"დედაჩემს "წავესპორე", საღორეში გდია, სასწრაფოს დაუძახეთო" – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის საზარელი დეტალები"მიწა ამოუჩიჩქნია და მიცვალებულისთვის წაუყრია. დედის გვამი პლედში გაუხვევია და თოკით გაუკოჭავს, თავზე კი ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული"თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 37 წლის მამაკაცმა დედას ბლაგვი საგნით თავში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ცხედარი კი საღორეში დამარხა. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ანზორ ბოგველაძისთვის ეს პირველი დანაშაული არ ყოფილა, დედის - დეზდემონა ჩხაიძის მკვლელობამდე იგი სამჯერ იყო ნასამართლევი: მეზობლის ქალის მკვლელობისთვის, მეზობელი გოგონას გაუპატიურებისა და თანასოფლელი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. როგორც სოფელ ეწერის რწმუნებული გვიყვება, ბოგველაძეს არა მარტო დედასთან და ძმასთან, მეზობლებთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.ვაჟა ბერუაშვილი, სოფელ ეწერის რწმუნებული:- ანზორ ბოგველაძე სკოლის მოსწავლე მახსოვს, კარგი ბიჭი იყო, რეგბს თამაშობდა თბილისში. მერე აერია ცხოვრება და არავინ იცის, რატომ დაადგა ასეთ გზას. დედამისს ორი ვაჟი ჰყავდა, ზრდიდა წვალებით. დედა-შვილი ერთად კი ცხოვრობდა, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, დედას ეშინოდა შვილის და ცდილობდა, გარიდებოდა, ხშირად ნათესავებთან რჩებოდა. აღდგომამდე, როგორც ვიცი, ახლობლებმა შეარიგეს, 3-4 დღის შემდეგ კი ეს უბედურება მოხდა. ანზორი სახლიდან არც გამოდიოდა, იშვიათად ვნახულობდით.- გარდაცვლილზე რას იტყვით, როგორი ადამიანი იყო?- შესანიშნავი ადამიანი იყო, 65 წლის, გეოგრაფიის მასწავლებელი, მისი მეუღლეც პედაგოგი იყო. დედა ორ ადგილას მუშაობდა, მაგისთვის წვალობდა ისევ და რაღაცეებს უგზავნიდა. ანზორს ერთადერთ ძმასთანაც, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა.- როგორ გამჟღავნდა დანაშაული? - შაბათს, შუადღეს, თვითონ ანზორს უთქვამს მეზობლისთვის, რომ დედა საღორეში ჰყავდა დამალული, დედაჩემს "წავესპორე", საღორეში გდია და იქნებ სასწრაფოს დაუძახოთო. ეს ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა, შაბათ ღამეს კი გამჟღავნდა. ქალბატონი რომ აღარ ჩანდა, მეზობლებიც ეძებდნენ.- თქვენც ესწრებოდით გვამის აღმოჩენას? რა მდგომარეობაში იყო მიცვალებული?- დავესწარი ქალბატონის საღორიდან გამოსვენებას და ისეთი საშინელი სანახაობა იყო, ვერ აღგიწერთ - ამ კაცს შეეფუთა გვამი, ქალს მკლავებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. თვითონ ამბობს, სკამი ჩავარტყი თავშიო. მიწა ამოუჩიჩქნია და მიცვალებულისთვის წაუყრია. დედის გვამი პლედში გაუხვევია და თოკით გაუკოჭავს, თავზე კი ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული. არ ვიცი, გაგუდვის მიზნით, თუ იმის გამო, რომ სისხლის კვალი არ დაეტოვებინა... როცა ანზორს ჰკითხეს, გვამი რატომ შეფუთეო, თქვა, სასაფლაოზე უნდა წამეღო და მამის გვერდზე დამემარხაო. 17-ში საღამოს მოხდა ეს ამბავი და გაირკვა, რომ საცოდავი ქალი დილით ისევ ცოცხალი ყოფილა.- ეს ადამიანი ადრე რისთვის იხდიდა სასჯელს?- მეზობლის ინვალიდი გოგონა გააუპატიურა, მერე ჰქონდა კიდევ სხვისი გაუპატიურების მცდელობაც. დიდხანს თავისუფლებაზე არც ყოფილა - დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა - მოიხდიდა სასჯელს და წელიწადი არ იყო გასული, ახალ დანაშაულს სჩადიოდა და იჭერდნენ. რამდენიმე დღის წინ მეზობლებთან მოუვიდა კონფლიქტი - კარი არ გაუღეს და ერთი ამბავი ატეხა.ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)