ბათუმში დაპირისპირება გრძელდება - ვინ აფარებს ხელს "ბოქსიორ თელიას"?
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციის თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ატეხილი აურზაური გრძელდება. აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია როინ ფარტენაძეზე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ თელიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა. "მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. როდესაც ავტომანქანა გავაჩერე და ვკითხე, თუ რატომ იქცეოდა ასე, შევატყვე, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და აგრესიით გამოირჩეოდა. მოვუწოდე სიმშვიდისკენ, მაგრამ აღნიშნული პირები (საიას ავტომანქანის მძღოლს კიდევ ორი პირი ახლდა) ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ. აღნიშნულ საკითხზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იქნა გამოძახებული", – აღნიშნავს ვალერი თელია.
მან ასევე უარყო სიგარეტის სროლის ფაქტი, რაზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ბიუროს მძღოლი როინ ფარტენაძე საუბრობს.
პარალელურად ვრცელდება კადრები, სადაც აღნიშნული შეხლა-შემოხლის ფაქტებია ასახული. მომხდართან კომენტარისთვის ვალერი თელიასთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. არადა, მისი კომენტარიც საინტერესო იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების ძლევამოსილებას სწორედ ძალოვანების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებამ გაუჩინა ბზარი, რომელსაც საზოგადოებისთვის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობდნენ...
ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კომენტარი გააკეთა დაზარალებულმა როინ ფარტენაძემ. მისი თქმით, გავრცელებულ მასალაში ნათლად ჩანს, რომ თელიას მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდებასა და სიტუაციის განტვირთვის მცდელობას ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი...
- კადრებში დეტალურად ჩანს, რომ ის თვითონ წამოვიდა აგრესიით ჩემსკენ და ხელით შემეხო. ისიც კარგად ჩანს, რომ პიჯაკის უკანა მხარეს წაიღო ხელი, ეჭვი მაქვს, იარაღისთვის, მაგრამ ბევრი ხალხი რომ დაინახა, გაჩერდა... შემდეგ მომვარდა და პულოვერი შემომახია. მერე მიტრიალდა და ანთებული სიგარეტი ისროლა ჩემსკენ.
- ვალერი თელია აცხადებს, რომ ნასვამი იყავით...
- არა, ნასვამი კი არა ნაბახუსევი ვიყავი... ჯარიმის გამოწერიდან 40 წუთში წავედი ექსპერტიზაზე და 0,38 % ანუ მინიმალური ალკოლოჰური შემცველობა აღმომაჩნდა ორგანიზმში.
გია ხარშილაძე, საიას აჭარის ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი:
- ყველა შესაბამის უწყებაში შეტანილი გვაქვს საჩივარი, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია... ის კი არა, პოლიციამ ნაწილობრივ გაანადგურა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვალერი თელიამ პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა. ის, რომ პოლიციელებმა ვიდეომასალა გაანადგურეს, ობიექტის მესაკუთრემაც განაცხადა. ჩვენი ინფორმაციით კი, გადარჩენილ კადრებზე ასახულია ის მაღალჩინოსანი პოლიციელები, ვინც გაანადგურა მტკიცებულება. კიდევ ერთი რამ: იქ მოსულმა პატრულის თანამშრომლებმა, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს თელიას საქციელი, ყველაფერი უარყვეს და განაცხადეს, რომ არაფერი დაუნახავთ... ობიექტის დაცვაც შევწყვიტეთ, მის დაცვას აზრი არ აქვს, რადგან ამ ფაქტის გამოძიება თავად პოლიციის ინტერესებში არ შედის. არადა, იმდენად უტყუარი ფაქტები გავრცელდა, რომ თელიას უკან დასახევი გზა ფაქტობრივად მოჭრილი აქვს, რადგან კადრების დანახვისთანავე ყველა მიხვდება, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ვალერი თელია ნარკოტიკების მომხმარებელია.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- მისი ქცევა. როდესაც ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იმ დროს მანქანაში იჯდა და ფაქტს შეესწრო, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მან თელიას ნარკოტიკული შემოწმება მოითხოვა. ამ პროცესს თავად თელიაც ესწრებოდა და მის მოთხოვნას აგრესიულად უპასუხა: - "ბებიათქვენისამო..."
კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:
- ველოდებით შს გენერალური ინსპექციის პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედოთ.
- თქვენ შეხვდით შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას. რაიმე შეთანხმებას მიაღწიეთ?
- არა, მე მას მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია და ველოდებით გენერალური ინსპექციის პასუხს, რომელიც ამ საქმეს სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმავთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. გენერალური ინსპექციის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვა და დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა მტკიცებულება შეგროვდება.
- შესაძლოა თუ არა პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღე... ამ ეტაპზე შს სამინისტროს მუშაობა შეიძლება შეფასდეს არაეფექტურად, რადგან მათ შეეძლოთ მოეძიებინათ მტკიცებულებები და პოლიციის სამმართველოს უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი თუნდაც უკვე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დამდგარიყო.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)