომ ვიღაცას რომ თავში ჩაუკაკუნა, ეს სულაც არ აღელვებთ.- თქვენ იცნობდით ბაჩო ახალაიას?- არა, მას კი არა, არც ერთ ახალაიას არ ვიცნობ საერთოდ...- რატომ არჩიეთ პროტესტი ამ ფორმით გამოგეხატათ?- იმიტომ, რომ ეს არის ქართული, აწ უკვე მივიწყებული პროტესტის ფორმა. ალბათ ყველა ქართველს გაუგია სკოლაში ცოტნე დადიანის შესახებ. რომელმაც თავისი თანამემულეები განსაცდელში კი არ მიატოვა, სხეულზე თაფლი წაისვა და მზეზე დაჯდა. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი უსამართლობაა გამეფებული, ქუჩაში თავისუფლად სიარულის მრცხვენია და მირჩევნია, ციხეში ვიყო. ასე უფრო დაწყნარებული მექნება ნამუსი, ვიდრე გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ამ არამზადების კონცერტს ვუყურებდე.- თაფლი წაისვით, არა?- დიახ. დღე, გუშინ და იმის წინა დღეს ძალიან ციოდა, მაგრამ მაინც ასე მოვიქცი, რადგან როგორც გითხარით, სინდისი ასე სუფთა მექნება... ვაპირებ გავაგრძელო. ყოველდღე მივალ და ჩემს სათქმელს ყველას ვეტყვი, ვინც კი დაინტერესდება... იცით რაზე მტკივა გული? ე.წ. ამნისტიით გამოსული ბოროტმოქმედები ციხიდან რომ გამოდიან, ჟურნალისტების გუნდი დასდევს, ჩემთან კი არავინ მოსულა და არაფერი უკითხავთ. მიკვირს ამ ხალხის, რატომ არავინ ფიუქრობს, იმაზე, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კრიმინალი და უბედურება ხდება ქუჩაში, რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ე.წ. ამნისტია კარგს არაფერს მოგვიტანს?..- ბაჩო ახალაიას გუნდიდან თუ მოვიდა ვინმე?- არა, არავინ მოსულა.- აღნიშნეთ, რომ პროტესტის გაგრძელებას აპირებთ, თანამოაზრეები გყავთ?- არა, მე დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ. არასდროს არც ერთი პარტიის ან ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვინმესგან ველოდები სოლიდარობას. უბრალოდ, ის გავაკეთე, რაც ვიგრძენი და ისე გავაკეთე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. არც იმას ველოდები, რომ ამას ხელისუფლება ან მისი რომელიმე წევრი გულთან ახლოს მიიტანს და რამე შეიცვლება, უბრალოდ ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე, იქნებ საზოგადოება გამოფხიზლდეს.ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)