ჯერ გაგუდა, შემდეგ ცხედარი ალაზანში გადააგდო - ამნისტირებულის ხელით ჩადენილი მორიგი მკვლელობა
"შევკამათდით, გიორგი სკამზე იჯდა, იმ სკამს წიხლი ვკარი და წაიქცა, თავი იატაკს დაარტყა, გაითიშა, ამის მერე ხელით მოვახრჩე"
"მკვლელმა თვალებში შემომხედა და მითხრა, ერთი თვეა, გიორგი საერთოდ არ მინახავსო"
2 კვირაზე მეტია სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა 29 წლის გიორგი ლეკიაშვილის (სურათზე) ცხედარს უშედეგოდ ეძებს. გამწარებული ოჯახი სამართალდამცავებს დახმარებას და შვილის პოვნას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და გიორგის მკვლელობაში ბრალდებული, მათი თანასოფლელი, 39 წლის გოჩა ხუხიაშვილი დააკავა. ბრალდებული ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია, სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხუხიაშვილი მკვლელობას აღიარებს. აცხადებს, რომ თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძველით ახალი წლის ღამეს, 14 იანვარს მოკლა. მან ახალგაზრდა ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო. როგორც ირკვევა, მკვლელს თანამზრახველებიც ჰყავდა. სამართალდამცავებმა ხუხიაშვილის ნათესავი თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მისი მანქანით მოხდა გვამის გადატანა შემთხვევის ადგილიდან და ის ეხმარებოდა მდინარეში ცხედრის გადაგდებაში. ასევე დააკავეს ხუხიაშვილის მეგობარი ალიკა კვიჟინაძე, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დამალვაში ედება ბრალი. ირკვევა, რომ მოკლულის ცხედარი ხუხაშვილის სახლში მანაც ნახა, თუმცა მომხდარი ფაქტი დამალა. მართალია ძალოვნებმა ეს ორი პირი დააკავეს, მაგრამ მალე ორივე სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ბუნებრივია ამ ფაქტმა მოკლულის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია და თანასოფლელებთან ერთად პროტესტის ნიშნად წნორი – თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისა და მისი თანამზრახველების დასჯას ითხოვენ. გამწარებული დედა ამბობს, რომ თუ გათავისუფლებულებს უკან არ შეაბრუნებენ, მათ სახლ-კარსაც გადაწვავს.
ზაზა ჯოხარიძე, გიორგის ბიძა:
- ჩემი დისშვილი ჩემთან იზრდებოდა, თითქმის 20 წელია აქ ცხოვრობს. მეურნეობას ეწეოდა, მოჰყავდა პამიდორი, კიტრი... მისი მკვლელიც ჩემი მეზობელია, ოთხი ოჯახით დაშორებით ცხოვრობს. სამჯერ ნასამართლევია, ადრე ნარკოტიკზე დააკავეს, მერე მკვლელობასაც ედავებოდნენ, მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხა, ვერ დაუმტკიცეს. ის კრიმინალია, ციხიდან 6 თვის გამოსული იქნება. ჩემს დისშვილზე გაცილებით უფროსია და გიორგი მასთან არ მეგობრობდა. 14 იანვარს გავიდა სახლიდან. მისი მშობლები სიღნაღში ცხოვრობენ და მეგონა, მათთან წავიდა. მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყეთ, მერე პოლიციაშიც განვაცხადეთ. წარმოიდგინეთ, ამხელა დანაშაულის მიუხედავად, მკვლელი სოფელში დადიოდა, ეტყობა, ხალხს აჩვენებდა თავს, რომ ეჭვი მასზე არ მიეტანათ. მეც შემხვდა ქუჩაში გიორგის დაკარგვიდან მესამე დღეს. მასაც ვკითხე, ხომ არ გინახავს- მეთქი. მკვლელმა თვალებში შემომხედა და მითხრა, ერთი თვეა, გიორგი საერთოდ არ მინახავსო. რას ვიფიქრებდი, მისი მოკლული რომ იყო.
- როგორ გაიხსნა დანაშაული?
