ნანა კაკაბაძე: "როცა ხალხი ვერ პოულობს სამართლიანობას, ის ლინჩის წესით გასამართლებაზე გადადის" - კვირის პალიტრა

ნანა კაკაბაძე: "როცა ხალხი ვერ პოულობს სამართლიანობას, ის ლინჩის წესით გასამართლებაზე გადადის"

2013 წლის 19 მაისს, სპორტის სასახლეში, სახალხო მოძრაობა "სამართალი უნდა აღდგეს!" ყრილობა ტარდება. ყრილობის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის". ამ მოძრაობის მიზანსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

- ყრილობა პოლიტპატიმრების ინიციატივით ტარდება. ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი შეხვედრა, იქვე დაფუძნდება სახალხო მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც იქნება "სამართლიანობა უნდა აღდგეს!". ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში სამართალი აღდგეს. ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წრეები, განსაკუთრებით კი, ის დაზარალებული ჯგუფები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყვნენ უფლებაშელახულნი. ამავე ყრილობაზე შეიქმნება კომისია, რომელშიც თითო დაზარალებულ ჯგუფს თითო წარმომადგენელი ეყოლება. კომისია ითანამშრომლებს პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა პარლამენტს მისცეს საშუალება, შეაფასოს სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი და მეორე მხრივ, მისცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ დაზარალებული ჯგუფების პრობლემები. ეს იქნება შუალედური რგოლი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და ხელს შეუწყობს ამ პრობლემების უფრო მარტივად და სწრაფად მოგვარებას.

- ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძრაობის და თქვენი უპირველესი მოთხოვნა ასეთია - უნდა დაისაჯოს რეჟიმი, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა უამრავ ადამიანს. ხომ არ უპირისპირდებით ამით ახალი მთავრობის შედარებით ლმობიერ პოლიტიკას ოპონენტების მიმართ?

- ერთი შეხედვით მართლაც ისე ჩანს, თითქოს მე ვიღაცების დასჯას ვითხოვ, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ჩვენ მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს საბრალდებო სკამზე დასმა გვსურს. ჩვენ გვინდა, როგორმე მოხერხდეს ამ რეჟიმის პოლიტიკური, მორალური და იურიდიული შეფასება და ეს აუცილებელია. თქვენ ხედავთ, რა ხდება დღეს ქუჩებში, კაფეებსა და რესტორნებში, რა მოხდა 8 თებერვალს, ან რა მოხდა რამდენიმე დღის წინ ფრანგულ კაფეში, სადაც სერიოზულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და იქ მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ამის მიზეზი ერთია: როცა ხალხი ვერ პოულობს სამართლიანობას, ის მერე ლინჩის წესით გასამართლებაზე გადადის.მიტომაც ვითხოვთ ხელისუფლებისაგან უფრო აქტიურ და ადეკვატურ ქმედებებს. ეს ჩვენი ინიცატივა კი არ არის, ეს არის ხალხის ხმა, ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა და დაკვეთაა. შეიძლება ეს არ არის თანმხვედრი იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, მაგრამ მისი ვალია, ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთა შეასრულოს და მხოლოდ მას ემსახურებოდეს. გახსოვთ ალბათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" უმთავრესი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო და როდესაც მთელი საზოგადოება გსაყვედურობს იმის გამო, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა, ეს საკმაოდ ცუდის ნიშანია. "ქართულმა ოცნებამ" როგორღაც გადაუხვია იმ დაპირებას, რომელიც ხალხს მისცა, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ არა იმდენად ხელისუფლების, არამედ საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებიდან. სწორედ ხალხს სჭირდება სამართლიანობა, ხალხია უფლებაშელახული, ხალხია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ დღეს სწორედ მას სჭირდება მხარში დგომა და არა ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ, ან არ შეასრულებს თავის დაპირებას, დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ იმიჯს, ავტორიტეტს და ძალიან მოკლე ვადით განისაზღვრავს თავის არსებობას. ჩვენი სურვილია, რომ "ქართული ოცნება" აღმოჩნდეს ის ძალა, რომელიც თავის წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს და ხალხის დაკვეთას არ უარყოფს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრა სპორტის სასახლეში და ყველას ვეპატიჟებით - სულ ერთია, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება ის, თუ ხელისუფლებისა. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება გააქტიურდება და იბრძოლებს თავისი ღირსების აღდგენისათვის და ეს ხელისუფლებაც უყურადღებოდ არ დატოვებს საზოგადოების ტკივილსა და დაკვეთას.

- ქალბატონო ნანა, პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ერთი ადამიანის დასჯა რამდენიმე ოჯახის დასჯას ნიშნავს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს თვალსაზრისი გამართლებულია...

- როდესაც ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც წაართვეს ქონება, წაართვეს თითქმის ყველაფერი და შეულახეს ღირსება, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც ერთი ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ, დანარჩენი 99 კი დაუცველი დავტოვოთ? თუ ეს ერთი ადამიანი რამდენიმე ოჯახს წარმოადგენს და გვეცოდება, დანარჩენმა 99-მა რა ქნას? - იყოს უფლებაშელახული, ღირსებაწართმეული, შეურაცხყოფილი და უყუროს იმას, როგორ არის დაცული იმ ერთის უფლებები? შერჩევითი სამართალი, არ არის სამართალი და ჩვენც სწორედ ამისკენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას. რატომ უნდა ჩნდებოდეს რაღაც კითხვები? ჩვენ ხომ 1 ოქტომბერს გამოვთქვით ჩვენი პოზიცია, რომლითაც უარი ვუთხარით ტირანიას და არ ავირჩიეთ ხელისუფლება, რომელიც სწორედ შერჩევითი სამართლის პრინციპებით ხელმძღვანელობდა?!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)