რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი? - კვირის პალიტრა

რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

33 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი ლოგინში დახოცა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა და ყელი გამოიჭრა. გოჩა ფ. - ს სახლთან სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო მანქანა ერთდროულად მივიდა. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ფიფიას წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შოკში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ რა მოხდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ტრაგიკულ ამბავზე მეზობლები გვესაუბრნენ:

- 5 წელია ამ ოჯახს ვიცნობ. ვიცი, რომ გოჩამ და თამუნამ სიყვარულით შექმნეს ოჯახი. სამი შვილი ჰყავდათ, უფროსი ვაჟი პირველი კლასის მოსწავლეა, საბრალო ნია შუათანა იყო, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წლის არის. მთელი უბანი გაოგნებულია. ვარაუდიც კი არ შეგვიძლია გამოვთქვათ. რატომ ჩაიდინა გოჩამ ეს საშინელება. წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო, ალბათ გაგიჟდა... მამამისი, საწყალი, ისეთი გამწარებულია, ხომ შვილია მაინც, საავადმყოფოში უწევს, გადარჩება თუ არა არ იცის და ნეტავი მოკვდეო, ღრიალებს...

- ხომ არ სვამდა?

- არა რას ამბობთ, ოდნავ ნასვამიც კი არასდროს მინახავს. სპეცრაზმში მუშაობდა. ერთი წელიც არ იქნებოდა რაც სამსახურიდან წამოვიდა. არ ვიცი, თავისი ნებით წამოვიდა თუ გამოუშვეს. (ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოჩა ფ.-ს ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ სპეცრაზმში მსახურებისას შეამჩნიეს. მას შემოწმება ჩაუტარდა, რის საფუძველზეც ფსიქიკურად გაუწონასწორებლად იქნა მიჩნეული და სამსახურის დატოვება მოუწია – ავტ.) თამუნამ კი თქვა, რომ ბოლო დროს დეპრესიული გახდა, მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდა, ვინ რას იფიქრებდა? ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, მეზობლები ვერც კი ვატყობდით, ასეთ დეპრესიაში თუ იყო.

- მეუღლეზე ხომ არ ეჭვიანობდა?

- მსგავსი რამ არც კი მსმენია. მეზობლები ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის მომსწრენი არასდროს ვყოფილვართ. ორიოდე დღის წინაც ხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ ქუჩაში. თამუნა არ იყო ისეთი გოგო, რომ ქმრისთვის ეჭვიანობის საბაბი მიეცა და არც გოჩა ჩანდა პათოლოგიურად ეჭვიანი.

- თქვენ როგორ შეიტყვეთ ეს საზარელი ამბავი?

- საღამოს ცხრის ნახევარი იყო. უცებ ქუჩაში ჩოჩქოლი შეიქმნა, მერე კივილის ხმაც გაისმა. გარეთ გამოვედი და საზარელი ამბავი გავიგე, მითხრეს, გოჩამ თამუნა და ნია პურის საჭრელი დანით, ლოგინში დახოცაო. თავზარი დამეცა. თამუნას გუშინ ველაპარაკე. ქუჩაში მოვდიოდი, ის კი სახლის კარებთან იდგა, მომესალმა, მომიკითხა. ძალიან ზრდილობიანი, წესიერი გოგონა იყო. ჯერ მხოლოდ 30 წლის იყო და დაბრძენებული ქალივით არაფერი ეშლებოდა, ქმარ-შვილზე გადაყოლილი იყო.

- დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- ყველანი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ უთანხმოება არ მოსდიოდათ. არც დედამთილ-მამამთილისგან გამიგია თამუნას ძაგება და არც მას გამოუთქვამს რაიმე უკმაყოფილება... ერთი ბიჭი ჰყავთ კიდევ ის თავის ცოლ-შვილთან ერთად, თუ არ ვცდები, ვარკეთილში ცხოვრობს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)