"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!" - კვირის პალიტრა

"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!"

დავით ნემსაძე შეიარაღებულ ძალებში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მსახურობდა. იგი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაითხოვეს სამსახურიდან. გათავისუფლების მიზეზად მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილებას ასახელებს. თადარიგის ოფიცრის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტრომ უვარგისი ტექნიკა ჩამოიყვანა უცხოეთიდან და შემდეგ ამის შეკეთებაში მილიონები დახარჯა. დავით ნემსაძე ამბობს, რომ ძალოვანთა თავშეყრის ადგილი თბილისში ცნობილი როენას სასტუმრო იყო (იგივე ღამის ბარი "ჩილიმი"). კუდ-ი მფარველობდა "მამიდა" როენასა და მის ბიზნესს.

დავით ნემსაძე: - 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სენაკის ბაზაში ვმსახურობდი. სრული უწესრიგობა სუფევდა - არც უზრუნველყოფა, არც სტრატეგია, არც დაგეგმარება არ არსებობდა. ჩვენს სამხედრო ნაწილს თემურ შენგელია მეთაურობდა. იმ პერიოდში საჰაერო თავდაცვისთვის დაზიანებული ტექნიკა შეიძინეს. ამ ტექნიკას სულ მალე უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოჰყვნენ და შეაკეთეს. ამაში მილიონები დაიხარჯა.

ომამდე სამი დღით ადრე ტექნიკიდან საწვავის ავზები ამოიღეს და ამიტომ ტექნიკამ გადაადგილება ვეღარ შეძლო, შემდეგ ის ხელთ იგდო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა.

- რა ხდებოდა ომის დროს სენაკის ბაზაში?

- ქაოსი იყო. უბედურება ის არის, ომის შემდეგ დიდი რაოდენობით დიზელის საწვავი ჩამოწერეს და მეთაურებმა ფული იშოვეს. პოლკოვნიკი ურიდია, ვიცე-პოლკოვნიკი ჯიქია და ფოჩხუა ჯარისკაცებს სთხოვდნენ ფულის შეგროვებას, საზენიტო დანადგარების გასარემონტებლად გვჭირდებაო.

პირველი უთანხმოება ხელმძღვანელობასთან იმის გამო მომივიდა, რომ ჩემი ანალიზი წარვუდგინე წაგებულ ომზე. ვიცე-პოლკოვნიკმა ჯიქიამ და მაიორმა მაჩიტიძემ პირდაპირ მითხრეს, თუ ასე გააგრძელებ, პრობლემები შეგექმნებაო. ვიცე-პოლკოვნიკმა ფერაძემ ომის დროს თავისი მანქანა საწვავით გაავსო და გაიპარა, ჩვენ კი მხოლოდ 5 ლიტრი საწვავი მოგვცა.

ომის შემდეგ ჯარისკაცების შანტაჟირება დაიწყეს, ვაზნებს უდებდნენ და სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ, ასე აშინებდნენ, დაჭერით ემუქრებოდნენ და ისინიც დუმდნენ.

ასეთ ფაქტებს რომ ვაპროტესტებდი, ამიტომ გამათავისუფლეს. ერთ დღეს, ღამის 3 საათზე გამიყვანეს სახლიდან და სამხედრო პოლიციაში მიმიყვანეს. იქ გამომძიებელ გოგიჩაიშვილსა და დაზვერვის უფროს ენდელაძეს ვესაუბრე. მერე ამიყვანეს ერთ ოთახში, სადაც ვიღაც მამაკაცი დამხვდა. მან ირონიულად მკითხა, შენ იცი, სად ხარო? ვიცი, თავდაცვის სამინისტროში-მეთქი. ჩვენ გავეცანით შენს საქმეს, მართალი კაცი ხარ, მაგრამ ავიაციის პოლკოვნიკების დასჯა სხვა თემაა და ამაზე ნუ ილაპარაკებო. თუ დასასჯელები არიან, დასაჯეთ, სამხილი მაქვს-მეთქი. მირჩია, ის მასალა მომეციო.

- რა არის ასახული ამ მასალაში?

- აღბეჭდილია, როგორ აგროვებენ ჯარში ფულს, როგორ ჩაუდეს კაპრალ ონიანს იარაღი. გათავისუფლების მიუხედავად, ხშირად მივდიოდი თავდაცვის სამინისტროში და ვითხოვდი იმ ხელმძღვანელების დასჯას, ვინც კანონს არღვევდნენ. ერთ დღეს დამიბარეს და მითხრეს, სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იწყებ მუშაობას, მაგრამ ხმა არ გაიღო იმ პოლკოვნიკებზე, თორემ დიდ უსიამოვნებას გადაეყრებიო.

