"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით? - კვირის პალიტრა

"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

ბოლო დღეების შემზარავ ინფორმაციებს კიდევ ერთიც დაემატა, - გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში ძმებმა რევაზიშვილებმა ერთმანეთი ხანჯლითა და ნაჯახით აჩეხეს. თვითმხილველი მეზობლების თქმით, ერთი მათგანი ხელში ნაჯახით მეორეს მოსაკლავად გამწარებული მირბოდა. საბოლოოდ, ორივემ მოახერხა ერთმანეთისათვის სერიოზული ჭრილობები მიეყენებინათ. ერთი მათგანის, რამაზის ჭრილობები მუცლის არეში იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მისი გადარჩენა სასწრაფო ოპერაციის შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამჟამად ძმების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, როგორც სოფელ ვაზისუბანში ამბობენ, ისინი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ კვლავაც აუცილებლად დადგებიან. და არა მხოლოდ - მსგავსი საფრთხე, შესაძლოა, სოფლის უდანაშაულო მაცხოვრებელსაც დაემუქროს.

მირიან გ., სოფელ ვაზისუბნის მცხოვრები:

- ეს ძმები რომ ერთმანეთს ბოლოს მოუღებენ, ისევე უეჭველი ამბავია, როგორც ხვალინდელი დღის გათენება. ამ ოჯახის უბედურება ის არის, რომ რაც ახლა მათ ოჯახში დატრიალდა, წლების ფესვები აქვს. ვინ გაიგებს, მაგათი საცოდავი მშობლები რამ დაამთხვია ერთმანეთს, მაგრამ დალაგებული ფსიქიკა არც მაგათ დედ-მამას ჰქონდა. მამას თავიდან არაფერი ეტყობოდა, ისეთი მშრომელი იყო, მთელ სოფელში საუკეთესო სახლი ახლაც მის შვილებს აქვთ, მაგრამ რად გინდა, ჯერ დაყრუვდა, მერე კი ტვინი აერია და მუშაობას თავი მიანება. დედასაც ასე თანდათან დაეტყო ეს ფსიქიკური ამბები და ამ ბიჭებსაც. ოღონდაც ეგ არის, ისინი არაფერს აშავებდნენ, ეს ბიჭები კი სულ "ბრიტვის" პირზე დადიან. თავიანთ დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ. ბოლოს საცოდავი დედა ისე დაასისხლიანეს, ის უბედური ქმარიანად გადაიყვანეს უპატრონოთა სახლში. ეგ ბიჭები კიდევ, მარტონი დარჩნენ და სულ დაგიჟდნენ, ერთმანეთზე დასახოცად გაწეულები იმდენჯერ დააპატიმრა პოლიციამ, რომ ჰკითხო ვინმეს, ვეღარც გეტყვიან, რამდენჯერ იყო. არადა, თავიდან მაგათაც არაფერი ეტყობოდათ ამ ფსიქიკური ამბებისა. შეიძლება იმ ძმას, რომელიც ყრუ-მუნჯია, დღესაც ეშველოს, მაგრამ პატრონი ვინ არის? ეგ ყრუ-მუნჯი ძმა თავის დროზე ჩვენი სოფლის სკოლაში სწავლობდა და ერთი პერიოდი სპორტშიც ვარჯიშობდა. მერე მაგანაც ხელი ჩაიქნია. თუ ფხიზელია, როცა დაველაპარაკებით, ამას რატომ აკეთებ, დედას როგორ სცემო - ტუჩების მოძრაობაზე გვაკვირდება და ყველაფერს ხვდება, მაგრამ მერე ხელს ჩაიქნევს, ვითომ ისეთი ცხოვრებაა, საქმე არაფერი მაქვს, გავლოთდი და ყველაფერი იმიტომ მემართებაო. მეორე ძმა კი უკვე გამოუსწორებელი ლოთია. დღიურ სამუშაოზე ეხმარება სოფლელებს და რასაც უხდიან, სასმელს ყიდულობს. ან სულ არ ითხოვს ფულს, - დამალევინეთ და მეტი არაფერი მინდაო. ახლა ორივენი დაპატიმრებულები არიან, მაგრამ როცა სახლში დაბრუნდებიან და დათვრებიან, იგივეს დააწევენ ერთმანეთს. და როცა ერთი მეორეს მოკლავს, ალბათ მერე სოფელზეც გადმოინაცვლებენ.

- ამ დღეებში რა მიზეზით დაჭრეს ერთმანეთი?

- ლოთისთვის მიზეზის მოძებნას რა უნდა! ამ უბედურებს მამა მოუკვდათ თავშესაფარში და ის რომ იქიდან ჩამოასვენეს, დედაც ჩამოჰყვა. როცა ის კაცი დამარხეს, ეს საცოდავი ქალი სახლში რომ დაბრუნდა, ლოთი შვილი მიადგა, - წადი წყალი მოიტანე და სარეცხი დამირეცხეო. იმან უთხრა, - მე ფეხები მტკივა, წყალს ვერ მოვიტან, მოიტანე და დაგირეცხავო. შვილმა კიდევ, - არა, სწორედ შენ უნდა მოიტანო წყალი და არა მეო და იმ უბედურს ჯოხით ცემა დაუწყო. ამ დროს ყრუ-მუნჯი ძმა არ იყო მთვრალი და ეს ამბავი რომ დაინახა, ნაჯახს დაავლო ხელი და ძმისკენ მოსაკლავად გაქანდა. ამანაც ნაჯახის დანახვაზე დედას ხელი უშვა და დანას სტაცა ხელი. თანაც ორივემ მოასწრო რომ ერთანეთისათვის ჩაერტყა. სასწრაფო მანქანა რომ მოვიდა, ორივეს სისხლი სდიოდა, ერთს, - მუცლიდან; მეორეს, - თეძოდან. მაგათ ახლა ან ციხეში ჩასვამენ. ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სულ ეგ არის.

- იქედან რომ დაბრუნდებიან, რეალურად არის იმის საშიშროება რომ სოფლისთვის საშიშნი გახდნენ.

- აბა, ძმა ძმაზე რომ ნაჯახით გაიწევს, ის სოფელს დაინდობს?! მაგათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. ერთ ჭიქას რომ დალევენ, ერთმანეთის დახოცვა უნდებათ. ერთ დღეს კი შეიძლება ისე დათვრნენ, რომელიმე ძმას მეორე შემოაკვდეს. მერე შეიძლება სოფლის გზაზე შემთხვევით შემოყრილი კაციც მოკლან. მაგრამ ეს რომ აიცილოს, სოფელს რა ძალა აქვს?!

...ასე მიპასუხეს ძმები რევაზიშვილების მეზობლებმა და საუბარიც დაამთავრეს. ეს პასუხი კი დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც ის შემთხვევა, როცა თეორიულად ვსაუბრობთ რაიმე საშიშროებაზე, პანიკასაც კი ვქმნით, თუმც სინამდვილეში რისკი სრულიად არ გვაქვს გააზრებული, ან იმის იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგები ჩვენ მაინც არ შეგვეხება.

მაგრამ რომც შეგვეხოს, ვინ არის პასუხისმგებელი? აი, ეს ვაზის უბანში ნამდვილად არავინ იცის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)