- სოფელში, სოკარის ბენზინგასამართი სადგურის კამერამ დააფიქსირა ისინი ერთად. იქ მაღაზიაში შესულან და გიორგი ყიდულობს ერთ ბოთლ ლუდს, ამის მერე ორივე სოფლისკენ მოდიან. ამ კადრების მერე დააკავეს და მან აღიარა მკვლელობა. როგორც ირკვევა, მან გიორგი სახლში წაიყვანა და იქ სვამდნენ. მკვლელობა თავის სახლში ჩაიდინა და ერთი დღე ცხედარი სახლში ჰყავდა. მკვლელობის მეორე დღეს სახლში მიუყვანია მეგობარი ალიკა კვიჟინაძე და უთქვამს, გიორგი მოვკალიო, უნახებია ცხედარიც. ალიკას უთქვამს, მე შარში ნუ გამხვევო და იქიდან წამოსულს, სხვასთან ერთად ერთად უქეიფიათ კიდეც. კვიჟინაძემ დამალა ამხელა დანაშაული და დღეს ის გირაოთია გამოსული, მითხარით, ეს არის სამართალი?
- რას ამბობს, რატომ მოკლა თქვენი დისშვილი?
- ამბობს, რომ შელაპარაკება მოუხდათ ერთმანეთთან. მთელი სოფელი დაგიდასტურებთ, რომ გიორგი უკონფლიქტო იყო. არავისთან მოსვლია ჩხუბი. თავის ჩვენებაში თურმე ამბობს, შევკამათდით, გიორგი სკამზე იჯდა, იმ სკამს წიხლი ვკარი და წაიქცა, თავი იატაკს დაარტყა, გაითიშა, ამის მერე ხელით მოვახრჩეო. მერე ერთი დღე სახლში ჰყავდა მიცვალებული. მერე თბილისიდან დაიბარა ნათესავი, რომელიც სიძედ ეკუთვნის, ბიძაშვილის ქმარი. სწორედ იმ კაცის მანქანით წავიღეთ ცხედარი და ხიდიდან ალაზანში გადავაგდეთო ამბობს. ის კაციც ამბობს, რომ გადააგდეს, ისიც გამოუშვეს გირაოთი. რას ჰგავს ეს? რა ქვეყანაში ვართ, ეს არის ქვეყნის სამართალი, რომ ასეთ დამნაშავეებს გარეთ უშვებენ? 16 დღეა ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, რომ არ გამოეშვათ, იქნებ უფრო მეტი რამ გაეგო პოლიციას და ცხედარი მაინც გვეპოვა.
- მკვლელის სახლში არავინ ცხოვრობს? ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს?
- მას ცოლ-შვილი არ ჰყავს, მხოლოდ დედა ჰყავს. ამ მკვლელობამდე ორი დღით ადრე დედასთან უჩხუბია და გამთენიისას თურმე სახლიდან გააგდო. ის ქალი ნათესავებთან აფარებდა თავს. მეზობლებთან მკვლელის დედას უთქვამს, ნეტა ჩემი შვილი მოკლანო.
- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოეკლა მას თქვენი დისშვილი?
- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფულის გამო მოკლა. გიორგის ჯიბეში 300 ლარამდე ჰქონდა და ალბათ ამ ფულის გამო მოკლავდა. ის ისეთი არაკაცია, ადამიანს ასეთი თანხისთვისაც მოკლავდა. მთელი სოფელი დაგიდასტურებთ ამას. ალაზანში ვერ ვიპოვეთ ბავშვი, ვფიქრობ ეს ვერსია არ არის სწორი და ალბათ სადმე დამარხეს. ახლა ამ ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველგან ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. კი ამბობს, ხელით მოვახრჩეო, მაგრამ შეიძლება რეალობა სხვა იყოს. იქნებ ბავშვის ცხედარი ისეა დაჩეხილი და გაუბედურებული, რომ ამიტომ არ აჩენენ. ამით ხომ დანაშაული უფრო დაუმძიმდებათ, ალბათ ამიტომ მალავენ ცხედარს. გამოძიებას ვითხოვთ და რაც მთავარია პირველ რიგში გვითხრან, რეალურად რა მოხდა, ბავშვი გადააგდეს სადმე თუ დამარხეს.
თანასოფლელებიც იზიარებენ ამ ვერსიას, რომ შესაძლოა, ცხედარი იმდენად არის ნაწამები, რომ ამიტომ არ სურთ ცხედრის გამოჩენა და ბრალის დამძიმება.
გამწარებული შვილმკვდარი დედა, ქალბატონი მაია კი ცხედრის პოვნას ითხოვს, რომ შვილი ქრისტიანული წესით მიწას მიაბაროს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)