”ვაღიარებ, რომ შვილიშვილებს მამა მოვუკალი” - კვირის პალიტრა

”ვაღიარებ, რომ შვილიშვილებს მამა მოვუკალი”

გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა მკვლელობით. თბილისში, დედაენის პარკში მდებარე კაფეში, 69 წლის მარიო ჭანტურიამ ყოფილ სიძეს, ქალიშვილის მეუღლეს, მერაბ მაჭავარიანს 7 ტყვია დაახალა. დანაშაული ხალხმრავალ ადგილას მოხდა. დამნაშავეს დამალვა არ უცდია. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

5 წლის წინ გოდერძი გასიტაშვილმა სახელი და გვარი შეიცვალა და როგორც თავად ამბობს, დედის გვარზე მარიო ჭანტურიას სახელით დარეგისტრირდა. მარიო თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე შვილიშვილებსა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მისი ქალიშვილი თამარი მეუღლეს ოფიციალურად გაცილებულია, მერაბ მაჭავარიანთან 4 შვილი ჰყავს - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, მერაბ მაჭავარიანის სახელზე იყო რეგისტრირებული. მკვლელობის დღეს, მარიო ჭანტურიამ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სპეცმაღაზიაში შეიძინა CZ-ს სისტემის იარაღი, ორი მჭიდითა და ვაზნებით. იმავე დღეს ყოფილ სიძეს დაუკავშირდა, რათა ორივე მშრალ ხიდზე, სახლის გაყიდვის დეტალების გასარკვევად მაკლერის სანახავად წასულიყვნენ. როგორც ბრალდებული ამბობს, მათი ბინით არაბი ინვესტორი დაინტერესებულა, მაგრამ მერაბ მაჭავარიანის გარეშე ბინას ვერ გაყიდდნენ.

ჭანტურია და მაჭავარიანი დაახლოებით 17 საათზე მივიდნენ მშრალ ხიდთან, მაგრამ მაკლერი არ დახვდათ. მის დაბრუნებამდე სიძემ სიმამრი დედაენის ბაღში ღია კაფეში, ნაყინზე დაპატიჟა. მალე მათ შორის კამათი ატყდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გრიგოლ ბიბილაშვილი, პროკურორი:

”როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთი მჭიდი მთლიანად დააცალა და ბოლოს საკონტროლო ტყვიაც დაახალა. მერე მეორე მჭიდი გაუკეთა იარაღს და იქაურობას გაეცალა. ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი მტკვარში გადააგდო. შემთხვევის ადგილიდან 8 გასროლილი მასრა, გვამის გაკვეთისას კი 7 ტყვიის გულა ამოიღეს. 1989 წელს გოდერძი გასიტაშვილმა ქალიშვილის სასიძო, გვარად ღვალაძე მოკლა - სახლთან დაახალა ტყვია. მაშინაც ვმუშაობდი პროკურატურაში, მაშინ გასიტაშვილს სასჯელის მაქსიმუმი, 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 1990 წელს ამნისტიით გათავისუფლდა”, - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

მარიო ჭანტურიას ადვოკატი არ ჰყავს, პროცესს არც მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ. ბრალდებულის ჩვენებიდან:

”დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 112-ს დავურეკე. 15 წუთში რომ არ მოვიდნენ, კიდევ დავურეკე, წამიყვანეთ-მეთქი, სანაპიროზე \ველოდი მათ მოსვლას. პატრულის მანქანა რომ გამოჩნდა, ხელი დავუქნიე, სისხლში ვიყავი მოსვრილი, მანქანამ ჩაიარა, მერე უკან დაბრუნდნენ. ვუთხარი, რაც მოხდა. ამის მერე სხვა ეკიპაჟი მოვიდა და წამიყვანეს. არც საკონტროლო ტყვია დამიხლია. თავის დროზე ეს ბინა მე ვუყიდე ქალიშვილს და მერაბ მაჭავარიანის სახელზე გავაფორმე. ბინის გაყიდვის ამბავი რომ გაიგო, დაიწყო გინება, 400.000 დოლარს თუ არ მომცემენ, არ გავყიდიო... წავკამათდით. დამარტყა და პროთეზი ჩამიმტვრია. მერე ვესროლე. ჩემი შეცდომა ის არის, რომ იარაღით მივედი. ვაღიარებ, რომ შვილიშვილებს მამა მოვუკალი, მაგრამ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. 4 შვილიშვილია ჩემს კისერზე, უფროსი ავარიაში მოყვა, დიდხანს იყო კომაში, უჩემოდ ერთი საათითაც ვერ ძლებს. რა აუცილებელია ჩემი იზოლაცია? ჯობია საგიჟეთში წამიყვანოთ. 18 თვის პენსიაც აღებული მაქვს, გირაოს თანხასაც ვერ გადავიხდი”.

ბრალდებულს ძველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ის სასამართლოზე, იმ ძველ საქმესაც შეეხო: ”თურმე, მიდრეკილი ვყოფილვარ, რომ ხალხი ვხოცო. 16 წლის იყო ჩემი ქალიშვილი, რომ გაიტაცეს და გააუპატიურეს. უკრაინაში ვიყავი და მაშინვე ჩამოვფრინდი. ჩემი რეგისტრირებული იარაღი მქონდა და იმ იარაღით მივედი იმ ბიჭის ოჯახში. მის მშობლებს ვუთხარი, აი, იარაღი, შემიძლია დღესვე მოვკლა თქვენი შვილი, არ ვაპირებ ამას, წავიყვან ჩემს ქალიშვილს, ხვალ 2 საათზე მოდით, მოიყვანეთ თქვენი შვილი და დავილაპარაკოთ-მეთქი. მეორე დღეს მარტო ის ბიჭი მოვიდა თავის 2 მეგობარ გოგოსთან ერთად ყვავილებით ხელში. მშობლები არ ახლდა. აგდებულად მითხრა, ამაზე უარესი არ გინახავსო და გაგიჟებულმა მოვკალი. ახლაც რომ გაცოცხლდეს, იმავეს გავიმეორებდი. არ ვარ მე მკვლელი, მერაბმა მცემა და ამიტომ მოვკალი”. როგორც ირკვევა, მაჭავარიანს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ადრეც ჰქონია. თურმე ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ საქმეში ძალოვანებიც ჩაერთვნენ და მაშინ მას 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდა. როგორც ირკვევა, ეს ამბავი გაახსენა სიმამრს მაჭავარიანმა კაფეში და ამ მიზეზით დაიწყო მათ შორის ჩხუბი.

ზემო ბეთლემის ტაძრის მორჩილი რევაზი:

”მერაბი წლებია ამ ტაძრის მრევლია. განრისხებული არასოდეს მინახავს, არ იყო ფიცხი ადამიანი. ვიცოდი, რომ სახლი ცოლ-შვილს დაუტოვა და თვითონ დედასთან ცხოვრობდა. როგორ შეიძინა იარაღი ადრე ნასამართლევმა კაცმა? ამას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ასეთი ადამიანების ხელში არ მოხვდეს იარაღი”. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა