რა მოხდა ვანში - სისხლიანი შურისძიება თუ უბედური შემთხვევა? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რა მოხდა ვანში - სისხლიანი შურისძიება თუ უბედური შემთხვევა? (ექსკლუზივი)

"კობა როხვაძე ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა"

"ბაბუა იყო გიორგის ცხედართან დაჩოქილი, დასახიჩრებულ შვილიშვილს იხუტებდა და ხმამაღლა ტიროდა..."

ვანში ავტომანქანაში აფეთქებისას დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგი თვალაბეიშვილის გარდაცვალება იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელს უკავშირდება. მათი თქმით, პოლიციელი კობა როხვაძე გარდაცვლილის მეუღლეს საყვარლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლის ლიკვიდაციით ემუქრებოდა.

დაღუპულის და, მარიამ თვალაბეიშვილი ჰყვება, რომ ”ყოველ ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი კობა როხვაძე მოდიოდა და ჭიშკართან ყვიროდა, რომ ჩემი რძალი მისი გახდებოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა.

”მოდიოდა შუაღამით, ”ბომბაჩკებს” ყრიდა ეზოში და ნასვამი ჭიშკართან ამუხრუჭებდა. ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა და სამსახურს თავი იმიტომ დაანება, რომ იქ მოსვენებას არ აძლევდა და ემუქრებოდა. ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ყოველ შეცვლილ ახალ ნომერს იმ დღესვე იგებდა და ეუბნებოდა, რომ ნომრების შეცვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან პოლიციელი იყო და ყველაფერს სხვაზე ადრე იგებდა...”

”კვირის პალიტრა” სოფელ ზედა ვანის გამგებელს, რობერტ გიორგაძეს დაუკავშირდა, რომელსაც მისივე თქმით, ოჯახთან ნათლი-მირონობა აკავშირებს, მაგრამ ”ვინმე კობა როხვაძისა” და მის მიერ განხორციელებული მუქარის შესახებ, არაფერი სმენია და არც ის იცის, მუშაობს თუ არა კობა როხვაძე პოლიციაში...

რაული, ზედა ვანის მკვიდრი:

- გარდაცვლილის მეზობლად ვცხოვრობ. შუადღე იყო, როდესაც აფეთქების ხმა გავიგონე. იმხელა ხმა ჰქონდა, ვინ არ გაიგებდა, მეგონა, ცა ჩამოიქცა... მაშინვე გავვარდი. ადგილზე მისულს სხვა მეზობლებიც დამხვდნენ მისული, მაგრამ გარდაცვლილთან მიკარება ვერავინ გაბედა. ბაბუა იყო გიორგის ცხედართან დაჩოქილი, დასახიჩრებულ შვილიშვილს იხუტებდა და ხმამაღლა ტიროდა... ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, თავდაპირველაფ ვერც მე მივეკარე ცხედარს, ისევ სახლში შევვარდი, ”ადეალა” გამოვიტანე და მიცვალებულს გადავაფარე. ვეცადე, გიორგის ბაბუას დამემშვიდობინა, თუმცა, საცოდავი ისეთ დღეში იყო, ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. არა მგონია, ბაბუა ახლო-მახლოს ყოფილიყო, თორემ ისიც დაშავდებოდა... რამდენიმე წუთში პოლიცისა და სასწრაფოს მანქანებიც მოვიდნენ და გიორგი საავადმოყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო...

- ავტომანქანა ძალიან იყო დაზიანებული?..

- დიახ, უკანა მხარე თითქმის მოგლეჯილივითაა. ”მერსედესის” მარკის მანქანა ჰყავდა და სახლის გვერდით ედგა ხოლმე. მიცვალებულიც იქვე ესვენა...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახს პოლიციელი აწუხებდა...

- მსგავსი არაფერი მსმენია. საერთოდ, იმ კაცის სახელი და გვარიც არ მსმენია... მხოლოდ იმას გიყვებით, რაც ვნახე... გიორგის ერთი პატარა შვილი ჰყავს, გოგონა. გიორგი არსად არ მუშაობდა. სახლში, დედ-მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. იმ დროისთვის, როდესაც აფეთქება მოხდა, სახლში მხოლოდ ბებია-ბაბუა იყვნენ.

- გიორგის მეუღლეც არ იყო შინ?

- არა, გიორგის მეუღლე დედ-მამის სახლში იყო წასული, გოგონასთან ერთად. არ ვიცი, რატომ, შეიძლება უბრალოდ, სტუმრად იყო წასული. ვიცი, რომ ამჟამად მეუღლეც არ მუშაობს.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში