"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა" - კვირის პალიტრა

"მინდა თვალებში ჩავხედო 19 წლის მკვლელს, რომელმაც 9 წლის შვილი ღორივით მომიკლა"

19 წლის მძღოლი, რომელმაც 9 წლის ბავშვი გაიტანა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"მანქანიდან რომ გადმოვიდა, გაიძახოდა, დამნაშავე მე ვარ, მე მოვკალი ბავშვიო"

"ჩემ თვალწინ გაუყვა ტროტუარს... მისი პატარა ნაბიჯების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის."

ხობში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 9 წლის ლუკა მირცხულავას საქმის გამო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა ბევრი გააოგნა - გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ ფოთის სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის დ.კ დარბაზიდან გაათავისუფლა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებისთვის პროცესის ამგვარი დასასრული იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ დარბაზიდან გამოსული მოკლული ბავშვის ბაბუა ფოთის მთავარ გზატკეცილზე მუხლებზე დაეცა და აბღავლდა. მასთან ერთად გზა გარდაცვლილი ბავშვის სხვა ნათესავებმაც გადაკეტეს, - ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის ტრაგედია არ არის, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, თუ სასამართლო დარბაზიდან თუნდაც ერთხელ ასე გაუშვებენ ბავშვის მკვლელს, ამას სხვის შვილებსაც გაუკეთებენ და გზაზე ბავშვების დახოცვა ჩვეულებრივი რამ გახდება, - ამბობს გარდაცვლილი ლუკა ფირცხალავას მამა, ირაკლი ფირცხალავა.

მარინე ფირცხალავა, მოკლული ბავშვის ბებია:

- როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩემი შვილი ირაკლი ისე ცუდად გახდა, დარბაზიდან მიცვალებულივით გამოვასვენეთ. ლუკა ჩემი უფროსი შვილიშვილი იყო... იმ დაწყევლილ დღეს, მეზობლის ბავშვზე მითხრა, - ბებო, წავალ, შაკოსთან გადავალო. წადი, ბებო-მეთქი, არც მიფიქრია, არ გამეშვა. ჩვენი სახლის წინ ფოთისკენ მიმავალი გზა გადის, მაგრამ არ შემშინებია, ლუკა გზას არასოდეს დაუფიქრებლად არ გადაჭრიდა - ჩემ თვალწინ გაუყვა ტროტუარს... მისი პატარა ნაბიჯების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. ალბათ გული მიგრძნობდა და თვალს არ ვაცილებდი - უეცრად, საწინააღმდეგო მხრიდან ფოთისკენ მიმავალი მანქანა გამოვარდა. ბავშვი ტროტუარზე, ზემოთ მირბოდა, ის მანქანა - ქვემოთ, ფოთისკენ, მაგრამ მაინც დავიღუპეთ, დაეჯახა და მომიკლა...

- ეს როგორ მოხდა, ტრასაზე მიმავალი მანქანა ტროტუარზე შემოვარდა და ბავშვი ასე გაიტანა?!

- კი, ტროტუარზე მომიკლა ჩემი ლამაზი ლუკა, ჩემი ლამაზი შვილიშვილი. აწი ჩვენთვის ცხოვრება დამთავრებულია. მე და დედამისი რომ მივვარდით წაქცეულს და თვალებს ძალით ვუხსნიდით, თავისით ეხუჭებოდა. თურმე ცოცხალი აღარ იყო. ექიმებს უთქვამთ, კისერი ჰქონდა გადატეხილი და ფეხი მოგლეჯილიო.

- მანქანის მძღოლი ნასვამი იყო?

- არ ვიცი, რა იყო. მაგრამ 19 წლის ბიჭია, - დედა და ბიცოლა ჰყავდა მანქანაში. ხალხმა მითხრა, მანქანიდან რომ გადმოვიდა, გაიძახოდა, დამნაშავე მე ვარ, მე მოვკალი ბავშვიო.

