როგორ "გამოიძია" სააკაშვილმა "ვარსკვლავების აკადემიის საქმე"
2009 წლის 26 აპრილს, თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შენობა, სადაც პროექტი ”ვარსკვლავების აკადემია” მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა და ორი ადამიანის - მემონტაჟე გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის სიცოცხლე შეიწირა... შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან დაბრუნებული სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ტრაგედიის მიზეზი არავის შეუსწავლია, თუმცა კი, ექსპერტებს დასკვნისთვის კონკრეტული ვადაც განსაზღვრული ჰქონდათ. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ეს საქმე არც არავის გახსენებია და არც ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯიათ...
ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ სამშენებლო კომპანიის "არტ-X"-ს სამუშაოთა მწარმოებელ დავით გვასალიას წინააღმდეგ. საბოლოოდ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და განსასჯელ დავით გვასალიას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა: იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
როგორც მაშინ გაირკვა, შპს ”არტ-X” "რუსთავი 2"-ის დაკვეთით აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რასაც შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2, როგორც შენობის მესაკუთრე, ვალდებული იყო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის შესაბამისი ნებართვა მიეღო, მას ასეთი ნებართვა არ ჰქონდა...
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”არტ-X”-მა უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები აწარმოა, კანონით მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო, თუმცა, სხვადასხვა გარმოებების გათვალისწინებით საქმე მიჩუმათდა...
როგორც ირკვევა, ირაკლი ჩიქოვანმა (რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ამ საქმეში ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი) და რუსუდან ჩერგოლეიშვილმა (”არტ-X”-ის დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილის და) 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველო დატოვეს...
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის - ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდნენ სიმართლის დასადგენად, ნამდვილი დამნაშავეების კარებზე სამართალს ჯერჯერობით არ დაუკაკუნებია. საქმე ის არის, რომ ამ მხრივ ვითარება არც ოქტომბრის შემდეგ შეცვლილა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, ამის შესახებ ნიკა გელაშვილის მეუღლე, თეა გელაშვილი გვიამბობს.
- თეა, რა ეტაპზე შეჩერდა საქმე?
- პირველ რიგში მოგიყვებით, რა მდგომარეობა იყო პირველ ოქტომბრამდე: სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდო. დიდი მიხვედრა არ უნდა, ისეთ საქმეში, სადაც, როგორც ფიზიკური, ისე იურიდული პირები მინაწილოებდნენ, მხოლოდ დავით გვასალია არ იქნებოდა პასუხისმგებელი. უბრალოდ, რუსთავი 2 მა, არტიქსმა და დანარჩენებმა შეახოცეს ხელები და შემდეგ საპროცესოთი გამოუშვეს... ამის შემდეგ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, საქმის გამოძიება ხელახლა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსთვის მიგვემართა. საქმე რეგისტრაციაში მიიღეს და ნომერი მიენიჭა...
პარალელურად, იურისტების რჩევით, საქმე საქალაქო სასამართლოშიც ადმინისტრაციულ საქმეზე შევიტანეთ, თუმცა მოსამართლე თეა თადოშვილმა ეს საქმე თაროზე შემოდო და ერთი წლის განმავლობაში თითიც არ გაუნძრევია, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან საქმის გამოძიების დაწყების გაჭიანურება ერთ თვეზე მეტი დროით, კანონის დარღვევად ითვლება... ამასობაში კი, ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
- რა შეიცვალა საქმეში 1 ოქტომბრის შემდეგ?
- არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაგვირეკეს სასამართლოდან და გვითხრეს, რომ პროცესი ჩანიშნული იყო. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურება იყო. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძის გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლობა დაეკისრა ხუთ მოპასუხეს, ანუ ყველას, ვისაც ჩვენ ვუჩიოდით, ”რუსთავი 2-ს”, არტიქსს, (ახლა უკვე "ოლივ დიზაინი"), ჯორჯიან ბილდინგ კორპორეიშენს, დავით გვასალიასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს და მათ დაზარალებულის შვილის სასარგებლოდ სოლიდარულად 743 ლარის გადახდა დააკისრა, ყოველთვიურად მის სრულწლოვანებამდე...
- ანუ ეს თანხა მორალური ზიანის დაკმაყოფილებად ჩაითვალა?
- დიახ, ასე გამოდის... ეს არის დაცინვა და მასხრად აგდება ადამიანის, რადგან ეს ”სოლიდარული” თანხა დაუწესეს ჩემს შვილს სარჩოდ, ანუ იმ ხუთმა მოპასუხემ გარდაცვლილის ბავშვს ყოველთვიურად დაახლოებით 100-100 ლარი უნდა გადაუხადონ...
- თქვენ რამდენს ითხოვდით?
- ჩვენ ვითხოვდით დაახლოებით 200 ათას ლარს, და გარდა ამისა, ბავშვის სარჩოდ - 1000-ლარამდე... აქვე დავაზუსტებ, რომ ჩვენი მოთხოვნა მატერიალური ანაზღაურება არ ყოფილა, ასე რომ ყოფილიყო, ისინი თავად ითხოვდნენ მორიგებას და ფულადი თანხის გადაჭარბებით გადახდას გვთავაზობდნენ. მაგრამ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს ეს თანხა ეკისრება, ეს არის ადამიანის აბუჩად აგდება. ამიტომაც, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინიც ასაჩივრებენ და ამბობენ, საქმეზე ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლებიო და სასამართლოს მიერ დაკისრებული ასი ლარის გადახდაზეც კი არ არიან თანახმა.
- სისხლის სამართლის საქმის კუთხით რა ხდება, რამე გაგრძელება მოჰყვა?
- დამნაშავედ სცნეს მხოლოდ დავით გვასალია... საქმე ის არის, რომ ამ ხუთმა მოპასუხე მხარემ თუნდაც 1 ლარი რომ გადაგვიხადონ, ეს იქნება მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება, ამიტომაც ჯიუტობენ. ძალიან ჩახლართული საქმეა, მაგრამ ჩვენ ადვოკატებთან ერთად შეჩერებას არ ვაპირებთ.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)