"გიორგი სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა" - სადახლოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს - კვირის პალიტრა

"გიორგი სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა" - სადახლოზე მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

25 ნოემბერს, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თავდამსხმელებმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირანიშვილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავეები მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ, მძიმედ დაჭრილი დილარ მუკბანიანი კი, როგორც ამბობენ, ამჟამად ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილსა და დილარ მუკბანიანს, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაკეში დაპირისპირება მოუხდათ დაკავებულ პირებთან, რა დროსაც მკვლელობაში მონაწილე 6 პირიდან, ერთ-ერთის ძმა დაიჭრა. როგორც ითქვა, მოკლული ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე ახალგაზრდებს სომხეთში გადასვლაში ეხმარებოდა. ჩასაფრებული თავდამსხმელები მერაბ კალანდაძეს ორი მანქანით აედევნენ და სადახლოში მისულ ფირანიშვილს, მუკბანიანსა და კალანდაძეს ცეცხლი გაუხსნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

"ყველა სიახლე" გიორგი ფირანიშვილის ბებიას, გულიკო გიგიბერიას ესაუბრა.

- ქალბატონო გულიკო, გვიამბეთ გიორგის შესახებ...

- გიორგი 21 წლის იყო... მას არასოდეს არავისთვის უწყენინებია, კეთილშობილი, მოსიყვარულე, ზრდილი, სამართლიანი და ნამდვილი ვაჟკაცი იყო. იგი მეგობარს გადაეფარა და სხვისთვის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა... გიორგის არასოდეს ჰქონია საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებთან, არ ეწეოდა, არ სვამდა, სპორტსმენი იყო, წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 6 წლიდან ვარჯიშობდა და მიღებული აქვს უამრავი ჯილდო.

- ვინ და რატომ გაიმეტა გიორგი მოსაკლავად?

- რა ვთქვა? –ნაძირალებმა მოგვიკლეს გიორგი. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და მოვლენებს დავასწრო. ჩვენ ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, მხოლოდ იმას, რასაც მედია ავრცელებს.

- იმ საბედისწერო დღეს სად მიდიოდა გიორგი?

- არც ვიცოდით, სადმე თუ მიდიოდა – წიგნებით და რვეულებით ხელში წავიდა ინგლისურზე. ვერ გეტყვით, შემდეგ რა მოხდა. გიორგი დილარ მუკბანიანთან მეგობრობდა. რაც ეხება მერაბ კალანდაძეს, მას არც ვიცნობდით.

- როგორ აღმოჩნდა იმ დღეს გიორგი სადახლოსთან, ან რატომ უნდა გასულიყო საქართველოდან, რა ვერსია გაქვთ ოჯახს?

- ვიცით, რომ ბავშვი წავიდა ინგლისურზე. როგორ მოხვდა გიორგი სადახლოზე, ან თუ საქართველოდან გასვლას აპირებდა, არც ამის შესახებ ვიცით რამე. ეს არის მთავარი კითხვა, რაც ჩვენც გვაინტერესებს. რა ვერსია უნდა გვქონდეს, როცა ამ ამბავში მონაწილეებიდან არავინ გვინახავს და არც გავსაუბრებივართ. ვიცით მხოლოდ ის, რაც მედიაში გავრცელდა. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას. თანაც, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ორმოცი დღე მიცვალებულის სულზე ზრუნვაში უნდა გავატაროთ, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავი მასზე ლოცვაა.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.