”კანდელაკს მუშტი მართლაც შემოვცხე” - კვირის პალიტრა

”კანდელაკს მუშტი მართლაც შემოვცხე”

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კანდელაკს, 8 აგვისტოს წურწუმიას ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კანდელაკი:

”ალექსი მელაძე ავტომობილით გზაზე გადამიდგა, მერე მანქანიდან გადმოვიდა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ვიცი, რომ ახლა ზღაპრებს შეთითხნიან, თითქოს ვაგინებდი და ა.შ. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არიან მოწმეები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს. აშკარაა, რომ ეს იყო ხელისუფლებისა და ივანიშვილის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. პირი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, ”ქართული ოცნების”აქტივისტი ალექსი მელაძე. არ გამიკვირდება, თუ ამისთვის არათუ არ დააკავებენ, მადლობასაც გადაუხდიან.”

ალექსი მელაძე:

- უმიზეზოდ არაფერი მომხდარა. თავად შემეჯახა უკნიდან მანქანით. მართალია, მანქანა დიდად არ დაზიანებულა, მაგრამ მას უკან მოსდევდა სხვა მანქანა, რომელიც ძლივს გადაურჩა ავარიას.

- გიორგი გაგინებდათ?

- იმ მესამე მანქანის მძღოლმა რომ ჩამიარა, შემაგინა. ძალიან გავბრაზდი და ჯავრი იმ მძღოლზე ვიყარე, რომელიც მე დამეჯახა, ანუ გიორგიზე. ვაგინებდი და ისიც მპასუხობდა. მერე პატრულიც მოვიდა.

- ფიზიკურად მართლა გაუსწორდით?

- არ ვიცი, ხელით რამდენად მძიმე დაზიანება შეიძლება მიაყენო ადამიანს, მაგრამ არ უარვყოფ, რომ მუშტი შემოვცხე.

- იცოდით, რომ პარლამენტარს, გიორგი კანდელაკს ეჩხუბებოდით?

- წარმოდგენაც არ მქონდა. ჩხუბის დროს მითხრა, გიორგი ვარ, კანდელაკიო, მაგრამ მე ერთ გიორგი კანდელაკს ვიცნობ - მოკრივეს, სხვას - არა.

- პოლიციამ დაგკითხათ?

- მაშინვე გადაგვიყვანეს განყოფილებაში და ჩვენება ჩამოგვართვეს. საქმე 125-ე მუხლით აღძრეს, რაც პირის ცემას გულისხმობს.

მარი ჯაფარიძე