ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა - კვირის პალიტრა

ახალაიას განაჩენის გამო პატიმარმა ტუჩები და თვალები ამოიკერა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე პატიმრები ისევ რჩებიან. ამის შესახებ ქსნის 15-ე დაწესებულებიდან პატიმარმა ზურაბ ინაშვილმა გვაცნობა.

"მე და კახა ხარძიანი შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ. არ შეგვიწყვეტია, მოვითხოვთ ჩვენი საქმეები გადაიხედოს. კახა ხარძიანმა როცა შეიტყო, რომ ბაჩო ახალაია სასამართლომ გაამართლა, პროტესტის ნიშნად ტუჩები და თვალები ამოიკერა. კახას თავის დროზე ნარკოტიკები ჩაუდეს და ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს, ახლა 7 წელი აქვს დარჩენილი. რამდენი ხანია ითხოვს საქმის გადახედვას. ბუნებრივია, როცა ისმენ, როგორ ამართლებენ ბაჩო ახალაიას, რომელსაც ათობით ადამიანი ამხელს და შენ უკანონოდ ზიხარ, პროტესტი თავისთავად გიჩნდება. კახა ხარძიანმაც ასეთი პრინციპული და ჯანმრთელობისთვის საშიში გადაწყვეტილება მიიღო, არადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო. ერთი კვირის წინ ოპერაცია გაუკეთეს. ახლა აგერ ზის ჩემს გვერდით კახა, მას პირი ამოკერილი აქვს და ამიტომ მე გესაუბრებით მისი სახელითაც, "- მითხრა პატიმარმა ზურაბ ინაშვილმა. იგი ამბობს, რომ ქსნის დაწესებულების ადმინისტრაციასთანაც შეექმნა პრობლემები.

"უკვე მერამდენე დღეა ჩემი უფლებების დამცველს ჩემთან არ უშვებენ, ვაპროტესტებ, მაგრამ უშედეგოდ. არადა, კანონი მაძლევს ამის უფლებას... სახალხო დამცველი ფაქტობრივად არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არც კი აინტერესებს ჩვენი ბედი. მოვითხოვთ ხელისუფლებამ მოგვხედოს და გადაიხედოს დროზე ჩვენი საქმეები... ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია, ვისარგებლოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სანამ ეს არ შესრულდება, ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას და შეიძლება უფრო რადიკალურ ფორმასაც მივმართო. მე პირადად თვითდაზიანებაზე ვფიქრობ... მიმაჩნია, სასჯელაღსრულების სისტემა არის საბოტაჟის რეჟიმში და ცდილობენ როგორმე უკმაყოფილება დათესონ პატიმრებში. არ ვიცი, რატომ აჭიანურებს ჩემს საჩივარს პროკურატურა. სამი წელია საჩივრის განხილვას და პასუხს ვითხოვ", - დასძინა მან.

ინაშვილის უფლებების დამცველი ლაშა ფანქველაშვილიც გვესტურმა რედაქციაში და მანაც ციხეში პატიმართან არ შეშვება გააპროტესტა. "ზურაბ ინაშვილის უფლებების დამცველი ვარ. შესაბამისი საბუთი მაქვს. როცა რუსთავის მე-16 კოლონიაში იხდიდა ზურა სასჯელს, ჩემს სახელზე გაიცა მინდობილობა და ყველანაირი უფლებამოსილების განხორციელება მე დამავალა. ამ სტატუსით ზურა ინაშვილთან ციხეში თავისუფლად შევდიოდი, მასთან ვათანხმებდი მნიშვნელოვან საკითხებს. ეს გრძელდებოდა სოზარ სუბარის მინისტრობის შემდეგაც. პატიმრობის შესახებ კანონის მე-18 მუხლში პირდაპირ არის ჩამოთვლილი, ბრალდებულთან ვის აქვს შეხვედრის უფლება და მათ რიცხვში გარკვევით წერია უფლებების დამცველიც. ახლა უჩვეულო ფაქტის წინაშე დამაყენეს, 4 ივლისს რომ მივედი, მითხრეს, თუ ადვოკატის ორდერი არ გაქვს, ციხეში პატიმართან ვერ შეგიშვებთო. ეს არის სრული აბსურდი, მაჩვენონ ასეთი ჩანაწერი სად არსებობს. გამაგებინონ, კანონს თავიანთი შეხედულებისამებრ ირგებენ?,"- ამბობს ლაშა ფანქველაშვილი. ის ფიქრობს, რომ ინაშვილის მისამართით მიზანმიმართულად ხორციელდება მსგავსი ფაქტები, რადგან ის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი პატიმარია. "ზურამ ციხეში შექმნა პატიმრებისა და პრობაციონერების კავშირი და პატიმრების უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს. პირველად ხდება ციხეში ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას არ მოსწონს და ახლა ებრძვის ზურა ინაშვილს... მაშინ ის მითხრან ვინ არღვევდა კანონს, ვინც აქამდე მიშვებდა ის ხელმძღვანელი თუ ის, ვინც ახლა დაინიშნა და პატიმართან არ მიშვებს. ორივე ხომ სუბარის კადრი იყო. უფროსი შეიცვალა, კანონი ხომ არ შეცვლილა. ვფიქრობ, დეპარტამენტში ვიღაც გაუნათლებელი ზის და ვერ კითხულობს კანონს ისე, როგორც ეს წერია",- დასძინა ფანქველაშვილმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სხვადასხვა დაწესებულებებში მასიურად დაიწყეს პატიმრებმა საპროტესტო აქციები. ისინი საქმეების გადახედვას ითხოვენ. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამას არ ადასტურებენ ქსნის დაწესებულების პატიმრები და ზურა ინაშვილის მტკიცებით პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ შედეგი არ დადგება და საქმეები არ გადაიხედება..

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)