ბებია, ბაბუა და შვილიშვილი - შემზარავი ავარია სანაპიროზე - კვირის პალიტრა

ბებია, ბაბუა და შვილიშვილი - შემზარავი ავარია სანაპიროზე

"მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში"

"ამბობენ, რომ მძღოლი ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ"

"დედა მენატრებაო, ამბობდა... ყოვლთვის მხიარული იყო, მაგრამ რაღაცნაირი კეთილი და გულიანი. დედის გარეშე ძალიან უჭირდა ყოფნა. წინა ღამეს, რამდენჯერმე გამოუღვიძია, - რამდენ ხანში გათენდება, დედიკოს მალე ვნახავო?.." - ასე იგონებს 5 წლის ლუკა ბალხამიშვილს მისი ოჯახის ახლობელი...

23 მაისს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა, - მერსედესის მარკის ავტომობილს ჯიპი შეეჯახა, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მართავდა. მერსედესში, მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი ვოვა ტუავი, მისი მეუღლე და ერთადერთი შვილიშვილი, ლუკა ისხდნენ. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი, სასწრაფოს დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 76-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

- ლუკა, რამდენიმე დღეების განმავლობაში, მცხეთაში, ბებია-ბაბუასთან იყო. საერთოდ, საცოდავ ვოვას ხშირად ჰყავდა სახლში შვილიშვილი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და მათაც ერთი შვილი ჰყავდათ, - ყველასთვის საყვარელი, სულ მხიარული და მოუსვენარი ლუკა...

რამდენიმე დღის წინ, ბავშვის ბიძამ, მამის ძმამ, ყველასთვის გაუგებარი მიზეზით, თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მიუსწრეს და ჩამოხსნეს და ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში იწვა... ბავშვის დედა მას ედგა თავზე. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგოა, სულ ცდილობდა, ყველას გული მოეგო. მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი, სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი, ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში. არ ვიცი, ასეთი უბედურების, როგორ გააგრძელებენ ის და გიორგი ცხოვრებას. ერთ დღეში დაეხოცა ქვეყანაზე ყველაზე საყვარელი ადამიანები, - შვილი და დედ-მამა. ვოვა ისეთი კაცი იყო, მთელი უბნისა და საახლობლოს ჭირსა და ლხინს იზიარებდა, ყველას ეიმედებოდა და ისიც ყველას უმართლებდა იმედს... ძალიან რომ მონატრებია ბავშვს დედა, ბებია-ბაბუას გადაუწყვეტიათ, წავიყვანოთ და რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უკან წამოვიყვანოთო. თან როგორც გითხარით, მთელი ღამე წუხდა თურმე, - დედა ენატრებოდა. დედის მონატრება საფლავში ჩაჰყვა იმ პატარა ანგელოზს... ლილოს დასახლებისკენ ცხოვრობენ ბავშვის მშობლები. 9-10 საათი იქნებოდა, ვოვა და მისი მეუღლე თბილისისკენ რომ მიდიოდნენ, მაგრამ შვილის სახლამდე ვერ მიაღწიეს.

- ჯიპის მძღოლი დაკავებულია?..

- დიახ, დაკავებულია. წინასწარი შვიდთვიანი პატიმრობა მიუსაჯესო, თქვეს... იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ. მას ისიც ეყოფა, რომ სამი ადამიანის, მათ შორის 5 წლის ანგელოზის ცოდვა დაედო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს გადაჭარბებული სიჩქარით გრიალი ქუჩებში და გავლენიანი ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის ხელის დაფარება?.. ავარიის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში ისეთ მდგომარეობაში იყო მანქანა, ცხედრების გადმოყვანა გასჭირვებიათ, მთლიანად დაჭმუჭნილია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)