“ამ მოხუცებულობაში ტვინი ისე რამ გაუთახსირა, რომ ბავშვისკენ გაიწია?!” – 75 წლის მამაკაცს გარყვნილებაში ედება ბრალი - კვირის პალიტრა

“ამ მოხუცებულობაში ტვინი ისე რამ გაუთახსირა, რომ ბავშვისკენ გაიწია?!” – 75 წლის მამაკაცს გარყვნილებაში ედება ბრალი

“ეტყობა, გაკვეთილებს რომ ამზადებინებდა, მაშინ უფათურებდა ხელებს და ვიღაცამ ამ დროს დაინახა”

“ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, აღარც სიცოცხლე მინდა და აღარც ის, რომ ჩემს შვილებს გოგონები ეყოლოთ”

“ეგეც და მისი დაც ძალიან ლამაზი ბავშვები არიან და ეტყობა იმანაც დაადგა თვალი”

პედოფილიის ამაზრზენი ბრალდებით ბათუმში 75 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. ბათუმის იტალიური ეზოს მცხოვრებნი,  სადაც ტაქსის მძღოლი და მისი 10 წლის მსხვერპლი ახლო-ახლოს, მოპირდაპირე სახლებში ცხოვრობენ, მომხდარით შეძრწუნებულნი არიან.  ვისაც კი გავესაუბრეთ,  მიღებული სტრესისაგან პირველად ხმის ამოღებაც კი გაუჭირდა, - კაცი, რომელსაც აქამდე მთელი ქუჩა და ეზო წესიერ ოჯახის მამად იცნობდა,  უცებ 10 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს, - პოლიციის მანქანას,  რომელშიც მოხუცი ჩაჯდა,  ხალხი გაოგნებული შეჰყურებდა.

ჟ. შ:, - ასეთი ამბავი ჩვენს უბანში აქამდე არ მომხდარა. თითქოს ყველას ქარიშხალმა გადაგვიარა და დაგვანგრია. გონზე ვერ მოვდივართ, - იმ ადამიანზე რომელიც დააკავეს მსგავსი არასოდეს არაფერი გაგვიგია. ამ მოხუცებულობაში ტვინი ისე რამ გაუთახსირა რომ 10 წლის  ბავშვისაკენ გაიწია?! ყველა შოკში ვართ. ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, აღარც სიცოცხლე მინდა და აღარც ის, რომ ჩემს შვილებს გოგონები ეყოლოთ. თუ მართლა ასე გიჟდება ხალხი სიბერეში,  რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს შვილიშვილს ვიღაც არ მიიტყუებს და ბინძური ბებერი ხელების ფათურს არ დაუწყებს! თან იმასაც ვფიქრობ, შეიძლება ეს ყველაფერი ტყუილია-მეთქი, აქამდე მსგავს ამბებში შეუმჩნეველი კაცი სიბერეში ისე რანაირად გადაირეოდა, რომ 10 წლის ბავშვს დაადგა თვალი-მეთქი! თანაც ეგ კაცი წლების განმავლობაში მასწავლებელი იყო, - “შოფრობას” ასწავლიდა ხალხს და თუ ასე ექცეოდა გოგოებს, რატომ არავინ არაფერი თქვა!

- ეს ადამიანი თავის მსხვერპლ გოგონას ხშირად ხედავდა?

- დანახვით რომ ხედავდა, მერე ამით  რა? რამდენ ბავშვსაც დაინახავს ადამიანი,  უკეთური აზრი უნდა მოუვიდეს თავში?! ჰო, დანახვით ხედავდა - ამ გოგოს სახლი მისი სახლის პირდაპირ დგას და ალბათ,  ყოველ დილით რომ გაიღვიძებდა, ამ ბავშვს უყურებდა. თან ტაქსისტია, რაც დოსააფში მუშაობას დაანება თავი ტაქსაობს, სულ ქუჩაშია. ეს საცოდავი ბავშვი  ქუჩაშიც ხომ შეხვდებოდა? ეგეც და მისი დაც ძალიან ლამაზი ბავშვები არიან, თვალს რომ დაადგამ ისეთი და ეტყობა იმანაც დაადგა თვალი. ალბათ,  ტაქსით  სკოლაში მიჰყავდა კიდეც. ბავშვი უარს რატომ ეტყოდა მეზობელს? მერე კი ასე მიიჩვია.  როგორც გავიგე  უთქვამს, - გაკვეთილების მომზადებაში მოგეხმარებიო. ეტყობა, გაკვეთილებს რომ ამზადებინებდა, მაშინ უფათურებდა ხელებს და ვიღაცამ ამ დროს დაინახა.

- კი მაგრამ იმ ბავშვს პატრონი არ ჰყავდა?  სად იყო ბავშვის დედა ან მამა, როცა მეზობელი ტაქსის მძღოლი მათ შვილს ტაქსში "გაკვეთილებს ამზადებინებდა"?

ლ. ს., - ამ საცოდავ ბავშვს დედა და მამა  რომ ჰყავდეს, რა უჭირდა! უფრო სწორად ჰყავს და არც ჰყავს, - დედამ ლოთი მამის ამარა მიატოვა ორი შვილი და თურქეთში გასწია სამუშაოდ. ახლა ხომ ყველა იქ გარბის. ამას რომ ვამბობ, მეუბნებიან, - გაჩუმდი, გაჭირვება რას არ გაგაკეთებინებს, ის ქალი შვილებს რომ ვერ არჩენდა იმიტომ წავიდა თურქეთში სამუშაოდ, აბა, რა ექნაო! მაგრამ სიმართლეს რომ ვამბობ,  ახლა ხომ დამტკიცდა, - ამას, ახლა რომ მოხდა და ამ საცოდავ ბავშვს მომავალი დაენგრა, ის არ ჯობდა, ცოტა ეშიმშილა, მაგრამ დედას ეპატრონა? ამ გოგოს ლოთი მამა, თუ ძალიან მთვრალი არ არის, ფეხზე დგება, რეცხავს და ხვეტავს, მაგრამ როცა დათვრება, გდია უგონოდ და მისი გოგოები ეზოში უპატრონოდ დარბიან. რომ გაიზრდებიან, კაცმა არ იცის, კიდევ რა უბედურება მოუვათ. ის კაცი რომ დაიჭირა პოლიციამ, ბავშვების მამამ ცოტა ხანს კი ატეხა აურზაური და მეზობლები შეყარა, მაგრამ ნახევარ სააათში ის საცოდავი გოგო ეზოში გაგზავნა და ბავშვი ეზოში დახტოდა.

... შემდეგ დაზარალებული გოგონას მეზობლებმა ბოდიში მომიხადეს და ლაპარაკი შეწყვიტეს, ერთი კი გავიფიქრე, ვეტყვი რომ იქნებ დაზარალებული ბავშვის დედას დაუკავშირდნენ და შვილებთან ჩამოიყვანონ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, - თავისი ოჯახის ამბავი  ამ ქალბატონს უეჭველად მეზობლებზე უკეთ ეცოდინება.

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)