პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა - კვირის პალიტრა

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, - ამის შესახებ შესახებ ქუთაისის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომპლექსურ ღონისძიებებს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აწარმოებდა.

"პირველი ეპიზოდი შეეხება შემდეგს: ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომრჩევლთა მოსყიდვის, ასევე სახელმწიფო სახსრებით ამ პარტიის მხარდამჭერების ფარული დაფინანსების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან – 5 მილიონ 200 ათასი ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. ისინი შტატგარეშედ გააფორმეს, როგორც თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემისა და მისი საარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ამ შემთხვევაში გამოძიება მერაბიშვილს დაბა კვარიათში კერძო პირის საცხოვრებელი სახლის უკანონოდ მითვისებაში ედავება, რომელიც მას "დასასველებლად" მოეწონა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი უახლოეს მომავალში 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეებზეც წარედგინება , - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა ვანო მერაბიშვილის უშუალო დავალებით მოხდა გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი ადამიანი.

"ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება ორ ეპიზოდზე. პირველი ეპიზოდი შეეხება 26 მაისს. საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც, გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მრავალმა ადამიანმა", - განაცხადა ჯალაღანიამ.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, როგორც პროკურორი განმარტავს, გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილმა მისი მეუღლისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მომხდარი დანაშაულისგან განრიდების მიზნით უზრუნველყო ფალსიფიცირებული სამართალწარმოება.

"მეორე ეპიზოდი უკავშირდება გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექური გამოძიებით, პროკურატურის მიერ ფაქტობრივად სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და აღმსრულებლები. მოპოვებული მტკიცებულებებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის, თამარ სალაყაიას, აგრეთვე მასთან დაახლოეული პირების, მომხდარი დანაშაულისგან ხელოვნურად განრიდების მიზნით უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება, რითაც შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას", - აღნიშნა პროკურორმა.