"გეგის ის ბიჭი ეცოდებოდა... იმან კი დანა დაარტყა" - მესტიელი მეგობრების ჩხუბი სიკვდილით დასრულდა - კვირის პალიტრა

"გეგის ის ბიჭი ეცოდებოდა... იმან კი დანა დაარტყა" - მესტიელი მეგობრების ჩხუბი სიკვდილით დასრულდა

"გეგის უთქვამს, გამოუშვით, სპარტაკი მე დანას დამარტყამსო?.. და ზურგი შეუქცევია... ის ბიჭი როგორღაც ხელიდან დაუსხლტათ თურმე და გეგის ზურგში ჩაარტყა დანა... გეგის მოტრიალება მოუსწრია და უთქვამს, - რას შვები, მკლავო?!"

მესტიის აეროპორტის დაცვის თანამშრომელი, 27 წლის გეგი ხაფთანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე კოლეგა და მეგობარია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სპარტაკ გოშუანმა, შელაპარაკების ნიადაგზე, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 27 წლის გეგი ხაფთანს. საქმე გახსნილია. დაკავებულია დამნაშავე. გამოძიება 108 -მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს..

მანანა ხაფთანი, გეგის დედა:

- ბავშვობის მეგობრები არ ყოფილან, მაგრამ ახლობლობდნენ. გეგის ის ბიჭი ეცოდებოდა, რაღაც თავისებური ბიჭია, ჩაკეტილიო და ცდილობდა მხარში დადგომოდა. ერთად მუშაობდნენ. სახლშიც მოჰყავდა ზოგჯერ. რატომღაც არასდროს დავინტესებულვარ, რა წარსული ჰქონდა იმ ბიჭს, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ჩემს შვილს ებრალებოდა და მუდმივად მფარველობდა. აქამდე მეგონა, გეგის ადამიანის ცნობა არ შეეშლებოდა, მაგრამ შევცდი... მერე გავიგე, რომ იმ ბიჭს ადრეც ჰქონია სხვებთან კონფლიქტი, ვიღაცები დაუჭრია. ეტყობა, გეგი ცდილობდა კარგისკენ შემოებრუნებინა, იმან კიდევ დანა დაარტყა... არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება თავი ვერ გააკონტროლა, ისედაც ამხელა ცოდვა აქვს აკიდებული და რაღა უნდა ვთქვა... ის ბიჭიც მესტიაში ცხოვრობს, სოფელ ლენჯერისკენ...

- მკვლელობა შეკამათების ნიადაგზე მოხდა?..

- დიახ, ასე მითხრეს. ის ბიჭი ნასვამი იყო და გეგიმ მას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, რაც მან იუკადრისა და შეკამათდნენ. ხმაღალი საუბარი ჰქონიათ, მაგრამ მერე შერიგებულან. მათთან ერთად კიდევ ორი ბიჭი ყოფილა და ერთ-ერთს უთქვამს გეგისთვის, შენ წადი და ამას ჩვენ მივხედავთ, ანუ დავაწყნარებთო. აკავებდნენ თურმე. გეგის უთქვამს, გამოუშვით, სპარტაკი მე დანას დამარტყამსო?.. და ზურგი შეუქცევია... ის ბიჭი როგორღაც ხელიდან დაუსხლტათ თურმე და გეგის ზურგში დანა ჩაარტყა... გეგის მოტრიალება მოუსწრია და უთქვამს, - რას შვები, მკლავო?!. იმან კი კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.... სულ 5 ჭრილობა აქვს ჩემს შვილს. ბიჭებს ჯერ აქაურ საავადმყოფოში წაუყვანიათ, შემდეგ ქუთაისში, მაგრამ ვერაფერმა უშველა.

- ოჯახი ჰყავდა, ქალბატონო მანანა?..

- დიახ, ახლადშექმნილი ჰქონდა ოჯახი, წლინახევრის ბიჭი ჰყავს... ოთხი შვილი მყავდა, გეგი უფროსი იყო. თქვენი კოლეგა იყო ჩემი შვილი, ჟურნალისტიკა დაამთავრა, ძალიან ნაკითხი იყო. როგორც კი დროს იპოვიდა, წიგნებს ჩაუჯდებოდა. კითხვა უყვარდა. ძალიან თბილი, კეთილი და კარგად აღზრდილი შვილი მყავდა... აქ თავის სპეციალობით ვერაფერი გააკეთა. მერე ჯარში მსახურობდა. დაახლოებით სამი წელი იქნება, რაც მესტიის აეროპორტში დაიწყო მუშაობა, სადაც სულიც დალია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)