”იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ჰყავდა ერთი ”დამნაშავე” მეგობარი...” - კვირის პალიტრა

”იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ჰყავდა ერთი ”დამნაშავე” მეგობარი...”

ერთ-ერთ რაიონში შესაძლებლობებშეზღუდულ, ხანდაზმულ, მარტოხელა ქალს მოზარდებმა ქათამი მოჰპარეს. ბავშვები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ და მუდმივად შიმშილს ებრძოდნენ... დაზარალებულმა პოლიციაში იჩივლა. ეს არასრულწლოვანთა პირველი და თანაც ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო. ამიტომაც პროკურორმა გადაწყვიტა, თუ მოზარდები დანაშაულს მოინანიებდნენ, დაზარალებულს ბოდიშს მოუხდიდნენ და ერთხანს მისთვის სასარგებლო საქმიანობას გასწევდნენ, სასჯელის მოხდა არ დაჰკისრებოდათ.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა, რომელიც არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამას წარმართავს, დამნაშავეებს აუხსნა მატერიალურზე მეტად, როგორი მორალური ზიანი მიაყენეს ქალს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების გამო ისედაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ბავშვებმა სინანული გამოთქვეს...

როდესაც მედიატორმა დაზარალებულს ბავშვების სინანულით სავსე წერილები წაუკითხა, ქალს გული მოულბა და ქურდობა აპატია. დამნაშავეებს დაევალათ ერთი წლის განმავლობაში დაზარალებულისთვის მიეტანათ და დაეპოთ შეშა და დახმარებოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთი წლის შემდეგ, როდესაც არასრულწლოვნებს ვალდებულების ვადა ამოეწურათ, აღმოჩნდა, რომ მოხუცზე ზრუნვა ჩვეულებად ექცათ და მას დღემდე პატრონობენ.

ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტის ქსელში არასრულწლოვანმა პროდუქტი მოიპარა. რადგან ეს მისი პირველი დანაშაული იყო, პროკურატურამ უარი თქვა სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ბავშვმა აღიარა, რომ ძალიან შიოდა და მისი ქურდობით არაფერი დააკლდებოდა მარკეტის მეპატრონეს. დამნაშავეს აუხსნეს, რომ მოპარული პროდუქტის საფასური კონსულტანტს გადაახდევინეს. მას შერცხვა უდანაშაულო ადამიანის დასჯის გამო. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორის ძალისხმევით კი დაევალა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასამრჯელოს გარეშე იმავე სუპერმარკეტში მუშაობა...

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ამ მოზარდებზე დაკვირვება განრიდების პროგრამის ფარგლებში და მისი დასრულების შემდეგ. ბავშვები შეგნებულ ცხოვრებას იწყებენ, მოტივირებული არიან თვითგანვითარებაზე, მომავლის გეგმებს აწყობენ...

ბიჭუნას, რომელსაც მამა დაეღუპა, დედასა და მამინაცვალთან ცხოვრება გაუჭირდა და შინიდანაც გაქცეული არაჯანსაღ წრეში მოხვდა, დანაშაული ჩაიდინა.

ბიჭი ოცნებობდა, რომ მესაქონლეობა შეესწავლა და მომავალში საკუთარი ბიზნესი აეწყო. სურდა თურქულის სწავლა და სტამბოლში პროფესიის დაუფლება. მოზარდს სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეუცვალეს და თურქული ენის უფასოდ შესწავლაშიც დაეხმარნენ. მან უკვე შეძლო ოცნების ნაწილობრივ ასრულება - სტამბოლში სასურველ სპეციალობას ეუფლება...

ეს სამი ამბავი უმნიშვნელოა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის შედეგად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას გადარჩენილი 652 მოზარდის საქმიდან. მხოლოდ ორმა არასრულწლოვანმა თქვა უარი დანაშაულის მონანიებასა და განრიდების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაზე. მათგან ერთს კრიმინალური წარსულის მქონე მშობელი აქეზებდა, რომ ბოდიშის ნაცვლად, დანაშაული ეღიარებინა და სასჯელი მოეხადა(!).

ზოგადი კვლევები აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩადენის ალბათობა იზრდება ყოფილი პატიმრების და ალკოჰოლიკების ოჯახებში მცხოვრებ მოზარდებში, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან გარიცხულ არარსულწლოვნებში, რომელთაც არა აქვთ დროის ალტერნატიულად გატარების საშუალება, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა.

ჯონი კვინიკაძე:

- განრიდება დღეს მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ვრცელდება, უახლოეს მომავალში მძიმე დანაშაულებსაც შეეხება, თუ დანაშაული პირველია და მოზარდი განიცდის მის ჩადენას... განვაახლებთ უფროსი მეგობრის პროექტსაც, - წარმატებულ მოქალაქეებს შევთავაზებთ, იზრუნონ ასეთ ბავშვებზე. უფროსმა მეგობარმა მოზარდს კვირაში ერთხელ ერთი საათი მაინც უნდა დაუთმოს გართობისა და შემეცნებისთვის... იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ჰყავდა ერთი ასეთი მეგობარი... მნიშვნელოვანია, რომ მეურვე მხოლოდ ერთი წლით კი არა, მას შემდეგაც ინტერესდება მეგობრის ბედით და ყველაფერს აკეთებს მის გადასარჩენად.

ეკა ლომიძე