"ცოლ-შვილის თვალებში შეხედვას ვერ ვუძლებ" – რუსთაველმა მძღოლმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა
"შვილიშვილს კანფეტს რომ ვერ მივუტან, სახლში როგორ შევიდე, ჩვარი არც ვყოფილვარ და არც ვიქნებიო"
"გვეგონა, "სიტყვაზე!" ამბობდა, ამას მართლა თუ გააკეთებდა, რას ვიფიქრებდით?"
"ეს იმის ბრალია, რომ რუსთავის "მარშრუტკების" სოფრებს ცხოვრება კოშმარად გვიქციეს!" - ასე ხსნიან რუსთავი-თბილისის ტრასის მძღოლები იმ ტრაგედიას, რომელიც დილის 9 საათზე რუსთავში მოხდა, - ღამის მორიგეობის დასრულების შემდეგ ვეფხია გოგილაშვილი რომ აღარ გამოჩნდა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ძებნა დაუწყეს და ძმის ბინაში თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ასე დაასრულა სიცოცხლე 42 წლის კაცმა, რომელზეც ორი ოჯახის არსებობა იყო დამოკიდებული, - თავად ვეფხიასი და მისი გარდაცვლილი ძმის შვილების, რომელთაც თავად პატრონობდა...
ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შპს "ინტერტრანსმა", რომელიც რუსთავის მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ყვითელი ავტობუსებით გეგმავს, ასეთი განცხადება გაავრცელა: "ვეფხია გოგილაშვილი რამდენჯერმე იყო კომპანიაში მოსული და თანხმობას აცხადებდა თანამშრომლობაზე. გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ხაზის მეპატრონეებისა და მათი ადვოკატის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა გოგილაშვილს უარი ეთქვა "ინტერტრანსთან" თანამშრომლობაზე. თხოვნით მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება, რათა არავის მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია..."
გარდაცვლის ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, გარდაცვლილი მკურნალობის მიზნით ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა, თუმცა მისი მეგობრები ამბობენ, რომ გარდაცვლილი გამუდმებით თვითმკვლელობაზე ლაპარაკობდა...
ლ. დ., ვეფხიას მეგობარი:
- ბოლო დღეებში სულ ერთად ვიყავით. სახლში წასვლა არ უნდოდა, - ცოლ-შვილის თვალებში შეხედვას ვერ ვუძლებო. ოჯახს აქამდე მე ვინახავდი, თუ ყვითელი ავტობუსები შემოვიდა, სახლში ხურდა ფულსაც ვერ მივიტან და ცოლ-შვილი შიმშილით მომიკვდება და ეს რომ ვიცი, მათ თვალებში როგორღა შევხედოო. შვილიშვილი ჰყავს და განსაკუთრებით იმაზე დარდობდა, - შვილიშვილს კანფეტს რომ ვერ მივუტან, სახლში როგორ შევიდე, ჩვარი არც ვყოფილვარ და არც ვიქნებიო. გვეგონა, "სიტყვაზე!" ამბობდა, ამას მართლა თუ გააკეთებდა, რას ვიფიქრებდით? არადა, უნდა გვეფიქრა, ეს მესამე კაცია, ვინც ყვითელი ავტობუსების შემოყვანის ამბავს ეწირება ჩვენი მძღოლებიდან, - ერთი საერთოდ უგზოუკვლოდ დაიკარგა, ვინ იცის, სად არის გადაჩეხილი, მეორე დილით საწოლში მკვდარი დახვდა ცოლს. ამ ქალმა გვითხრა, - ზოგიერთ ხაზზე ყვითელი ავტობუსი რომ გამოჩნდა, კაცმა ვერც საჭმელი ჭამა და ვეღარც დაიძინა, - მთელი ღამე სულ იმას იძახოდა, აქამდე გინახავდით, მაგრამ აწი ვეღარ შეგინახავთო და დილას მკვდარი დამხვდაო. ხალხის საშველი არ არის, - იმიტომ რომ ერთეულები გამდიდრდნენ ჩვენისთანა ასეულობით ადამიანს ჭყლეტენ და წირავენ. ამას დასრული არ უჩანს. ასე მართლაც სჯობია ვეფხიას გზას დაადგე...
- რა ვითარებაში მოიკლა ვეფხია გოგილაშვილმა თავი, თვითმკვლელობის წინა წუთებში მის გვერდით ვინმე იყო?
- მძღოლებმა "მარშუტკების" სადგურებზე ღამისმორიგეობები შემოვიღეთ, რომ ყვითელი ავტობუსები არ შემოგვეპაროს. იმდენხანს აღარ გამოჩნდა, რომ დავიწყეთ ძებნა. ერთი ძმა კი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ მეორე ძმა უცხოეთშია სამუშაოდ და მისი დაკეტილი ბინის გასაღები აუღია და იქ ჩამოუხრჩვია თავი. არ ვიცი, რა ვთქვა... ჩვრად ქცევას ასე არჩია...
რევაზ რიჟამაძე, რუსთაველი მძღოლების ადვოკატი, რუსთავის მერობის კანდიდატი:
- ჩვენს რამდენიმე მძღოლს აქციებზეც მოუვიდა გულის შეტევა. იციან, რომ წინ კარგი არაფერი ელოდებათ. კომპანია "ინტერტრანსმა" თავადაც არ იცის, სად შემოჰყო თავი და რა დაჰპირდეს იმ ხალხს, რომლებსაც ცხოვრების პერსპექტივა დაუკარგეს. ეს არის სრული უპერსექტივობის და სრული უიმედობის მდგომარეობა. ამიტომაც ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)