"თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს" - ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე - კვირის პალიტრა

"თურმე, ყელის გამოსაჭრელად გადახვია ხელი ჩემს შვილს" - ორხევში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის ბოლო დღე

აგვისტოს თვე დასაწყისშივე კრიმინალური ფაქტების სიუხვით გამოირჩა. მათ შორის უმძიმესი თბილისში, ორხევის დასახლებაში 20 წლის ახალგაზრდის სიკვდილია, - მას ყელი დანით გამოჭრეს. რადგანაც ინფორმაცია არაოფიციალური( მომხდარის შესახებ თავდაპირველად, შსს-ოს არ განუცხადებია) წყაროსაგან შევიტყვე, ჩემთვის უცნობ დასახლებაში ძალზე დაეჭვებული გავემართე, - აღნიშნული სიმართლეც რომ ყოფილიყო, მისამართის გარეშე რამდენიმეათასიან დასახლებაში მოკლულის ოჯახის ნახვის იმედი ნაკლებად მქონდა. ჩემდა გასაკვირად, მათი მოძებნა ძალზე ადვილი აღმოჩნდა. ამის მიზეზი დანაშაულის სისასტიკე და მსხვერპლის უდანაშაულობა აღმოჩნდა. კითხვაზე, - იყო თუ არა თავად მოკლული ნიკა ორველაშვილი რაიმე დანაშაულში შემჩნეული, ყველამ თითქმის ერთნაირი პასუხი გამცა: ” უბანში ვერავის იპოვი, ვინც იტყვის, ნიკამ მაწყენინაო. ”

... კერძო დასახლებაში ორველაშვილების ოჯახის კარი ღია, მაგრამ სამარისებური სიჩუმით სავსე დამხვდა, - იქვე დაბმულ ძაღლსაც კი არ შემოუყეფია. ხანგრძლივი კაკუნის შემდეგ მოკლულის დედამ, ნონა ორველაშვილმა გამოიხედა და სახლისკენ წამიძღვა. როცა ვუთხარი, რატომ მივედი, კისერზე დაკიდებულ შავ მედალიონს მოჰკიდა ხელი, - წმინდა ნიკოლოზის ხატია, ჩემმა შვილმა დამიტოვაო:

- სანამ მოკლავდნენ, ორი დღით ადრე თანამშრომელ გოგონასთვის დაურეკავს, - წამო, სამებაში წავიდეთო. იმ გოგონამ მითხრა, - ყველა ხატის წინ ჩერდებოდა და ლოცულობდაო. გამოსვლისას ეს მედალიონი უყიდია და მაჩუქა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა ჩემს უბედურ შვილს, იმიტომაც მოილოცა ყველა ხატი.

- ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, დასახლებაში თქვენი შვილის შესახებ მხოლოდ კარგი მითხრეს. იქნებ თქვენ ის მითხრათ, შარში როგორ გაეხვია?..

- 20 წლის ბიჭი დილიდან საღამომდე მუშაობდა და ამ ფულით მთელ ოჯახს გვეხმარებოდა, თქვენც ხედავთ, დალხინებულები არ ვართ. სამი შვილი მყავს, მარტო ჩემი მეუღლე მუშაობდა და რაც ფული შემოგვდიოდა, უფროს გოგონას სწავლაში ვიხდიდით. ნიკას, საწყალს კი უნდოდა სწავლა, მაგრამ მისი სწავლის ფული აღარ გვრჩებოდა. ამიტომ სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე დაიწყო მუშაობა, - მოგეხმარებით, ჩემი და რომ დაამთავრებს, მე მოვემზადები და სამედიცინოზე ჩავაბარებო, - ექიმობა უნდოდა. დილის 8 საათზე მიდიოდა სამსახურში. აქვე ორხევში მუშაობდა, მუყაოს ყუთებს აკეთებდა. სამუშაოდან საღამოს 7 საათზე ბრუნდებოდა. პირველად ისე იღლებოდა, შინ მისავათებული და ამოთხუპნული მოდიოდა, სულ ვფიქრობდი, ხვალ უკვე აღარ წავა სამუშაოზე-მეთქი, მაგრამ ღალატი არ იცოდა, - არაო, უნდა აუცილებლად ვიმუშაო, მამას ფულს ვერ გამოვართმევ, ისედაც არ გვყოფნისო! ზოგჯერ კვირაობითაც მუშაობდა. ბოლო დღეებში კი საერთოდ არ გასულა გარეთ, - ჩუტყვავილა შეხვდა და შვებულებაც აიღო, სულ სახლში ტრიალებდა. იმ შავ დღეს რამ გაიყვანა სახლიდან, არ ვიცი, რამ დამღუპა...

- სადაც გავიდა, მკვლელიც იქ იყო?