ირაკლი მირცხულავა, ლუკა მირცხულავას მამა:

- მეც ასე მითხრეს, რომ ჩვენი დამღუპველი თავიდან თურმე სანამ მანქანაში ჩასვამდნენ და პოლიციაში წაიყვანდნენ, ასე გაიძახოდა, ბავშვი მე მოვკალიო. მაგრამ ორი თვის შემდეგ მისმა ოჯახმა ადვოკატი იშოვა და რაც ამ ადვოკატმა დაარიგა, ის თქვა, - პროცესზე რომ შემოიყვანეს, და ჰკითხეს თავს დამნაშავედ გრძნობ თუ არაო, თავი ჩაღუნა და, - არ ვგრძნობ თავს დამნაშავედო. იმის მერე არც ერთ სასამართლოზე არ აუღია თავი მაღლა, სულ ძირს ჰქონდა დაღუნული, ალბათ ეშინოდა, რომ თვალებში შევხედავდი. მაინც სასამართლოს იმედი მქონდა, - რას წარმოვიდგენდი, რომ 9 წლის ბავშვის მკვლელს, სასამართლო დარბაზიდან გაუშვებდნენ - წადი და ცხოვრებით დატკბიო! სასამართლოში გვითხრეს, ადვოკატი არ აიყვანოთო, თქვენს საქმეს ადვოკატი რაში სჭირდებაო, თორემ ლუკას დამკარგავი რაღას უნდა გავფრთხილებოდი, ყველაფერს გავყიდდი და ადვოკატს ავიყვანდი.

- რა მტკიცებულებები გამოიყენა სასამართლომ იმისთვის, რომ თქვენი თქმით, თქვენი შვილის მკვლელი სასამართლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა?

- სახელმწიფო ექსპერტიზამ რომ ამ უბედურებიდან ჩემი შვილის რაიმე ბრალი გამორიცხა, მძღოლის პატრონებმა საქმეში კერძო ექსპერტები ჩართეს. მათ კი დაადგინეს, რომ თურმე ჩემი შვილი სწრაფად გარბოდა, ამ სირბილში ტრასისკენ გადაუხვია. ეს რომ მკვლელმა შეამჩნია, იფიქრა, - ეს ბავშვი ბორბლებში რომ არ შემომივარდეს, ამიტომ გვერდიდან მოვუვლიო. ამასობაში ჩემი შვილი მანქანის დანახვამ დააბნია, მობრუნდა და მანქანას მაინც ბორბლებში შეუვარდა. ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან დედაჩემმა საკუთარი თვალით უყურა ყველაფერს და მართალიც რომ იყოს, დასახლებულ პუნქტში კანონით 50კმ საათით უნდა მოძრაობდე. ჩვენს დამაქცევარს ასე რომ ემოძრავა, მაშინ ჩემი ლუკაც ხომ გადარჩებოდა! მაგრამ ეს კანონიც დარღვეული აქვს, - დაახლოებით 80კმსთ მოძრაობდა და იმიტომ გაიტანა ჩემი შვილი. სრული ცინიკურობა ის არის, რომ დედაჩემისა და ჩემი ცოლის ჩვენებები არც უნახავთ. ეს თავად განაცხადეს სასამართლოზე, - დაზარალებული მხარის ჩვენებები არ გამოგვიყენებიაო.

- ახლა რას აპირებთ?

- რა უნდა დავაპირო? ამაზე მეტი რაღა უნდა მომივიდეს, რაც მომივდა? თუ ვიცოცხლე, ამ გადაწყვეტილებას ასე არ დავტოვებ, გავასაჩივრებ. ამასობაში მაინც მინდა ჩავხედო მკვლელს თვალებში, რომელმაც ჩემი ლამაზი შვილი ღორივით ორ წუთში მომიკლა, - ამ ტვირთით აპირებს ცხოვრებას? ვერ იცხოვრებს!

... ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, ბრალდებულ მხარესა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა იმედია, მათ კითხვებზე პასუხების გაცემა ალბათ არაერთხელ მოუწევთ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)