ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს ვინ რას ეკითხებოდა პარლამენტში? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს ვინ რას ეკითხებოდა პარლამენტში? (ექსკლუზივი)

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლებს ბრალი წაუყენა. ამაზე კომენტარი "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლეს, პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ვახტან რჩეულიშვილს ვთხოვეთ.

- "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაიკითხნენ მაიაც და რუსუდანიც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ძიება უკვე დასრულდა. ვიცი, რომ ბრალი წარედგინებათ, რადგან მაია და რუსუდანი არიან დამფუძნებლები, თუმცა ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ პირიქით, ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად და აწი ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

- ჯერ-ჯერობით მოლოდ თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ მშენებლობას გედავებათ გამოძიება, როგორ ფიქრობთ სააკაძის ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობებითაც ხომ არ დაინტერესდებიან?

- საერთოდ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, მანდ ასეთი რეალობაა: თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პროექტს, თავიდანვე 4 მილიონის ქონება ჩამოაჭრა ქალაქის მერიამ, ამიტომაც თავიდანვე დიდი პრობლემები შექმნა ხელოვნურად და პროექტი დასაწყისშივე დაზარალდა, თუმცა დიდი მცდელობით მაინც მივიყვანეთ ბოლომდე. ახლა შექმნილია ორი ამხანაგობა, რომლებიც ერთმანეთში დაობენ და უკვე 90% აშენებულ ბინებს ვერ ვაძლევთ მობინადრეებს, რადგან ერთი ამხანაგობა ჩივის, რომ მისია ეს ბინა და მეორეც ანალოგიურს აკეთებს, მაგრამ ეს მათი გასარკვევია, ჩვენ რას გვერჩიან? არც მერიაზე და არც ამ ამხანაგობებზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ რადგან მაია და რუსუდანი დამფუძნებლები არიან, საჩივარი ამათზეცაა და მილიონებზე დავაში ამათი სახელიც ფიგურირებს. დავამტკიცებთ, რომ ამ მილიონებთან კავშირი არ გვაქვს, არავითარ გაფლანგვას არ აქვს ადგილი.

- ამბობთ, რომ მერიის ბრალია, რომ მობინადრეები ვერ დაკმაყოფილდნენ ბინებით...

-დიახ, მერია და ამ ამხანაგობების გაუთავებელი დავა. თითქმის ყველა ბინის გადაცემა დღესვე შეგვიძლია, მაგრამ ამ ამხანაგობების დავის გამო ხალხს ვერ ვაძლევთ ბინებს უკვე 2 წელია.

- ვინ დგას ამ ამხანაგობების უკან?

- ერთ-ერთის უკან დგას "დექსუსი", რომელმაც ისე აურია საქმე, რომ თვითონაც თავი დააჭერინა და ჩვენც პრობლემები შეგვიქმნა.

- "დექსუსის" ეკან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი ხომ არაა?

- "დექსუსი" გიგი უგულავას ფირმაა.

- ქალბატონი რუსუდანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და არ უცდია გიგი უგულავასთან ამ საკითხზე საუბარი?

- ბევრი მცდელობის მიუხედავად არაფერი არ გამოგვივიდა. ერთი-ორჯერ მეც ვიყავი მისული, ხოლო რუსუდანს საერთოდ ვინ ეკითხებოდა, კი იყო თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში, მაგრამ რა ეკითხებოდა საერთოდ. ისე, მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსუდანის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტერესს ქონდეს ადგილი, მაგრამ ეს რეალურად არაფერს არ ცვლის. ჩემს და მაიასადმი არავის პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და ის პრობლემები რომლებიც არის, აუცილებლად გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, პროკურატურას ვენდობი.

ამავე საკითხზე კომენტარი კომპანია "დექსუსის" წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ

ნატა თოფურია ("დექსუსის" პიარ-მენეჯერი):

- ჩვენი კომპანია "ცენტრპოინტს" 2010 წლიდან მართავს, ხოლო პროკურატურის განცხადების თანახმად, თაღლითური სქემა ეხება 2004-2009 წლებს ანუ ამ დროს მოხდა "ცენტრპოინტის" მხრიდან ამხანაგობა "თაბუკაშვილი88"-ის მენაშენეთა თანხების თაღლითური მითვისება. აქედან გამომდინარე, აბსურდულია ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის ივანე ცაგურიას დაკავება თაღლითობაში დახმარებისათვის, ხოლო მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის განთავისუფლება.

- ჩვენთან ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილმა თქვა, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე ბინების 90% დასრულებულია, მაგრამ "დექსუსი" ქმნის პრობლემებს და ვერ ვახერხებთ მობინადრეების დაკმაყოფილებასო..

- ამ ეტაპისთვის პირადად მე დამატებით ვერ გავაკეთებ კომენტარს, ხოლო ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებეზე მინდა გითხრათ, რომ არ შეესაბამება სიმართლეს. "დექსუსის" დამფუძნებელი ბატონი ირაკლი კილაურიძე ხვალ გააკეთებს ყველაფერზე კომენტარს.

- ვახტანგ რჩეულიშვილმა ასევე თქვა, რომ "დექსუსის" უკან თბილისის მერი გიგი უგულავა დგას...

- ვახტანგ რჩეულიშვილის ყოველი განცხადება არის აბსურდული და სიმართლეს არ შეესაბამება. დანარჩენ დეტალებს, როგორც უკვე გითხარით, დამფუძნებელი გაგიზიარებთ...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)