”რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

”რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს" (ექსკლუზივი)

14 წლის გორელი გოგონა, რომელიც ნაწამები იპოვეს, ალაპარაკდა!

"შეხედეთ ნათითურებს ჩემს მკლავებზე, ესეც მე დავმართე ჩემს თავს?"

"დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს... იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ძალიან ხშირად ვხვდებოდით იქ"

"ხომ შეეძლო, მოსულიყო და ის მაინც ეთქვა, მე მართალი ვარ და არაფერში ვარ დამნაშავეო. შეყვარებულები თუ აღარ ვართ, ხომ ვიყავით"

3 ივნისს, საღამოს 11 საათზე, 14 წლის გოგონა გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან უმძიმეს მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს. სადარბაზოსთან მომაკვდავი ეგდო, კანაფის ძაფი კისერზე ორჯერ ჰქონდა გადაჭერილი, სხეულზე უამრავი დაზიანება და მოტეხილობა ჰქონდა - ჩამტვრეული მენჯის ძვალი, ფეხი, ქუსლი, კოჭი... უგონო მდგომარეობაში მყოფი სასუნთქ აპარატზე რამდენიმე დღე იყო შეერთებული.

ლელუკა ვანიშვილი ისევ საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, თუმცა ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, რა მოხდა რეალურად. გოგონას ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ ლელუკას ასე სასტიკად შეყვარებული ბიჭი გაუსწორდა, რადგან შეიტყვეს, რომ გოგონა სწორედ იქ აპირებდა შეყვარებულთან შეხვედრას . ამას კატეგორიულად უარყოფდა ბიჭის მამა, რომელიც ლელუკას ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ცნობილია ისიც, რომ ლელუკას შეყვარებული ძალოვნებმა 2-ჯერ დაკითხეს.

მომხდარზე უფრო მეტი დეტალის დასადგენად საავადმყოფში მივედი და დაზარალებულს გავესაუბრე. გოგონა ამბობს, რომ ბევრი რამ არ ახსოვს, თუმცა იმედოვნებს უახლოეს პერიოდში მეხსიერება დაუბრუნდება.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დაზარალებულ არასრულწლოვანთან.

- ლელუკა, პირველ რიგში გილოცავთ გადარჩენას, იქნებ გაიხსენოთ, რა გადაგხდათ თავს იმ დღეს?

- 3 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარი იყო, სახლიდან გამოვედი და ჩემებს ვუთხარი, რომ ჩემს დაქალთან, მარიამთან მივდიოდი. მაგრამ მარისთან არ წავსულვარ, 9 სართულიანი კორპუსისკენ ჩავისეირნე, იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ვურეკავდი, მაგრამ ყურმილი არ აიღო. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით იმ ადგილზე ერთმანეთს. ვერ დავუკავშირდი, ამიტომ 9 სართულიანი კორპუსის სადარბაზოში შევედი და მეოთხე თუ მეხუთე სართულზე, კიბეებზე ჩამოვჯექი. კაპიუშონი მეფარა თავზე. მარის მივწერე, 15 წუთში მოვალ-მეთქი, ვიჯექი და ისევ ვრეკავდი, მაგრამ ისევ არ აიღო ყურმილი მურადმა. მერე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და ზარები წავშალე. ეს წესად მქონდა, მასთან გაგზავნილ მესიჯებს და ზარებს ვშლიდი. მარისთან გაგზავნილი მესიჯი არ წამიშლია, მაგრამ მითხრეს, რომ ისიც წაშლილი იყო ჩემი ტელეფონიდან, თუმცა მარის აქვს შემონახული.

- როგორც მითხრეს, დაშორებულები იყავით. იმასაც ამბობენ, ბოლო ორი თვე ერთმანეთს არ შეხვედრიანო, თუ ეს ასეა, მასთან შეხვედრის იმედი რატომ გქონდა?

- 24 მაისს ვნახეთ ერთმანეთი და ჩვეულებრივ ვილაპარაკეთ. დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. სკაიპშიც ჩვეულებრივ მემესიჯებოდა, ერთმანეთს ვკითხულობდით. 24 მაისსაც მე დავურეკე და ვკითხე, ხომ არ მნახავ-მეთქი, კიო, მითხრა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთობა უნდა შეგვეწყვიტა, მან ისიც კი მითხრა, სხვა შეყვარებული მყავსო.

-მაინც რა მოხდა, ეს დაზიანებები როგორ მიიღე?

- ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ აღვიდგინე, რა მოხდა იქ. გონზე რომ მოვედი, უკვე კლინიკაში ვიწექი. არც რეანიმაციაში ყოფნა მახსოვს. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. მას მერე ხატი მქონდა, ჯვარი მეჭირა ხელში და ვლოცულობდი. არ ვიცი, ეს დაზიანებები ვინ მომაყენა, ყელზე თოკიც მქონდა მოჭერილი. ფეხი მოტეხილი მაქვს და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდება. ფილტვებიც არ იხსნებოდა თურმე და ოპერაცია გამიკეთეს. ვცდილობ, აღვიდგინო, რა მოხდა, იმედი მაქვს, ყველაფერი გამახსენდება.

-ისიც ითქვა, რომ თითქოს თავის მოკვლა სცადეთ შეყვარებულთან დაშორების გამო. იყავით ისეთი გულნატკენი მისგან, რომ ეს ჩაგედინათ?

- რა სისულელეა. რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მერეც ჩვეულებრივ ვმესიჯობდით. მეგობრებიც ვიყავით. უბრალოდ, სკოლაში არ ვკონტაქტობდით. ამ ურთიერთობის გასაჯაროვებას ვერიდებოდით. ნახეთ ჩემი მკლავები, ახლაც მეტყობა ხელის ნათითურები, ეს დაზიანებები მე მივიყენე?

- თვქენი ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ დანაშაული შეყვარებულის ჩადენილი იყო. ბიჭის მამამ ისიც კი მითხრა, საავადმყოფოდანაც უგზავნის ჩემს შვილს ახლა მესიჯებსო. თქვენ აგრძელებთ იმ ბიჭთან ურთიერთობას?

- რა სისულელეა. რა მესიჯებს ვუგზავნი, ეს გამორიცხულია. აქ არც ტელეფონი მაქვს და არც ინტერნეტი. მე მისთვის არანაირი მესიჯი არ გამიგზავნია. მან ჩემი სკაიპის და ფეისბუკის პაროლები იცის და იქიდან თვითონ თუ აგზავნის რამეს, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ის აღარც მაინტერესებს. ასე ცუდად ვიყავი და ის არც მოსულა, არც უცდია იმის გაგება, როგორ ვარ. ხომ შეეძლო, მოსულიყო და ის მაინც ეთქვა, მე მართალი ვარ და არაფერში ვარ დამნაშავეო. შეყვარებულები თუ არ ვართ, ხომ ვიყავით. თუ დამნაშავე არ ხარ, უნდა გამოჩნდე. მე მას ამის შესახებ არაფერს ვკითხავ. ჯერ ვერ ვიხსენებ რა მოხდა. ისე ხელს ვერავის დავადებ.

წაიკითხეთ ინგლისურენოვანი ვერსია

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)