"სავარაუდოდ, მკვლელი ეროსის უკან იჯდა" - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მკვლელი ეროსის უკან იჯდა"

მალე ერთი თვე გავა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან, თუმცა, დღემდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - რა მოხდა 15 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა თუ მოკლეს?

პროკურატურა საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა ამ დღეებში პროკურატურამ მომხდარს თვითმკვლელობის კვალიფიკაციაც მიანიჭოს. ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, კიდევ ბევრი რამ გასარკვევია და გამოძიების დასრულებამდე დიდი დროა.

ოჯახის წევრების პოზიცია მკაფიოა - თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ. "ველით, რომ დანაშაული გაიხსნება. ბევრი საშუალება აქვს გამოძიებას, რომ ეს საქმე გამოიძიოს. ჯერ არც დნმ-ის ანალიზის პასუხი ვიცით, არც სამედიცინო ექსპერტიზას გავცნობივართ და არც სხვა ექსპერტიზის დასკვნებს. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, დენთის კვალი აღმოჩნდეს იარაღზე და ისიც დადასტურდეს, რომ ის იარაღი გარდაცვლილს ეკავა ხელში, მაგრამ ეს მაინც არ ხატავს სრულ სურათს.

არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა ადამიანს თავად უკავია იარაღი, მაგრამ ეს მაინც დაგეგმილი მკვლელობაა",

- ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.

8 აგვისტოს ოჯახის თხოვნით ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას, ავტოფარეხში, დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები: ზაზა ალთუნაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი და მათთან ერთად შს სამინისტროს კრიმინალისტები.

ზურაბ კიწმარიშვილი:

- შემთხვევის ადგილას და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი სპეციალური მოწყობილობებით მუშაობდა, ულტრაიისფერი სხივებით შეამოწმეს ყველაფერი. ამის წყალობით შესაძლოა საქმეში ახალი დეტალები, მიკრონაწილაკები თუ სხვა სახის მტკიცებულებები გამოიკვეთოს. უნდა დაგვედგინა, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი. გამოძიებასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ და რაც საყურადღებოდ მიგვაჩნია, იმ ინფორმაციას ვაწვდით პროკურატურას. რომ იტყვიან, ზღვა მასალა აქვთ სიმართლის დასადგენად. ჩვენ არ ვაჩქარებთ პროკურატურას, მთავარია, სიმართლის დადგენა.

- საკმაო დრო გავიდა თქვენი ძმის გარდაცვალებიდან, დღეს თუ გაქვთ რაიმე ვერსია?

- თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ, ვერსიებზე კი მიჭირს საუბარი. ფაქტების გარეშე ვერავის დავდებ ბრალს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი მიზეზით შეიძლებოდა მოეკლათ ეროსი. ჩვენ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, კილერი მძღოლის უკან, სავარძელზე იჯდა. ეს ვერსია თქვენთვის მისაღებია?

- ცნობილია, რომ იარაღის ვაზნებიანი ყუთი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. გამოყენებულია CZ სისტემის იარაღი, ეს ავტომატური იარაღია. ერთი გასროლის შემდეგ შემდგომი ვაზნის მომზადება ხდება ავტომატურად. როგორც ვიცი, ასეთ მდგომარეობაში ამოიღეს იარაღი, ანუ მეორე ტყვია "მზად იყო". სავარაუდოდ, მკვლელი ეროსის უკან მჯდარიყო, მაგრამ არის ნიუანსები, რაზეც მუშაობაა საჭირო. სისხლის კვალი, მიკრონაწილაკების ექსპერტიზა და სხვა დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ მანქანა ექსპერტებთან ერთად და კიდევ ერთი ექსპერტიზა დაინიშნოს.

- ამბობდნენ, რომ თქვენს ძმას შესაძლოა ფული ჰქონდა მანქანაში, ეს ფაქტი დადასტურდა?

- ეს ვერსია გავრცელდა, მაგრამ არ ვიცი, ინფორმაციის პირველწყარო ვინ არის. გამოძიებამ მითხრა, რომ ეს ვერსია გამოირიცხა, არაფერი ადასტურებს იმას, რომ მანქანაში ფული იყო, მაგრამ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, რამე შეიცვალოს, რადგან დოკუმენტაცია ამოღებულია. მანქანაში იყო ბანკის ქვითრები, რომლებიც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეროსის გამოტანილი ჰქონდა თანხა.

მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი:

- გვაინტერესებდა, იყო თუ არა მანქანის გარეთ, იატაკზე, მანქანის კართან ან სხვა ადგილას სისხლის კვალი, ამიტომ ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა. ეს მნიშვნელოვანია. გამოძიებასთან კოორდინირებულად ვმუშაობთ.

ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია სამედიცინო და დნმ-ის დასკვნები, გამოძიება ამბობს, რომ ჯერ დასკვნა არ არის. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ - შეიძლება ვიღაც არის ჩასაფრებული ამ საქმეზე, ამიტომ ინფორმაციის გასაჯაროებით ხელს ვერ შევუშლით გამოძიებას.

თეა ხურცილავა