ამაზრზენი დანაშაული კახეთში - 40 წლის მამამ შვილზე იძალადა - კვირის პალიტრა

ამაზრზენი დანაშაული კახეთში - 40 წლის მამამ შვილზე იძალადა

"როცა ცოლს და შვილებს გარეთ დაიგულებდა მერე მიიწევდა უფროსი ქალიშვილისაკენ"

"მშობელი მამა გაილეშებოდა, შვილს კუთხეში იმწყვდევდა და ხელებს უფათურებდა"

რამდენიმე ხნის წინ ჩვენს სტატიას ”ტრაგედია, რომელსაც არაფერი გამოასწორებს, ანუ მამამ ქალიშვილზე იძალადა?!” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი კოშმარი მხოლოდ გამოხმაურებით არ სრულდება - თუ მოძალადე სათანადოდ არ დაისაჯა, განაჩენი საზოგადოებას თავად გამოაქვს. ინციდენტი სოფელ სოფელ წითელწყაროში მოხდა, სადაც მამასა და დედინაცვალთან მცხოვრები გოგონა სახლიდან მამის ძალადობას გაექცა და პოლიციას მიმართა. სოფელში ბევრი იმუქრებოდა, რომ თუკი შვილზე მოძალადეს არ დასჯიდნენ, თავად ჩაქოლავდნენ. თუმცა იყვნენ ისეთები, რომელთაც ეს ამბავი არ სჯეროდათ, - ისინი ამტკიცებდნენ, რომ 15 წლის გოგონამ მამას ჭორი დედამისთან ერთად შურისძიების მიზნით შეუთხზა.

იქნებ სჯობდა კიდეც უკანასკნელი ვერსია დადასტურებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მოძალადე მამის დედა და ბებია დედოფლისწყაროს ცნობილი ბორდელის, ე.წ. ელიკოს ბორდელის მფლობელი იყო. აქ გოგონები მთელი კახეთიდან ჩამოჰყავდათ. დღეს უკვე მთელი სოფელი კატეგორიულად გამორიცხავს, შვილზე მოძალადე მამა სასჯელის მოხდის სოფელში დაბრუნდეს და იქ იცხოვროს. იქ მას კიდევ ორი შვილი ელოდება, რომელთა შორის ერთი გოგონაა.

კ. ლ, დედოფლისწყაროს მცხოვრები:

- ყველაფერი გაგვიგია, ყველაფერს ვისმენთ, რაც ქვეყნიერებაზე პათოლოგია ხდება, მაგრამ ჩვენთან მომხდარი ამბავი ყველაზე ამაზრზენია, - მშობელი მამა გაილეშებოდა, შვილს კუთხეში იმწყვდევდა და ხელებს უფათურებდა...

- გოგონას დედინაცვალი უარყოფდა რომ მისი ქმარი საკუთარ შვილის გაუპატიურებას ცდილობდა, მისი თქმით, მისმა გერმა ეს ამბავი შეთხზა...

- ამ კაცის მეორე ცოლი არ არის ცუდი ქალი; საკუთარი ორი შვილიც ჰყავს და იმის მიუხედავად, რომ ამჟამად არაფრისმქონეები არიან, გერი შეიფარა და სკოლაშიც კი დადიოდა მისი ამბის საკითხავად. თანაც, მართლაც ძნელია იმის დაჯერება, ჩემი ქმარი საკუთარი შვილისაკენ იწევს გასარყვნელადო. ამას რომელი ნორმალური ადამიანი დაიჯერებს! ის კაცი გარყვნილი კია, მაგრამ იმდენი ჭკუა ჰქონდა, იცოდა რას აკეთებდა და ამ ამბავს საიდუმლოდ იმახავდა, - როცა ცოლს და შვილებს გარეთ დაიგულებდა, მერე მიიწევდა უფროსი ქალიშვილისაკენ. ეს ამბავი მაგას უკვე დაუმტკიცდა და ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ ამისთვის ციხეში პატიმრები მოკლავენ, ცოცხალი არ გამოვა და აქ არ დაბრუნდება, თორემ რომელიმე ჩვენთაგანი აიღებს თავზე ხელს და სიცოცხლეს გამოასალმებს.

მ. მ. სოფელ წითელწყაროს მცხოვრები:

- მარტო იმიტომ მაინც უნდა ვნახოთ ეგ გარყვნილი, რომ თვალებში ჩავხედოთ. სოფელში თუ დაბრუნდა, მაინც არ გავახარებთ. შვილი რომ თბილისში გაიქცა და პოლიციას შეატყობინა, თურმე მაშინაც ურეკავდა, - ჩამოდიო. ბავშვი პასუხობდა, - სად ჩამოვიდე, რამდენი დათვრები, ჩემზე იწევო და ის კიდევ ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რომ მისი განმეორება არ შეიძლება, - გარყვნილზე გარყვნილს. ჩვენ კი გავიგეთ ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ბავშვი გადარჩენილია მამის გაუპატიურებას, ეტყობა, მთვრალ მამას ხელს ჰკრავდა და იმიტომ ვერ შეძლო, თავისი ბინძური განზრახვა შეესრულებინა, მაგრამ ამას რა გადარჩენა ჰქვია?! მაინც რა ძალამ შექმნა ასეთი ბოროტება?! თუმცა რა გასაკვირია, მაგას ისეთი დედა ჰყავდა, სხვანაირს რას გაზრდიდა, - გაზრდაზე ერთ მაგალითს ვიტყვი, - ერთი ოჯახი ვიცოდი, სადაც გოჭი ძაღლის ლეკვივით გამოზარდეს, - საწოვარათი ასმევდნენ რძეს და კალთაში ისვამდნენ. ჰოდა, ეს ღორი 200-კილოიანი რომ გახდა, მაშინაც იწევდა კალთისკენ, ჩამისვითო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი მსგავსს ზრდის, მაგისთანა დედის გაზრდილი შვილი სხვანაირი არც გამოვიდოდა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)