"ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს" - კოჩალაძეები საჯარო ბოდიშს ითხოვენ - კვირის პალიტრა

"ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს" - კოჩალაძეები საჯარო ბოდიშს ითხოვენ

"არაფერი არ მაქვს ბოდიშის მოსახდელი, თორემ არ გამიჭირდებოდა"

"ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს მარიამის ოჯახთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი"

"არავის ინტერვიუს არ ვაძლევ, ერთადერთს გეტყვით - სანამ ეკა ბესელია სახალხოდ არ გამოვა და მარის სულს ბოდიშს არ მოუხდის, ჩემთან არავინ არ მოვიდეს საერთოდ და არ დამენახოს", - აცხადებს ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას, მარიამ კოჩალაძის გამზრდელი ნათლია ნატა კვინტრაძე.

- ის, რომ ეკა ბესელიას შვილები ცოცხლები არიან და არავინ დადევთ მოსაკლავად, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ყელგამოჭრილი ბავშვი წიწილაა!

- რას გულისხმობთ?

- ეს უბედურება მოხდა. ბესელია კი გამოვიდა და ტელეეთერით მეუბნება, რომ ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ აქ აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. აი, ახლა ატეხოს აჟიოტაჟი, დაიჭიროს ის, ვინც მარის ასეთი რამ დამართა და მერე დაგველაპარაკოს დანარჩენი სახელმწიფო.

-თქვენ ამ მკვლელობას რელიგიურ რიტუალს უკავშირებდით...

-არაფერი არ შემეკითხოთ არც გამოძიებაზე და არც მარიზე. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ეკა ბესელია გამობრძანდეს, მარის სულს სახალხოდ ბოდიში მოუხადოს, სანამ ღმერთი გადმოხედავს და სამაგიეროს მიაგებს.

ლევან ბერძენიშვილმაც მოიხადოს ბოდიში, რომ ვითომ ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 16 წლის ბავშვი რომ მოკლეს, ეგ არაფერი?! ირანელის უდანაშაულობის პრეზუმფცია ადარდებს ბერძენიშვილს და 16 წლის ბავშვის არაადამიანური მკვლელობა არა?!

ეს ინფორმაცია ეკა ბესელიას თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ. მე არ მიპასუხებს. ახლა ხომ მისი შვილი ციხეში აღარ ზის და მიუწვდომელი გახდა. აიხდინა ოცნება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვერ ხვდება, ბოდიში რისთვის უნდა მოიხადოს, რადგან ოჯახის მისამართით ისეთი არაფერი არ უთქვამს "გულნატკენები რომ დარჩენილიყვნენ".

ეკა ბესელია:

"ჩემი განცხადება პასუხი იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ჩემი პასუხი ეხებოდა მათ კონკრეტულ ბრალდებებს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია და ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.

ასეთი განცხადებები მოსახლეობაში პანიკას გამოიწვევს. სწორედ "ნაციონალების" საპასუხოდ მოვიყვანე კონკრეტული ციფრები, რომ წინა წლების მონაცემების მიხედვითაც ფიქსირდებოდა ძალადობრივი დანაშაულებები, რომელთა ნაწილი გაუხსნელი იყო. ეს იყო პასუხი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებაზე და არა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.

ვთქვი, რომ უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახს. ოჯახის მიმართ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. გარდა იმისა, რომ მივუსამძიმრე და ჩემს წუხილსა და სამძიმარს კიდევ ერთხელ გამოვხატავ.

ვერ ვხვდები, ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო. ოჯახის მისამართით ისეთი არაფერი არ მითქვამს, რომ გულნატკენი დარჩენილიყვნენ. არაფერი არ მაქვს ბოდიშის მოსახდელი, თორემ არ გამიჭირდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "რესპუბლიკური" პარტიიდან ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მარიამ კოჩალაძის ოჯახთან ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი.

"უმძიმესი ტრაგედია მოხდა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს ბოდიში გვაქვს მოსახდელი მის ოჯახთან, რომ მარიამის უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი," - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)