"ბებიას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, პატარა გოგონას თავში" – შემზარავი ტრაგედია ახალქალაქში - კვირის პალიტრა

"ბებიას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, პატარა გოგონას თავში" – შემზარავი ტრაგედია ახალქალაქში

"რომ დაუნახავს, ბებიას პატარა შვილიშვილი ჰყავდა გამოყვანილი, ავტომატი გამოუტანია და ცეცხლი გაუხსნა"

"ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა"

ახალქალაქში, სოფელ გოგაშენში 30 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლა. ადგილობრივთა თქმით, მკვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. ეჭვმიტანილს წლების წინ მოკლული ბავშვის დედა უყვარდა, ახალგაზრდა ქალი კი ცოლად სხვას გაჰყვა. ახალგაზრდა ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში, ბავშვთან ერთად, პირველად ჩამოვიდნენ...…

თამაზ ნათენაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის რწმუნებული:

- ეს გოგონა, გულნაზ ქართველიშვილი, რომელსაც შვილი და დედა მოუკლეს, გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. მეუღლეც ქართველია, ნათენაძე, მაგრამ იქაური მოქალაქეობა ჰქონდა და ოჯახი შექმნის შემდეგ იქ ცხოვრობდნენ. ახლადდაქორწინებულები არიან. მოკლული პატარა მათი პირველი შვილი იყო. დაქორწინების შემდეგ, ახლაღა ჩამოვიდნენ პირველად საქართველოში ბაშვთან ერთად. გულნაზის დედას, ქალბატონ მელანოს შვილიშვილი ეზოში გამოუყვანია სასეირნოდ, ხელში სჭერია თურმე და ამ დროს ესროლა თურმე ამ ბიჭმა...

- ახლოს ცხოვრობს ამ ოჯახთან?..

- დიახ, იქვე, 100-200 მეტრის მოშორებით ცხოვრობს ეს ბიჭი, აჭარელი ეკომიგრანტია. რომ დაუნახავს, ბებიას პატარა შვილიშვილი გარეთ ჰყავდა გამოყვანილი, ავტომატი გამოუტანია და ცეცხლი გაუხსნა, - ბებიას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, პატარა გოგონას თავში. ჯერ ბებია დაიღუპა, შემდეგ კი, რამდენიმე წუთში ბავშვიც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მივიყვანეთ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა...

- ითქვა, რომ ეჭვმიტანილსა და ბავშვის დედას ადრე ერთმანეთი უყვარდათ...

- არა, ამ გოგონას არ ჰყვარებიაო, ვისაც გაჰყვა, ის უყვარდაო, თქვეს, ამას უყვარდაო. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არ ჰგავს ნორმალური ადამიანის საქციელს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და გამოძიება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ თავად ფაქტია გამაოგნებელი.

- იცნობდით ეჭვმიტანილს?..

- ვიცნობდი, მაგრამ არ მსმენია არავისგან, რომ ფსიქიკური პროპლემები ჰქონდა. უბრალოდ, ამბობდნენ, თავის თავში ჩაკეტილი, ემოციური და თავისებური ადამიანი იყოო.

- დაკავებულია ეჭვმიტანილი?..

- არა, გაქცეულია და ეძებენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)