"ეს იყო ღია და აშკარა პროვოკაცია პოლიციის მხრიდან" - კვირის პალიტრა

"ეს იყო ღია და აშკარა პროვოკაცია პოლიციის მხრიდან"

თბილისში სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"–ის მიერ ორგანიზებული საპირველმაისო აქცია ინციდენტით დასრულდა. სტუდენტებისა და პოლიციის შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ორგანიზატორთა ნაწილი დაკავებული იქნა. ამჟამად, დაკავებულების უმეტესობა გათავისუფლებულია. ინციდენტის შესახებ "ლაბორატორია 1918"-ის წევრები საუბრობენ, რომლებიც არ ადასტურებენ იმ ვერსიას, რომ შეხლა-შემოხლა აქტივისტების აგრესიული ქცევის გამო მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე:

- ყველაფერი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო. აქციაში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო ჩართული:"ლაბორატორია 1918", სოციალისტები, ანარქისტული ჯგუფები, უსინათლოები, ფემინისტები და ა.შ. ყველანი ერთად დავიძარით მარშუტით: პლეხანოვის გავლით და ელბაქიძის აღმართით მივემართებოდით ეკონომიკის სამინისტროსკენ. მსვლელობა მარჯანიშვილის მეტრომდე მიდიოდა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას იმის გამო, რომ აქტივისტებმა გადაწყვიტეს, "თი-ბი-სი" ბანკის შენობის კედლებზე პულვერიზატორებით წარწერები გაეკეთებინათ. ეს ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა, მსვლელობა კი რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად გაგრძელდა, თუმცა თბილისის მეცნიერების აკადემიასთან სიტუაცია კვლავ გართულდა, რისი მთავარი მიზეზიც იყო ის, რომ აქციის მონაწილეები ვერ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას.

პოლიცია მოითხოვდა, რომ სტუდენტები საავტომობილო გზიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ. ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან ბევრი ვიყავით და ტროტუარზე უბრალოდ ვერ დავეტიეთ. ამას პოლიციელების მხრიდან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ისინი ძალიან პროვოკაციულად და აგრესიულად გვექცეოდნენ, არაფერს დაგიდევდნენ და არ არჩევდნენ - ჩემ თვალწინ დაიწყეს აქტივისტების და ისეთი სტუდენტების დაკავებაც, რომლებიც ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. პოლიციელის ხელის შეხების შემდეგ წაიქცა გოგონა, ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციელები ამჯერად ღია და აშკარა პროვოკაციაზე წავიდნენ; სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილნი ხალხში დადიოდნენ და ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ორგანიზატორთა შორის ეწერა და რომელიც ეცნობოდათ, მასიდან ძალით გამოათრევდნენ და აკავებდნენ, რასაც, ბუნებრივია, ჩვენც ვერ შევეგუეთ. ჩვენს წინააღმდეგობას პოლიციის თანამშრომლებმა ანალოგიურად, ძალიან სასტიკად და აგრესიულად უპასუხეს.უნდა ითქვას, რომ მათ შორის შეინიშნებოდა არაერთგვაროვნება; იყო მცირე ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ჩვენს ნათქვამსა თუ მოქმედებას ძალიან ადეკვატურად იღებდა და იყო მეორე ნაწილი, რომელიც ღიად აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ორგანიზატორები წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩენილიყვნენ.

- არ ადასტურებთ იმ ვერსიას, რომ პოლიციელების ქმედება აქტივისტების აგრესიული ქმედებების გამო იყო გამოწვეული?

- მსვლელობის მონაწილეებში რამდენიმე ასეული ადამიანი შედიოდა. შესაძლებელია, მათგან მხოლოდ ერთეულები მიდიოდნენ პროვოკაციაზე, მაგრამ თუ პოლიციელები თავად იყვნენ სიმშვიდეზე ორიენტირებულნი, რამდენიმე ასეთი ადამიანის იზოლირება და გარიდება თავისუფლად შეეძლოთ. ზოგიერთი სტუდენტი აქციის მიმდინარეობას ჩვენც მოვარიდეთ, მაგრამ პოლიციელებმა სიტუაცია გაამწვავეს, ძალიან ბევრ ადამიანს უხეში და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. მათ შორის გოგონებიც იყვნენ.

- შეხლა-შემოხლის გამო არიან დაშავებულებიც. რა სახის დაშავებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა?

- ბევრს აქვს სისხლჩაქცევა, რამდენიმე მათგანი თავიდან ბოლომდე დასისხლიანებული იყო. ასეთებს დახმარება აღმოვუჩინეთ…

- როგორც შსს ავრცელებს ინფორმაციას, ყველა დაკავებული ხელწერილით არის გათავისუფლებული. რა შეგიძლიათ, გვითხრათ მათზე?

- ზუსტი ციფრი უცნობია, მაგრამ პოლიციის მიერ, დაახლოებით, 15-20 კაცი იქნა დაკავებული. მათ რიცხვში ძირითადად, შედის "ლაბორატორია 1918"-ის ძირითადი ბირთვი, მაგალითად: სანდრო ცაგარელი, ლევან აბაშიძე, ლაშა ხარაზი და ა.შ. მათ დააწერინეს ხელწერილები და გამოუშვეს, პოლიციის მხრიდან ოფიციალურად მივიღეთ პასუხი, რომ საქმის განხილვა მოგვიანებით შედგება და საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით არის აღძრული.

თინა ყიფშიძე:

- პოლიციელმა ერთ-ერთ აქტივისტს, გოგონას ხელი დაარტყა და წააქცია. ამას, რასაკვირველია, დემონსტრანტებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა, რის გამოც პოლიციელებმა მათი დაკავება დაიწყეს, ამას უხეში ძალის გამოყენებით აკეთებდნენ; ზოგს სისხლჩაქცევა აქვს, ზოგს ჭრილობა, აქვთ, ასევე, მოტეხილობებიც.

- ამჟამად, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია?

- დაკავებულები გამოუშვეს, მაგრამ მათ შორის არ არიან სანდრო ცაგარელი და გიორგი გაბელია. სანდრო ცაგარელს ჭრილობა და რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ხელის მოტეხილობა აქვს. ვერ ვიგებთ, ამ ორ ადამიანს რატომ არ უშვებენ. მე, პირადად, მოვითხოვ შს მინისტრის განთავისუფლებას, რადგან იგი ვერ ახერხებს მის უწყებაში არსებული ადამიანების კონტროლს. პოლიციელები არიან აგრესიულები, პროვოკაციულები, მათ მშვიდობიანი აქტივისტები დაიბრიყვეს. მათი ვერსია, რომლის მიხედვითაც არეულობა აქტივისტებმა გამოიწვიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, მერია ამ აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო, მაგრამ როდესაც 200-კაციანი აქციის კონტროლს პოლიცია ვერ ახერხებს, მაშინ პრობლემა პოლიციაშია და არა - დემონსტრანტებში.

ასევე იხილეთ: ეს პოლიციელები ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მენტალიტეტის ადამიანები იყვნენ - სანდრო ცაგარელი

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. სურათები ეკუთვნის liberali.ge-ს.