- ადრე ერთი ამხანაგი ჰყავდა, გიგა ერქვა, - ბავშვობაში ჩვენს უბანში ცხოვრობდნენ და მერე მისი დედ-მამა რომ დაშორდა ერთმანეთს, ეს ბავშვი დედამ წაიყვანა რუსთავში. დაუძახნია, - ბიჭო, წამო, მამაჩემთან სუფრა გვაქვს გაშლილი და გეპატიჟებიო. ეს ჩემი შვილი გაჰყოლია. იქ, სუფრასთან გიგას ძმაც ყოფილა, - ორჯერ არის ნასამართლევი. ასე რომ მსხდარან, ერთი ყასაბი მეზობელი შემოსულა პოლიციელთან ერთად. პოლიციელს უთქვამს, - უნდა გაგჩხრიკოთ, წამალი ან რაიმე ხომ არ გაქვთო. წამომხტარა გიგას ძმა და იმ ყასაბისთვის შეუგინებია, - ბიჭო, პოლიციელის ბ.....ი გახდიო! ამტყდარა ჩხუბი. ალბათ ჩემი შვილიც იტყოდა რამეს, - როდის იყო, 20 წლის ბიჭები ჩხუბს გაშეშებულები უყურებდნენ. მერე, ჩხუბი რომ დამთავრებულა, ჩემი შვილი მარტო გამოსულა ქუჩაში. ამ დროს ავტობუსს ჩაუვლია. იმ ავტობუსიდან მის მეგობარ გოგონას დაუნახავს, - ჩემი შვილი პარკთან მდგარა თურმე, იმ ყასაბთან ხელიხელგადახვეული. იმ გოგოს უთქვამს, მაშინვე ცუდი მიგრძნო გულმა, ნიკა და ის კაცი ერთად რომ დავინახე, - ნეტა, ამ კაცთან ნიკას რა საქმე აქვსო. არადა, თურმე ყელის გამოსაჭრელად გადაუხვევია ხელი. მერე ეს გოგონა მეგობართან რომ მისულა, უკვე იქ უთქვამთ, პარკთან ვიღაც მოუკლავთო. გამოვარდნილა ის გოგო გიჟივით, თან მეგობარი წამოუყვანია, - ის მკვდარი ნიკა არ იყოსო. მერე ჩვენ დაგვირეკა. ჩვენ ვეღარ მივუსწარით, სასწრაფოს გამოვედევნეთ და შუა გზაზე დაგვხვდა გაჩერებული, - მიმხვდარან ექიმები, ჩემი შვილი რომ კვდებოდა და პოლიცია გამოუძახებიათ. როცა სასწრაფოს მანქანაში ავედი, ჩემი შვილი კიდევ ცოცხალი იყო. შემომხედა, ხელზე ხელი მომიჭირა და სული დალია...

- როცა სუფრასთან ასეთი ჩხუბი ატყდა, მეზობლებიდან ვერავინ გაიგონა, რომ პატრული გამოეძახებინათ?

- გამოუძახებიათ, მაგრამ პატრული არ მოსულა, - თუ ბონდო ჩხუბობს, არ უშავს, თავისით დაწყნარდებაო.

- ანუ იცოდნენ, რომ ყასაბი აყალმაყალს პირველად არ ტეხდა?

- იცოდნენ. როგორც მე მითხრეს, ოჯახის წევრებიც იმდენად ჰყავდა გამწარებული, პოლიცია ოთხჯერ ჰყოლიათ გამოძახებული, - სანამ უბედურებას მოახდენს, წაიყვანეთო - ერთხელ თურმე საკუთარი ძმაც დაჭრა ფეხში. მაგრამ პოლიციას არ მიჰყავდა. როცა ჩემს შვილს დანა გამოუსვა, დედისთვის უთქვამს, - წადი, ამა და ამ ადგილზე ერთი ბიჭი დავჭერი და ნახე, რა მოუვიდაო. მისულა ეს ქალი და იქ პატრული დახვედრია - აქ რომ ბიჭი დაჭრეს, რას შვრებაო. რატომ კითხულობო და, - ჩემმა შვილმა დამაბარაო. წასულან და მძინარი აუყვანიათ საწოლიდან. პატრულს უთქვამს, - ბიჭი გადარჩა და შენ გადებს ხელსო. იმას უპასუხია - მაგის გადარჩენის ვარიანტი არ არის, ისეთ ადგილას გამოვუსვი დანაო. ყასაბი იყო და იცოდა, რასაც აკეთებდა, - ჩემს შვილს საძილე არტერიაში ჰქონდა დანა გამოსმული.

ისიც ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ბრიგადები ისე მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ამ ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ აცხადებდა, - ჩემი შვილის სიკვდილში პატრულიც დამნაშავეა და ის პოლიციელიც, ყასაბთან ერთად რომ შევიდა სახლის გასაჩხრეკად. ახლა იმაზე ვდარდობ, - ჩემი შვილის ამხანაგები რომ კუბოსთან იფიცებდნენ, - გამოვა მკვლელი და ჩვენ მოვუღებთ ბოლოსო. ეს არ მინდა, ჩემი შვილის სისხლით რომ შეიღება მიწა, ისიც საკმარისია. ერთადერთი, რაც მინდა, არის ის, რომ მკვლელი ციხიდან არ გამოვიდეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE