"ეჭვიანი იყო ქმარი და ვერ გაუძლო" - რას შეეწირა 22 წლის სალომეს სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"ეჭვიანი იყო ქმარი და ვერ გაუძლო" - რას შეეწირა 22 წლის სალომეს სიცოცხლე

"ყოფილი ქმარი თამამი ფოტოების გამო ემუქრებოდა"

"ყოფილი ქმარი ჩასაფრებული იყო და სახლიდან 200 მეტრში ელოდებოდა"

ზესტაფონში, ირინეს პარკში 22 წლის სალომე ჯორბენაძე მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე, შსს-ს თანამშრომელი სერგი საცერაძეა, რომელმაც გოგონას ტაბელური იარაღიდან ესროლა.

სალომეს ყოფილი ქმრისგან 3 წლის ბიჭი ჰყავდა. მომხდართან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება...

ჩვენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელს ვესაუბრეთ...

- სალომე ყოველთვის გამორჩეული იყო თავის თანატოლებისგან. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი იყო, მის იმერეთი გახლდათ, ძალიან ნიჭიერიც იყო, ხატავდა, წერდა, ფოტომოდელობითაც იყო გატაცებული. სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობდა. გრანტიც აიღო.

- თბილისში ცხოვრობდა, არა?.

- დიახ, აქ ცხოვრობდა, მუშაობდა თუ არა არა, არ ვიცი. შვილს, ულამაზეს სანდრიკას, ბებია, ანუ სალომეს დედა ზრდიდა, მაგრამ სალომე ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ზესტაფონში, შვილისა და ოჯახის სანახავად.

- მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგაზე მოხდა?

- დიახ, ასე ამბობენ. სალომე იმ ბიჭმა მოიტაცა, მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გაშორდნენ. ეჭვიანი იყო და ვერ გაუძლო. 4 თვის ფეხძიმე იყო, რომ გაცილდნენ. ბავშვი გააჩინა და მშობლების დახმარებით ზრდიდა. თავს ევლებოდნენ ყველანი სანდრიკას. ითქვა, რომ ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, სავარაუდოდ, თამამი ფოტოების გამო. ულამაზესი გოგონა იყო სალომე. ქმარს გაცილებული იყო და ჩადრით ვერ ივლიდა. თავისი ცხოვრება ჰქონდა და ცდილობდა კარიერა გაეკეთებინა. ისიც თქვეს, ამ ბიჭს უკვე ცოლი ჰყავს, მაგრამ სალომეს მაინც ვერ ელეოდაო. შერიგებას ცდილობდაო, ისიც ითქვა. სხვებმა, - შვილის გამო იქცეოდა ასე, არ უნდოდა მერე მისი შვილისთვის წამოეძახებინათ, - დედაშენი ასე და ასე ცხოვრობსო...

- როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ზესტაფონის პარკში? სალომეს ინიციატივა იყო?

- არ ვიცი, ასე თქვეს, რომ არ ეშვებოდა ის ყოფილი ქმარი. როგორც ჩანს, დაიბარა სალომე, ისიც მარტო არ მივიდა, შეყვარებულთან ერთად სეირნობდა თურმე პარკში. ეს ტრაგედია საღამოს მოხდა. ამ დროს, პარკში უამრავი ხალხია და ყოფილმა ქმარმა ყველას თვალწინ მოკლა, ტაბელური იარაღით, რომელიც თან ჰქონდა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციაში სალომეს ჯორბენაძის ნათესავი დაგვიკავშირდა და მომხდარის შესახებ დეტალურად გვიამბო:

- სალომე 19 წლის არის და წლინახევრის შვილი ჰყავს. შეყვარებულთან ერთად არ ყოფილა, თბილისიდან ზესტაფონში შვილის სანახავად იყო წასული, თითქმის სახლამდე იყო მისული. ეტყობა, ყოფილი ქმარი ჩასაფრებული იყო და იქვე ახლოს ელოდებოდა. სახლიდან თითქმის 200 მეტრში. ანუ იცოდა, რომ მოდიოდა. სალომე, მას საკუთარი ნებით არ ჩაუჯდებოდა, ეტყობა ძალით ჩასვა მანქანაში ან მუქარით.

- თვითმხილველი არ არსებობს?..

- არა, დედამ მოჰყვა, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, ხიდის თავში ვარ დედა, 15 წუთში სახლში ვიქნები და ბავშვი ვაბანოთო. ამის შემდეგ, 15-20 წუთი რომ გავიდა, გადავურეკე და არ პასუხობდაო... 5 ტყვია აქვს ნასროლი, ორი გულმკერდის არეში, ორი მუცელში და ერთიც ხელში, - ეტყობა, ამ საცოდავმა პირველ ტყვიაზე ხელი აიფარა ინტსტიქტურად. ერთი სიტყვით, ადგილზე მოკლა და პატრულს ჩაბარდა. ნასვამი ყოფილა. ადრეც ემუქრებოდა სალომეს რამდენიმე თვის წინ, სალომეს ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის გამოც გაფრთხილებული იყო შესაბამის სამსახურებისგან.

- რატომ, შერიგებას სთხოვდა?..

- არა, უბრალოდ, ტიპია ასეთი აგრესიული. ითთქვა, ის ბიჭი დამუქრებია, - თუ მე უბედური ვიქნები, არც შენ გაცოცხლებო...… კიდევ, ითქვა, რომ ამ ბიჭს ცოლი ჰყავს, მაგრამ ასე არ არის, ვინ გაჰყვებოდა მას, თამაშობდა და ასეა დღემდე. ამიტომ გაშორდნენ.

მარიამ მაისურაძე (სპეციალურად საიტისთვის)