გუშინ საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივან ჰენრი კუპრაშვილს საკუთარ უბანში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულს და კომენტარი ვთხოვეთ:- ექვსის ნახევარი იქნებოდა, ვარჯიშიდან რომ დავბრუნდი. გვერდით, "ბუტკაში", ისხდნენ ჩვენი უბნის ნარკომანები. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს ძალიან გამოცოცხლდნენ, რამდენიმე ციხიდან გამოვიდა და ლაღობენ, რაც შეუძლიათ: დღედაღამე იქ სხედან, ლოთობენ, ჩხუბობენ კიდეც. მოკლედ, როდესაც დავბრუნდი, ავტოფარეხში შემოცვივდა დაახლოებით 7 კაცი და დამიწყეს საქმის გარჩევა - "შენ ჩვენი ერთად ყოფნა არ მოგწონს და ჩვენს მიმართ პრეტენზიები გაქვსო". მე ვუთხარი, არავითარი პრეტენზია არა მაქვს -მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ. მათგან ერთ-ერთი, გიორგი ფოფხაძე (რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან), მეტსახელად "პელე" მომვარდა და წიხლები დამიშინა, მაგინა კიდეც. დანარჩენები, იმის მაგიერ რომ გაეჩერებინათ, მე მაკავებდნენ და აძლევდნენ საშუალებას, ვეცემე. მერე ამ "პელემ" ზურგზე მიკბინა.- თუ ისედაც გცემდათ, კბენა რაღატომ დასჭირდა?-როგორც მითხრეს, ადრეც ვიღაცისათვის უკბენია, ალბთ მიდრეკილება აქვს. არ ვიცი რატომ მიკბინა, პირს არც მიშვებდა, ბულდოგივით ჩამაფრინდა. მერე ამხანაგებმა ძლივს ამაგლიჯეს ბეჭებიდან. ლამის ამომაჭამა ზურგი, როგორც მითხრეს, ნარკომანის ნაკბენი საშიშია და შრატის გაკეთებაა საჭირო.- პოლიციას თუ შეატყობინეთ მომხდარი ფაქტის შესახებ?- კი, პოლიცია მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში, სასწრაფოც მოვიდა და მიმკურნალეს. პოლიციამ საქმეც აღძრა და საკმაოდ ენერგიულად დაიწყეს გამოძიება. მაგრამ მთავარი ვინც იყო, "პელე", ის გაიქცა. პოლიცია გვარწმუნებს, მოვძებნითო, მისი ფოტოებიც აქვთ და სხვა მონაცემებიც, ვინაიდან ერთხელ უკვე იჯდა ციხეში. 14 ტყვია ესროლა ვიღაცას და მაგიტომ იჯდა.- სოც. ქსელებში წერენ, რომ ეს ინციდენტი თქვენი პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა...- მე ვარ მოქმედი სპორტსმენი (მარტში მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი ზამთრის ცურვაში და იქ მერვე ადგილზე გავედი, შარშან ბოსფორის სრუტე გადავცურე და კიდევ სხვა პროექტებში მივიღე მონაწილეობა) და მიმაჩნია, რომ სპორტსმენი არ უნდა იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრე ან მოწინააღმდეგე.- ანუ არავითარი პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ ჰქონია?-არა, ვერ ვაკავშირებ პოლიტიკასთან, საერთოდაც ამ გარეწრებს პოლიტიკასთან რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ? - როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს პოლიცია კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას?- სიმართლე რომ გითხრათ, თვითონ პოლიციელებიც წუხან ამის გამო. პირად საუბრებში ამბობენ, ჩვენ კი ვიჭერთ დამნაშავეებს, მაგრამ უშვებენო. რიგითი პოლიციელები ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში არიან. მათ რომ მკაცრი ხელმძღვანელი ყავდეთ, რომელიც საქმეს ისე მიხედავდა, როგორც საჭიროა, სიტუაცია ბევრად გამოსწორდებოდა. ამ ბოლო დროს 90-იან წლებში მგონია თავი, ყველგან კრიმინალები დომინირებენ და როგორც მაშინ, პატივისცემას მოითხოვენ პატიოსანი მოქალაქეებისაგან. მაცხოვრებლებიც შეშინებული არიან და ხმას ვერ იღებენ, რადგან ეშინიათ, არ მოკლან ან არ გაძარცვონ და სხვ. ხალხი დაცულად ვეღარ გრძნობს თავს.ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)