"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" -"რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა... (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ" -"რუსთაველმა მანიაკმა" თავი მოიკლა... (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წელი

რუსთავში განხორციელებულ გახმაურებულ მკვლელობებს ადგილობრივი პროკურატურა გახსნილად აცხადებს. "რუსთაველი მანიაკის მოღვაწეობა დასრულდა", - ამბობენ გახარებული სამართალდამცველები. თუმცა ამ სიხარულს მიღმა დარჩა ექვსამდე მოხრჩობილი და გაუპატიურებული მცირეწლოვანი თუ სრულწლოვანი ქალი, და კიდევ, თავის დროზე "რუსთაველ მანიაკად" შერაცხული, ციხეში შეურაცხყოფილი და ყურჩამოთლილი პაატა სხირტლაძე, რომელმაც თავის დროზე ასევე აღიარა გოგონების მკვლელობა.

ამჯერად "რუსთაველ მანიაკად" გამოძიება ასახელებს ფრიდონ პირტახიას, რომელიც გასულ კვირას, 12 ნოემბერს, მარტვილის რაიონში დააკავეს. პირტახიამ ექვსი გაუხსნელი მკვლელობა აღიარა, მაგრამ თბილისში, #5 საგამოძიებო იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, შაბათ დილას თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამართალდამცველთა თქმით, მან "ბრიტვით" ვენები გადაიჭრა.

ძნელი სათქმელია, რამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდება "ახალი რუსთაველი მანიაკი", თუმცა რუსთავის პროკურორის თანაშემწე ნუგზარ კანდელაკი გადაჭრით აცხადებს, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობები გახსნილია.

ნუგზარ კანდელაკი:

"დაკითხვის დროს მიუთითებდა ისეთ ნიუანსებს, რაც გამოძიების გარდა არავინ იცოდა. შემთხვევის ადგილზე რა გააკეთა, როგორ გააკეთა, როგორ მოხდა ყოველივე, დეტალებში გვიამბო. მაგალითად, მზია ხუციშვილის მკვლელობის ფაქტზე (მოხრჩობილი და დანადარტყმული იპოვეს საკუთარ სახლში) გვითხრა, რომ ღამით შემთხვევით შეხვდა ქუჩაში ხუციშვილი, რომელმაც სიგარეტი სთხოვა. შემდეგ პირტახიამ იგი საკუთარ სახლში დაპატიჟა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას მზია ხუციშვილს უთქვამს, - აქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და ისევ ჩემთან წავიდეთო. მართლაც, მიდიან მასთან. თავდაპირველად, ვახშმობენ. როდესაც ვკითხეთ, რა ჭამეს, გვიპასუხა - სუფრაზე იდო კიტრი, "სალის" შემწვარი კანი და კიდევ ნამცხვარი. ეს დეტალები ემთხვევა თავის დროზე შემთხვევის ადგილზე ნანახ საკვების ნარჩენებს. გარდა ამისა, ისიც კი გვითხრა, ხუციშვილის ბინაში ნათურები მოვხსენი და წამოვიღეო. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, ვიღაცა რომ შევიდოდა, უცებ არ აენთო სინათლე და გვამი მაშინვე არ დაენახაო.

რაც შეეხება მეორე მკვლელობას... ბრეგვაძის საქმეზე გემახსოვრებათ, რომ მოკლულს ჯვარი ჰქონდა დაკარგული. პირტახიამ გვიამბო: "როდესაც მოვწყვიტე ყელიდან, ვიფიქრე, რომ ძვირფასი იქნებოდა. ნანგრევებიდან გარეთ გამოსვლისას, სინათლეზე ვნახე, რომ პლასტმასის იყო და წამოსვლისას იქვე დავდე..."

ფრიდონ პირტახიამ რუსთავში მომხდარი ექვსივე მკვლელობა აღიარა:

1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე (სურათზე), რომლის გვამი გადამალა "აზოტის" საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.

1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს, რუსუდან ვაჩიბერიძე-კიკალიშვილს.

2000 წლის 2 ივლისს პირტახიამ გარდაბნის რაიონში, ზოოვეტინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებულ საინკუბატორო საამქროს სპეციალურ საცავში გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 21 წლის სოფო კუბლაშვილი.