- ვინ გეუბნებოდათ ამას?

- გია დგებუაძე, "მასტერა". ის იყო ოპერატიული სამსახურის უფროსი. "მასტერამ" მითხრა, მუჭში მყავხარ, ხელი რომ გაგიშვა, იცოდე, უფსკრულში წახვალ, წარმოდგენა არა გაქვს, ვის ხელში ხარო. მოითხოვდა, დისკები არავისთვის გადამეცა და გაფუჭებული ტექნიკის შეძენაზე არავისთან მელაპარაკა.

მერე მითხრა, ჩვენ საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები არა გვყავს და კონსულტაციებს გავივლით შენთანო. მოკლედ, დავიწყე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა დეპარტამენტში, კერძოდ, შიდა ქართლში, მაგრამ "მასტერას" ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მიმავლინეს. მისივე დავალებით მაკონტროლებდა ლევან გაბუნია, რომელიც დღესაც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ის "მასტერას" მარჯვენა ხელი იყო. მან ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდა. ახალ სამსახურში მომსწრე გავხდი ადამიანების წამების, მათი დათრგუნვის.

- რას გულისხმობთ?

- ერთი აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი იყო. გალში მშობლები ჰყავდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ სანახავად გადავიდა. იქ დაიჭირეს, მისგან იქაური სპეცსამსახურები სამხედრო ძალებზე ინფორმაციას ითხოვდნენ. იქიდან დაბრუნებულმა ეს აცნობა სამინისტროს. ამის გამო სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს. მთელი კვირა სკამზე იჯდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, არაფერს აჭმევდნენ. ფსიქოლოგიურად გაანადგურეს. ლევან გაბუნია კურირებდა ამას, სხვის გვარებს არ დავასახელებ გამოძიების დასრულებამდე. ის ბიჭი ბოლოს აფხაზეთში ოპერატიული ინფორმაციის მოსაპოვებლად გაგზავნეს. მერე მისი ბედი არ ვიცი...

ამისთვის თავს არ შეიწუხებდა. თუმცა ასეთი ფაქტი მახსენდება: მის კაბინეტში ლაფერაშვილმა ორი სამოქალაქო პირი შემოათრია, "მასტერამ" უთხრა, თქვენი ბედი, ახლა ინგლისურს რომ ვმეცადინეობ და არ მცალიაო.

- მეორედ რატომ დაგითხოვეს სამსახურიდან?

- მეთაურის ღირსების შეურაცხყოფად ჩამითვალეს პატაკი, სადაც ვწერდი, რომ მეთაურები შენიშნული მყავდა ჯარისკაცებზე ზეწოლაში, საწვავის მოპარვასა და პირადი შემადგენლობაში თანხების აკრეფის ორგანიზებაში. 26 მაისის მოვლენების დროს გვავალებდნენ, ბურჯანაძის აქციის მონაწილეებზე ინფორმაცია მოგვეპოვებინა. მე შინ წავედი და უკან დაბრუნებულმა ვთქვი, ვერაფერი გავიგე-მეთქი. დამიბარეს "მასტერამ" და ენდელაძემ. მითხრეს, პოლიტიკური შინაარსის ცნობებს რატომ არ წერ, როცა ქვეყანას უჭირს, ეს უნდა გააკეთოო. სამხედროებიც მონაწილეობდნენ აქციების დარბევაში.

- კორუფციაზე ინფორმაცია მინისტრ ახალაიას ვერ მიაწოდეთ?

- მან ყველაფერი იცოდა. ერთ დღეს მანაც დამიბარა. შეხვედრას ესწრებოდნენ გია დგებუაძე და დღევანდელი პარლამენტარი ბუცხრიკიძე, რომელიც მაშინ გენინსპექციის უფროსი იყო. ახალაიას უთხრა ბუცხრიკიძემ, ბატონო მინისტრო, ეს არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ამხილა თავდაცვის პოლკოვნიკებიო. ახალაიამ მკითხა, რას ერჩი იმ პატიოსან ხალხსო. უკან არ დავიხიე და ვუთხარი, პატიოსანი ხალხი კი არა, დიზელის ქურდები არიან-მეთქი. შენ ამის თქმა გმირობა გგონიაო? თუ გმირი არა ვარ, არც ლაჩარი ვარ-მეთქი. მაშინ ფურცელი მომაწოდა და მითხრა, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერეო. ჩემი სტატუსის მქონეს პატაკი უნდა დამეწერა. პატაკს ჩემი სურვილით არ დავწერ-მეთქი. ახალაიამ გადახედა ბუცხრიკიძეს და უთხრა, ხედავ რამდენს ბედავს, გაიყვანეთ აქედანო. დაცვა დამეხმარა გარეთ გასვლაში. ორი დღის შემდეგ ჩამომართვეს სამხედრო ბარათი, საბუთები და მითხრეს, აქ არაფერი გესაქმებაო.

