"არც წამლები დაულევია და არც სასმელი" - რა გახდა 23 წლის დიტო ყიფიანის თვითმკვლელობის მიზეზი - კვირის პალიტრა

"არც წამლები დაულევია და არც სასმელი" - რა გახდა 23 წლის დიტო ყიფიანის თვითმკვლელობის მიზეზი

"ძალიან თავშეკავებული, თავდაჭერილი ბიჭი იყო. არასდროს არ ლაპარაობდა საკუთარ თავზე, ემოციებზე, ან გეგმებზე"

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში უბედური შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა, დიტო ყიფიანი გარდაიცვალა.

ახლობელთა მონათხრობით დიტო ყიფიანი მეგობრებთან ერთად აივანზე ქეიფობდა, როდესაც უეცრად წამოხტა და მეხუთე სართულიდან გადახტა. ახალგაზდა ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, არარერთი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო, სხვების თქმით, ალკოჰოლის... გავრცელებულ ვერსიებს კატეგორიულად უარყოფს დიტოს ბავშვობის მეგობარი.

- ზუსტად ვიცი, რომ არავითარი მედიკამენტები არ მიუღია დიტოს და ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი არ დაულევია. არ ვიცი, როგორ შეუძლია ამ ხალხს ასე ხელაღებით გაავრცელოს ასეთი ტყუილები. უბრალოდ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან უხასიათოდ იყო და ერთადერთი, ამას შეიძლება დავუკავშიროთ მისი ქმედება.

- რატომ იყო უხასიაოთ, რამე პრობლემა ჰქონდა?

- არა, არავითარი, სექტემბერში სასწავლებლად მიდიოდა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში. თვითმფრინავის ბილეთიც კი დაჯავშნული ჰქონდა. გამოცდებიც ჩაბარებული ჰქონდა და პირველი კურსის სწავლის საფასურიც გადახდილი... ამბობდნენ, ძალიან განიცდის, ამდენი ხნით რომ მიდის, ამიტომაც ძალიან ცუდ განწყობაზეაო. თუმცა, არ ვიცი, ამის გამო გააკეთა თუ არა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ ბოლო დროს არც კი სვამდა. საერთოდ, ძალიან თავშეკავებული, თავდაჭერილი ბიჭი იყო. არასდროს არ ლაპარაობდა საკუთარ თავზე, ემოციებზე, ან გეგმებზე.

- თავის თავში ჩაკეტილი იყო?

- არა, პირიქით ძალიან მხიარული, მაგრამ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ შეეძლო. თუმცა, როდესაც ნიცაში გამოცდები ჩაუბარებია, დამირეკა და მახარა, სექტემბერში მივდივარო. სიტყვაძვირი იყო, მაგრამ დეპრესიული ნამდვილად არ ყოფილა...

- შეყვარებული ხომ არ იყო?

- არა, მეც დამაინტერესა, იქნებ იყო და მე არ ვიცოდი, მაგრამ არავის გაუგია ამის შესახებ. არც მშობლებთან ჰქონია რაიმე პრობლემა, საოცრად კარგი დედ-მამა ჰყავს. არც ისეთი ტიპი იყო, ვინმესი შეშინებოდა, გაოგნებულები ვართ. არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო და რატომ გააკეთა... მეგობრებიდან ყველამ იცის, რომ დიტოს არასდროს უთამაშნია და არც არანაირი ვალი არ დაუტოვებია. ესეც გამორიცხულია.

- მაშ რა მოხდა იმ დღეს?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვიცი, რომ მეგობრებთან ერთად იყო ოქროყანაში, აგარაკზე. დაც თან ახლდა. უცებ წამოხტა და მე5-ე სართულიდან გადახტა.

- ერთი და ჰყავს მხოლოდ?

- არა, ორი და ჰყავს. შოკში არიან, განსაკუთრებით ის, ვისთანაც ერთად იყო. მორწმუნე ოჯახი ჰყავს, მშობლებიც და დებიც ეკლესიურები არიან. დედამისს ისეთი სახე ჰქონდა, სიტყვები ყელში გამეჩხირა, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. დიტო ჩემთვის და საერთოდ, სამეგობროსთვის თავშეკავებულობის ეტალონი იყო... იცით როგორი ადამიანი იყო? ყველაფერი გამოსდიოდა ცხოვრებაში, ცოტას ხუმრობდა, მაგრამ მისი იუმორი დასამახსოვრებელი იყო. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ საინტერესოდ. ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად გავიზარდეთ და ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული ადამიანი იყო. რაღაც პერიოდი ერთად ვცეკვავდით, შემდეგ მხოლოდ სწავლაზე გადაერთო. საერთოდ, ყოველთვის კარგად სწავლობდა. 51- სკოლა დავამთავრეთ და ყველამ იცის, როგორ ნიჭიერი და განსხვავევებული იყო დიტო, ყოველთვის კარგად სწავლობდა. ბოლოს ტელეფონით ვისაუბრეთ, ნიცაში ჩავაბარე უნივერსიტეტშიო და წასვლაზე მელაპარაკა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაკეთებინა ეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)