2000 წლის 29 მაისს რუსთავში, მე-2 მიკრორაიონში მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულზე მან გააუპატიურა და შემდგომ დანით მოკლა 28 წლის მარინა გრიდნევა.

2000 წლის 29 ივლისს რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, მოკლა 35 წლის მარინა იმერლიშვილი. გვამი დააგდო იქვე, მინდორში მდებარე სანაგვესთან.

2000 წლის 15 ივლისს პირტახიამ რუსთავში, თავის ბინაში, დანით მოკლა 43 წლის მზია ხუციშვილი.

მკვლელი ერთნაირი ხელწერით მოქმედებდა. ბრეგვაძე მავთულითა და ხალათის ქამრით მოახრჩო, მანაშვილი - "კოლგოტის" ჩამონახევითა და თოკით. ხუციშვილს დანა დაარტყა, თუმცა შემდეგ ბიუსტჰალტერის სარტყლით მოახრჩო...

გარკვეული დროის განმავლობაში მანიაკი აღარ ჩანდა. იგი კვლავ გამოჩნდა აპრილში დაბა მარტვილში, სადაც ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შეიტყუა მცირეწლოვანი ბავშვი და შეეცადა სექსუალურ ძალადობას. ამჯერად შემთხვევით შესწრებულმა დაუდგენელმა პიროვნებამ კივილი ატეხა და მანიაკმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.

11 ნოემბერს, მანიაკი ისევ გამოჩნდა. ის სკოლიდან გამოსულ 13-14 წლის და-ძმას "დაესხა" თავს. პირველად ვინაობა გამოჰკითხა. შემდეგ მუქარით აიძულა, ტყის მასივისკენ გაჰყოლოდნენ. შეშინებული ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ მოძალადეს. მორიგი მსხვერპლით კმაყოფილ პირტახიას ძმისთვის უთქვამს: "ახლა შენს დას მოვკლავ და მის სისხლს დაგალევინებ". პატარების თქმით, მანიაკი რაღაც მომენტში წაიქცა და მათ გაქცევა მოახერხეს. ბავშვებმა ისიც უთხრეს გამოძიებას, რომ მოძალადეს მარცხენა მტევანზე ოთხი თითი არ ჰქონდა.

ოპერატიული გამოძიების შედეგად, მარტვილში, დანაშულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს რამდენჯერმე ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობისთვის, გაგრიდან იძულებით გადაადგილებული, რუსთავში, მე-9 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მცხოვრები ფრიდონ პირტახია.

გამოძიების თქმით, პირტახია დაკავების მომენტში უარყოფდა ჩადენილს, მაგრამ როდესაც და-ძმა დაუპირისპირეს, ამის შემდეგ მან მარტვილში ჩადენილი ორი ფაქტიც აღიარა.

ელგუჯა ჯამბურია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი. ხელმძღვანელობდა დაკავების ოპერაციას):

"ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი ახსოვს. რომელი მსხვერპლი საიდან წამოიყვანა, რა ეცვა... ფეხსაცმელიც კი ახსოვს! ფაქტობრივად, აღიარა 6 მკვლელობა. ექვსივე - ქალია. მისი თქმით, მათ შორის 5 გააუპატიურა".

როდესაც გამომძიებელმა პირტახიას ჰკითხა, რატომ აკეთებდი ამასო, უპასუხა: "როცა ფხიზელი ვარ, ნორმალურად ვარ, როცა სასმელს დავლევ, სისხლი მწყურია..."

ფრიდონ პირტახია 1987 წელს გაგრაში ქურდობისთვის დაიჭირეს. სასჯელს იხდიდა ქალაქ ულან-უდეში. გათავისუფლების შემდეგ ფოსტაში კლავს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ტელეფონზე დასარეკად არ შეუშვა. ამის შემდეგ იგი 1998 წლამდე ციხეშია. 1998 წელს ჩამოდის რუსთავში, ყიდულობს ბინას და ცხოვრობს მარტო. ბოლო პერიოდში ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. გაყრილია მეუღლესთან და ჰყავს 14 წლის გოგონა...

"რუსთაველი მანიაკი" დღეს მკვდარია. მიუხედავად იმისა, რომ აღიარების შემდეგ აცხადებდა, თავს მოვიკლავო, სამართალდამცველებმა მაინც ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება და პრაქტიკულად, ბევრი დეტალი გამოძიებისთვის მაინც გამოუცნობი დარჩა.

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წელი