ორი კვირის მერე დამიბარა "მასტერამ", ასე იოლად თავს არ დაგანებებ, დავალება უნდა მოგცეო. ერთ-ერთი ობიექტიდან სამხედრო ინფორმაცია ჟონავს და უნდა გაიგო, ვისგანო. მივხვდი, პროვოკაციას მიწყობდა, მაგრამ შეწინააღმდეგება ვერ გავბედე. მეორე დღეს შემახვედრეს კაცს, კუდ-ისა და სამხედრო დაზვერვის ორმაგ აგენტს. ის პირადად ნუკრი ენდელაძეს ექვემდებარებოდა, მაგრამ ინფორმაცია ორივე უწყებაში მიჰქონდა.

მიმიყვანეს გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, როენას სასტუმროში და იქ წარმადგინეს, როგორც სანტექნიკოსი. ასე აღმოვჩნდი როენას ქალების გარემოცვაში. ვიჯექი, ვსვამდი და ველოდებოდი, ვინ მოვიდოდა.

სამხედროს მაღალჩინოსნები მოდიოდნენ როენას ქალებთან, მაგრამ იყო ერთი ჯგუფი, რომელიც იჯდა ცალკე ერთ ოთახში და სამხედრო თემებზე საუბრობდა.

ვაცხადებ, როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი, სადაც ტყვიები უმისამართოდ დაფრინავდნენ, სადაც კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები ქალებს საშტატო, საბრძოლო იარაღებს აძლევდნენ გასართობად. ეს იყო გახრწნილების ბუდე. როენა კუდ-ის ხალხს ქალებს უფასოდ უთმობდა. თავად იარაღით დადიოდა, რომ გაბრაზდებოდა, ისროდა. ერთხელ ადმინისტრატორის საყვარელს ესროლა. ის კაციც აგენტი იყო. თვითონ როენას ქალებიც აგენტები იყვნენ. მომისმენია, კუდ-ის ოფიცრები მეძავებს როგორ არიგებდნენ.

- როენამ თქვენც გესროლათ.

- იმ კაცმა, რომელმაც იქ მიმიყვანა, ჩამიშვა, შემოგზავნილიაო და როენა ამის გამო მოკვლით დამემუქრა. მეუბნებოდა, ჩემს დასაჭერად და ბიზნესის გასანადგურებლად ხარ მოსულიო. ძალიან რომ დაიძაბა ვითარება, "მასტერას" ვუთხარი, იმ მასალებს, რაც მოგეცი, ჟურნალისტებსაც გადავცემ, თუ აქედან არ გამიყვან-მეთქი.

- დაუჯერებელია, ასეთი ადამიანი საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად რომ გაგიშვეს.

- ჩემი ჩათრევა სურდათ და მერე გამანადგურებდნენ, მაგრამ "მასტერას" პროვოკაცია გავშიფრე და მოვახერხე თავის დაღწევა. თავდაცვისა და კუდ-ის ორმაგ აგენტს დიდჩინოსნების სექსუალური ურთიერთობები ჩაწერილი ჰქონდა. მასალა მან ნუკრი ენდელაძეს გადასცა. ვნანობ, რომ ამხელა მონსტრს შევებრძოლე, ყველაფერი ჩემს კისერზე გადავიდა და ჩემი ოჯახის განადგურების ფასად დამიჯდა. ახალაია ციხეში კი არა, თავდაცვის სამინისტროშია, მისი კადრები ისევ იქ არიან: გაბუნია, ძნელაძე, ურიდია, შენგელია... Mისეთი დღეები გამოვიარე როენას საროსკიპოში, აღარც მითხოვია თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება. ოჯახში პურის ფული რომ მიმეტანა, მუშად დავიწყე მუშაობა. იქაც მომაგნეს. ერთ დღეს მითხრეს, შენზე ამბობენ, მამათმავალი ხარო. ჩავუსაფრდი და ვნახე ის კაცი, რომელმაც ეს გაავრცელა. მითხრა, დამავალეს და ამაში ფული გადამიხადესო. შემდეგ ქვეყანაში იმდენად დაიძაბა ვითარება, ჩემთვის არავის ეცალა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი.

პროკურატურას აუდიო და ვიდეომასალა მივაწოდე და იმედია, გამოიძიებენ, როგორ დაიკარგა მილიონები თავდაცვის სამინისტროში.

თეა ხურცილავა

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/85511-qsamkhedroebic-monatsileobdnen-aqciebis-darbevashiq.html#ixzz2eNsaeQDF