"ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებია..." მხოლოდ ამ სიტყვების გარჩევაა შესაძლებელი იმ შემზარავი ხმებიდან, რომელსაც ლოგინს მიჯაჭვული, ყოფილი პატიმარი, კოტე გიგაშვილი გამოსცემს. 40 წლის გიგაშვილი 2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს. ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო. როგორც ყოფილი პატიმრის დედა, ჟუჟუნა ჩხაიძე ამბობს, კოტე ციხეში სრულიად ჯანმრთელი მოხვდა, მაგრამ იქიდან საკაცით გამოიყვანეს და დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული. პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა დღემდე არ არსებობს, არც დიაგნოზია ცნობილი და არც ის, თუ რატომ შეერყა ჯანმრთელობა პატიმარს. ვინაიდან გიგაშვილს თავად არ შეუძლია საუბარი, მის ერთადერთ გულშემატკივარს, 80 წელს მიტანებულ დედას, ქალბატონ ჟუჟუნას დავუკავშირდით. დედა-შვილი ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობენ...- ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენი შვილის მდგომარეობა ამჯერად როგორია? - ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა. ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს, ვერ მოძრაობს, რამეს რომ ვეკითხები, ღმუის, მის ლაპარაკს ვეღარ ვიგებ. ხანდახან ძილში ამ სიტყვებს წამოიძახებს ხოლმე გარკვევით, - ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებიაო. საავადმყოფოდან სექტემბერში გამოვიყვანეთ. მას მერე უკვე 9 თვე გავიდა, მაგრამ ის ისევ მძიმე მდგომარეობაშია.- ციხეში რა ბრალდებით მოხვდა? - პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ოთხი წლის წინ, სამი წლითა და რვა თვით, პატიმრობა მიუსაჯა.- ფიქრობთ, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო?- აბა რა გითხრათ, ქურდობა თავად დაიბრალა, თავისი ქალიშვილის გადასარჩენად. - იქნებ ამბავი უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?- კი ბატონო. კოტე მეზობელთან დასახმარებლად იყო გასული. იქ მისმა ქალიშვილმა მიაკითხა, რომელიც იქვე ახლოს არის გათხოვილი. მათი იქ ყოფნის პერიოდში ბეჭედი დაიკარგა. მასპინძელმა კოტეს შვილზე აიღო ეჭვი და პოლიციაში ჩივილით დაიმუქრა... კოტემ თქვა, - შვილი, თანაც გოგო, ციხეში როგორ გავუშვაო, პოლიციაში მივიდა და ბეჭდის ქურდობა დაიბრალა. მერე იმ მეზობელმა ის ბეჭედი იპოვა. თუმცა, კოტეს სამი წელი და რვა თვე მაინც მიუსაჯეს. გეგუთის ციხეში ჩასვეს...- ბეჭედი სად იპოვეს?- ბეჭედი კარადის უკან გადავარდნილა, ამას თვითონვე ადასტურებენ. საქმე აღარ გავართულე, მითხრეს, პოლიციას შეუძლია, თქვენს შვილს გამოძიების შეცდომაში შეყვანის გამო სასჯელი მოუმატონო და გავჩუმდი... კოტეს გათავისუფლებამდე ორი თვე იყო დარჩენილი, ციხიდან წერილი რომ გამომიგზავნეს. მწერდნენ, - შვილი მოიკითხეო. გეგუთში ჩემი ნათესავები წავიდნენ, მაგრამ კოტე იქ არ დახვდათ, თურმე თბილისის საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მე ესეც კი არ ვიცოდი. ჩემი შვილი ისე შეცვლილი იყო, რომ ნათესავებმა ვეღარ იცნეს... შინ საკაცით მომიყვანეს... ვერ ვხვდები, ასეთი რა გაუკეთეს, ასეთ საშინელ დღეში როგორ ჩააგდეს. სულ ამაზე ვფიქრობ. ალბათ თავში რაღაც ჩაარტყეს და დაადებილეს...- სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარეთ?- მისი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა მოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა კი ვერ ჩავუტარე. მე არაფერი შემიძლია, მე და ჩემს ავადმყოფ შვილს თავი ძლივს გაგვაქვს, მთელი ჩემი შემოსავალი ასი ლარია, რომელსაც დახმარების სახით ვიღებ. ეს თანხა საკვებისთვისაც არ მყოფნის და სამედიცინო ექსპერტიზა როგორ ჩავუტარო? - თქვენს შვილს ცოლ-შვილი სად ჰყავს?- ცოლი გაშორდა, ქალიშვილი გათხოვილია...- მის მოვლაში არავინ გეხმარებათ?- ხანდახან სოფლის ექიმი მოდის და მეხმარება... მე უკვე 80 წელს ვარ მიტანებული, იმდენი ძალა არ მაქვს, რომ კოტე საწოლიდან გადმოვიყვანო. მეცოდება, სულ ოთახშია გამოკეტილი. იქნებ ვინმე გულისხმიერი დამეხმაროს და ეტლი მაინც მიყიდოს, რომ ეს უბედური ეზოში, ჰაერზე მაინც გავიყვანო.ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)